დილა-შირაქი 2:0 - წითელი ბარათებიც, პენალტებიც...

AutoSharing Option
გორის "დილა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. უჩა სოსიაშვილის შეგირდები გუშინ საკუთარ მოედანზე ამხანაგურად გაეჯიბრნენ გიუმრის (სომხეთი) "შირაქს". მიუხედავად სტატუსისა, მატჩი საინტერესო გამოდგა.

ფეხბურთელები არც სიხისტეს ერიდებოდნენ, რაც მერე უხეშობაში გადაიზარდა და მსაჯმა თითო ტაიმში "შირაქის" ორ ფეხბურთელს უჩვენა წითელი ბარათი, თუმცა, შეთანხმებისამებრ, გაძევებულს სათადარიგო მოთამაშე ცვლიდა.

უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო. გორელები უტევდნენ, ხიფათსაც ქმნიდნენ და ორჯერ ძელსაც გაარტყეს ბურთი. საგოლე შანსები ჰქონდათ ირაკლი მოდებაძესა და ალან ბაგაევს, გოლი კი პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გავიდა და ისიც - გიორგი ერისთავის
წაქცევისთვის დანიშნული პენალტით. სომეხთა კარში 11-მეტრიანი ლუკა რაზმაძემ გაიტანა.

მეორე ტაიმში სოსიაშვილმა სხვა შემადგენლობას უხმო მოედანზე. ერთადერთი, ვინც მატჩი სრულად ჩაატარა, გორელთა ახალწვეული მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი გახლდათ.

"შირაქი" კონტრშეტევებით ცდილობდა შედეგის მიღწევას, მაგრამ მასპინძელი მცველები ამას მომზადებულები ხვდებოდნენ. სომხებმა რამდენჯერმე შეუტიეს მწვავედ, თუმცა ნაღდ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.

საპირისპირო მხარეს კი აღსანიშნავია ოთარ მარცვალაძის მიერ სახიფათოდ შესრულებული "სტანდარტული", ერთხელაც მათე კვირკვიას აქტიურობისას გადარჩა "შირაქი"...

მეორე გოლიც პენალტით გავიდა. არბიტრმა ჯენერი ხორავამ გიუმრელები ამჯერად საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დასაჯა, 11-მეტრიანი კი გიორგი სეთურიძემ აქცია გოლად და ანგარიშს საბოლოო სახე მისცა - 2:0.

რამდენიმე დღეში "დილა" ანტალიას გაემგზავრება და იქ გააგრძელებს მზადებას ბელგრადის "პარტიზანთან" გასამართი ევროჯახისთვის. თურქეთში რამდენიმე ამხანაგური მატჩიცაა დაგეგმილი. მეტოქეთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნუკრი 2 წითელი კი მიიღეს მაგრამ 11 ფეხბურთელით იყვნენ ისევ, ანუ ვინც წითელი მიიღო ის უბრალოდ სკამზე დაჯდა :) შეიძლება 1-1 ზე გადიოდა ფეხბურთელი და მოჩეხეს, ძალიან უხეშად თამაშობდნენ და საერთოდ თამაში უნდა ჩაშლილიყო მაგრამ როგორც სჩანს ძალიან მომთმენები ვართ
მიმართვა Nukriს
15:31 25-06-2015
0
ასეთი მოგება არ მინდოდა..2-პენალი და წითელი ბარათები,გამოდის რომ მსაჯებს მოუგიათ
Nukri
10:02 25-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული