უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს დაიწყება

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვირას, 12 ივლისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა პრობლემები ელექტრობილეთებთან დაკავშირებით. მაშინ ფედერაციამ თავისთავზე აიღო ყველა გადაწყვეტილება - ბილეთების დამზადება, მათი რეალიზება და სხვა. ჩვენ გულშემატკივრებს დავპირდით, რომ აუცილებლად რამდენიმე დღით ადრე შეგატყობინებდით დროს და ადგილს, თუ სად იქნება ბილეთები გაყიდული. დღეს თამამად მინდა გითხრათ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შსს-სთან, მერიასთან ერთად გავიარეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა უეფა-ს.
დღეს შეგვიძლია გითხრათ, რომ 12 ივლისს, კვირას, 09:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება ბილეთები", - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, კვირა დღე დასვენებაა და სურთ, რომ ყველა ადამიანი თანაბარ პირობებში იყოს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ გულშემატკივარს არა სტადიონის სალაროებთან, არამედ... ვაკის პარკში მოუწევს შეკრება. აქედან ისინი სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკით მივლენ, 50-კაციან ჯგუფებად.

შეკრების ადგილზე რიგითობასა და უსაფრთხოებას პოლიცია და პატრული დაიცავენ. შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ადგილზე უფასო იქნება წყალი. დამონტაჟდება ბიოტუალეტები. სტადიონზე დაიწყო დროებითი სალაროების მონტაჟი, მალე დასრულდება ბილეთების დაბეჭდვა.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ბილეთები, ონლაინ-რეჟიმის ნაცვლად, სალაროში გაიყიდება. თბილისში 22 000-მდე ბილეთის რეალიზაცია იგეგმება. უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. ბილეთების ფასებია 18, 35 და 75 ლარი.
ასევე დაგაინტერესებთ