"რატომ ჰგონია პოლონელს, რომ ბათუმის სტადიონის კონკურსში აუცილებლად უნდა მოეგო?!."

AutoSharing Option
ფოტოზე: ნუგზარ ძნელაძე
ცნობილია, რომ 17 მარტს, ბათუმში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში "იბერპროქსმა" გაიმარჯვა. 22-კაციანი კომისიის წევრთა გადაწყვეტილების შედეგად, აჭარის მთავრობამ ესპანურ კომპანიას კონტრაქტი ოფიციალურადაც გაუფორმა.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ კონკურსში მონაწილე პოლონური კომპანია "პერბო-ინვესტიციე" კონკურსის შედეგს აპროტესტებს. არქიტექტორმა პიოტრ ლაბოვიჩმა საქართველოს ეკონომიკის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში, აგრეთვე, ფეხბურთის ფედერაციაში საპროტესტო წერილი გამოგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ გამარჯვებული პროექტი იქნება სხვებზე ორჯერ ძვირი და ვერც ფიფასა და უეფას მოთხოვნებს
დააკმაყოფილებს. ის კონკურსის შედეგების გადახედვას ითხოვს...

კომენტარისთვის სტადიონის საკონკურსო კომისიის წევრს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტის უფროს ნუგზარ ძნელაძეს დავუკავშირდით:

- პოლონელების პრეტენზიები და ეს წერილი ჩვენთვისაც ცნობილია, მაგრამ, რადგან კითხვები გაქვთ, სიამოვნებით გიპასუხებთ, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი რომ დავუსვათ უსაფუძვლო მითქმა-მოთქმას.

- ჯერ დავიწყოთ შედეგების გასაჯაროებით...
- შედეგების გამოცხადებისას არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ისიც ტყუილია, თითქოს, კონკურსის ორგანიზატორებმა გამარჯვებული ექსპერტებთან კონსულტაციის გარეშე გამოაცხადეს. ეს ყველაფერი ოფიციალურად გამოცხადდა და არ მესმის, რა არის ამაში გაუგებარი?

პოლონელებს ამ საქმეში მართლაც დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი ფავორიტებშიც იყვნენ, მაგრამ ესპანელებმა მოიგეს და რა ვქნათ, გამარჯვებულად მაინც პოლონური პროექტი გამოვაცხადოთ?..

სხვათა შორის, საქართველოსთვის ბევრად დიდი ავტორიტეტია არჩილ ქურდიანი, მაგრამ მან მარცხი ღირსეულად მიიღო. ლაბოვიჩს კი რატომ აქვს იმის განცდა, რომ აუცილებლად უნდა მოეგო, არ მესმის.

- პოლონელი არქიტექტორი ამტკიცებს, რომ "იბერპროქსი" წლეულს დაფუძნდა და სტადიონების მშენებლობის გამოცდილება არ გააჩნია...
- ეს კიდევ ერთი არასწორი ინფორმაციაა. "იბერპროქსი" 2015 წლის 28 იანვარს რეესტრში ხელახლა დაარეგისტრირეს.

ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონიათ. ესპანელებმა ააშენეს სტადიონები ბრაზილიაში, საკუთრივ, ესპანეთში, სლოვენიაში... ამდენად, ესეც დაუსაბუთებელი ბრალდებაა.

- მთავარი ტრიბუნის თემაზეც ვთქვათ...
- ესეც ტყუილია. მთავარი ტრიბუნა დასავლეთ მხარეს იქნება და არა აღმოსავლეთში. ასე რომ, სატელევიზიო ტრანსლაციას მზე ხელს ვერ შეუშლის.

- მიწისქვეშა პარკინგიც ზღაპარია?
- ეს მხოლოდ VIP-ლოჟის ქვემოთ გაკეთდება და არა - სტადიონის ქვევით. ანტიტერორისტულ საფრთხეზე ლაპარაკიც უადგილოა, რადგან კარგად დაცული ტერიტორია იქნება. სხვათა შორის, სტანდარტებით ეს დასაშვებია.

- როგორც პოლონელი არქიტექტორი ამბობს, პროექტი არც მძლეონობის საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიკატის მიღების საშუალებას იძლევა...
- ...არადა, ყველაფერი პარამეტრებში ზის და არანაირი პრობლემა არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული