საფეხბურთო მენეჯმენტი - ახალი საგანი ქართული ფეხბურთის მომავლისთვის!..

AutoSharing Option
ოქტომბრიდან, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ახალი საგნის სწავლება იგეგმება - სტუდენტებს ფეხბურთის მენეჯმენტის კურსის გავლა შეეძლებათ. ეს ამ სასწავლებლის პროფესორის, საჩხერის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძის ინიციატივა გახლავთ.

სწავლის მსურველებად ის სტუდენტები მოიაზრებიან, რომელთაც დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს, მაგრამ ამ სახეობაში საქმიანობის სურვილი აქვთ. სასწავლებელში ფეხბურთის მენეჯმენტის კურსის პრეზენტაცია თავად შუკაკიძემ გამართა. სტუდენტებს სიტყვით მიმართა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემაც.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. ახალი სასწავლო კურსის მხარდამჭერი ილიას უნივერსიტეტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და "ფონდი - არველაძე" არიან.

"ფეხბურთის ფედერაცია მსგავს
ინიციატივებს ყოველთვის მხარს დაუჭერს, რადგან ფეხბურთში რაც უფრო მეტი განსწავლული და ჭკვიანი მენეჯერი გვეყოლება, კლუბებისა და ორგანიზაციების მუშაობისა და მართვის პრინციპები რომ იციან, ეს ქართული ფეხბურთის განვითარებას ძალიან წაადგება" - ამბობს არველაძე.

"ლელო" ბერიკა შუკაკიძეს ელაპარაკა, რომელსაც, გარდა იმისა, რომ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. არის ნებრასკის უნივერსიტეტის განათლების მართვის მაგისტრი, იყო გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პროექტის კოორდინატორი, ამჟამად კი ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის განათლების მართვის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი და ლექტორია.

- საფეხბურთო მენეჯმენტის კურსის სწავლის იდეა როდის დაიბადა?
- დეკემბერში, საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთისა და სომხეთის რამდენიმე კლუბისა და ფედერაციების წარმომადგენლებისთვის უეფამ მენეჯმენტის სერტიფიცირებული პროგრამა ჩაატარა. მარტში უეფას წარმომადგენლები თბილისში გვესტუმრნენ და ვინც ცხრათვიანი კურსი წარმატებით დავასრულეთ, სერტიფიკატები გადმოგვცეს.

გამოცდილების გასაზიარებლად, პირადად მე, 5 დღე "ვიტესში" ვიყავი და სტრატეგიის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობების, სპორტული ღონისძიებების ორგანიზების საკითხებით დავინტერესდი. მიმაჩნია, რომ ამ სწავლებამ მეც და თითოეულ მსმენელსაც ბევრი რამ შეგვძინა.

იდეა სწორედ მაშინ გამიჩნდა, რომ "ილიაუნში" სასწავლო კურსი შემოგვეღო, რადგან საქართველოში მსგავსი სწავლებისადმი ინტერესი ძალიან დიდია.

"ილიაუნის" რექტორ გიგა ზედანიას იდეა ძალიან მოეწონა, ფეხბურთის ფეფერაციასთანაც შევთანხმდით. მიმაჩნია, რომ ამით ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება.

- სწავლება რა ფორმატში წარიმართება?
- ეს იქნება აკადემიური კურსი, თუმცა თავიდან - მხოლოდ ერთ საგანში. შემდეგ იგეგმება რამდენიმე საფეხბურთო 5-საგნიანი მოდული და სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელება. ამ ყველაფერს კი კვლევისა და პრაქტიკის კომპონენტები დაემატება. სწავლებას "არველაძეების ფონდი" და უეფა დააფინანსებენ.

- კონკრეტულად რას დააფინანსებენ?
- ლიტერატურის თარგმნას. საფეხბურთო მენეჯმენტზე ათასგვარი წიგნი არსებობს, მაგრამ ქართულად ძალიან მცირე ნაწილია თარგმნილი. დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ეს დეფიციტია. ამიტომ მსურდა, რომ უეფას მისი ეგიდით გამოსული წიგნების თარგმნის ნება დაერთო. ამაში უეფას ქართველი თანამშრომელი დავით პეტრიაშვილი და ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დაგვეხმარნენ. უეფას სასწავლო დეპარტამენტის უფროს თომას ჯუნდთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ თარგმნას ეს ორგანიზაცია დააფინანსებდა.

- თქვენ ადრე თქვით, რომ კურსის მსმენელებმა ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე უნდა იმუშაონ...
- დიახ, ეს ერთ-ერთი ამოცანაა. ჯერ უნდა დავაფუძნოთ სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების გამოცდილებას შეისწავლის და ჩვენთვის ოპტიმალურ ვარიანტზე ვიმუშავებთ. ჩვენ ხომ არასოდეს გამოგვიკვლევია, პროგრამის განხორციელების შედეგად რა დანახარჯები და მოგება იქნება და რა შედეგების იმედი უნდა გვქონდეს. ევროპელები კი თითოეული პროგრამის შესაძლო შედეგებზე კვლევებს ატარებენ და დროა, პრაქტიკული და პრაგმატული მუშაობა ჩვენც ვისწავლოთ.

- სწავლის მსურველთა რაოდენობა დიდია?
- საკმაოდ, რადგან საინტერესო და პერსპექტიული სფეროა, ფეხბურთი კი ბევრს უყვარს და მასში საქმიანობის სურვილიც აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძააან კაია გენაცვალეთ
muxbera
00:27 15-07-2015
0

სიახლეები პოპულარული