ინტერნეტსალარო დაიხურა! საკითხავია, ვინ გაუწია Biletebi.ge-ს რეკომენდაცია უეფაში?

AutoSharing Option
უეფას მარკეტინგის სამსახურში ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ სუპერთასის მატჩის ბილეთების დროულად გაყიდვას ამხელა პრობლემა შეექმნებოდა.

ამ სათავგადასავლო ამბის გმირია კომპანია Biletebi.ge, რომელიც უეფამ პარტნიორად შეარჩია და ფასები რომ არ გაეზარდა, 45 ათასი ევრო დაურიცხა.

გაყიდვის პირველ დღეს პროცესი ვებგვერდის ტექნიკური მოუმზადებლობის გამო ჩაიშალა. გადაწყდა, რომ 30 ივნისის დილის 9 საათიდან ქართული მხარისთვის 24 ათასი ბილეთი გაიყიდებოდა, ხოლო 1-ელ ივლისს - უცხოელებისთვის განკუთვნილი 6 ათასი.

დილის 11 საათისთვის გავრცელდა Biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის, გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადება, რომ 300-მდე ბილეთია გაყიდული და პროცესი შეუფერხებლად
მიმდინარეობდა, მაგრამ, პარალელურად, ვრცელდებოდა ხმები, რომ რიგითობა ირღვეოდა და წინ მყოფთა ნაწილი, რაღაც მანქანებით, ბოლოში აღმოჩნდა.

12 საათზე ვებგვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ვირტუალურ რიგში დაახლოებით 160 ათასი ადამიანი იდგა და 847 ბილეთი გაიყიდა. დაადასტურეს, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა - პრობლემა ფიქსირდებოდა მათსა და იმ ინტერნეტკომპანიას შორის, რომელსაც საიტზე მომხმარებელთა რიგის მოწესრიგება ევალებოდა. Biletebi.ge-ს ადმინისტრაციამ ივარაუდა, რომ ონლაინ-გაყიდვები 21:30 საათზე დასრულდებოდა.

მათი იმედები არ გამართლდა - გაყიდვები ნახსენებ დროს მართლაც შეწყდა, მაგრამ ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2063 ბილეთი გაიყიდა, ვებგვერდის მესვეურებმა კი ბოდიში მოიხადეს:

"დღის განმავლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, კერძოდ, რიგის მართვის არასწორი მუშაობის მიზეზით, ინტერნეტგაყიდვების შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. ველოდებით უეფას პასუხს. გიხდით ბოდიშს".

სფფ-ში მიხვდნენ, რომ სიტუაცია გამოუვალი იყო და დღის ბოლოს ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა იძულებული გახდა, ბილეთების მამაპაპური წესით, სალაროებში გაყიდვა გამოეცხადებინა.

"ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ბოლო წლებში უეფას ამ დონის მატჩის ბილეთები სალაროებში არ გაუყიდია და ამას მხოლოდ ონლაინრეალიზაციით აკეთებდა - ჩვენ კი ისტორიაში შევედით. უეფა თითს მაინც დაგვიქნევს და, შესაძლოა, ამ პრობლემებმა ცუდი შედეგი გამოიღოს.

ვინც ბილეთები ინტერნეტით უკვე შეიძინა, ის არ დაეკარგება.

საქართველოს დიდი საფეხბურთო ღონისძიებების მასპინძლობის შანსი სამომავლოდაც ექნება, მაგრამ ქვეყანაც უნდა იყოს მზად, მძღოლით დაწყებული - ფედერაციით დამთავრებული", - განაცხადა სიჭინავამ.

სფფ-ის პრეზიდენტი აპირებს, თავად გაარკვიოს სუპერთასისთვის შერჩეული სატრანსპორტო კომპანიის მზაობა, ვინ მოემსახურება VIP-ს და რომელ კომპანიას მიენიჭება სტადიონზე სასმელების, გაზიანი წყლებისა და ლუდის გაყიდვის უფლება:

"ამაში ჩარევის უფლება არ გვქონდა, მაგრამ, რადგან პრეცედენტი უკვე არსებობს, ვალდებულნიც ვართ, ასე მოვიქცეთ".

საკამათო არ არის - ბოლო დღეების ამბები საქართველოსთვის დიდი დარტყმაა. თავიდან ვებგვერდის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ მას უეფაში რეკომენდაცია თბილისის "დინამომ" გაუწია. თუმცა თბილისური კლუბის კატეგორიული პროტესტის შემდეგ ეს ვერსია "მოკვდა".

სიჭინავას განცხადებით, სუპერთასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე, მათ შორის, Biletebi.ge-ს თემაზე, გადაწყვეტილება საქართველოში უეფას დელეგატმა მიიღო. მაგრამ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი Biletebi.ge-ს არსებობას სიზმარშიც ვერ ნახავდა, ინფორმაცია ვიღაცისგან რომ არ მიეღო. ვინ არის ეს "ვიღაც"?

დანარჩენს შერლოკ ჰოლმსი გაარკვევს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამონარიდი UEFA-ს ვებ გვერდიდან : Ticket sales for the UEFA Super Cup 2015 – to be played at the Boris Paichadze Dinamo Arena in Tbilisi on 11 August – will run exclusively via www.biletebi.ge, working on behalf of the Georgian Football Federation (SFF). ვინ იტყუება GFF თუ UEFA?
Dato
13:23 01-07-2015
0
რა შუაშია არველაძე? გეყოთ ამდენი ტყუილი, ბოღმა და შური!!!
David
12:24 01-07-2015
0

სიახლეები პოპულარული