"ბათუმის არენა ორჯერ ძვირი დაჯდება და არც ფიფა-უეფას მოთხოვნების იქნება"

AutoSharing Option
ფოტოზე: არქიტექტორი პიოტრ ლაბოვიჩი და ბათუმის სტადიონის პოლონური პროექტი
ცნობილია, რომ 17 მარტს, ბათუმში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში "იბერპროქსმა" გაიმარჯვა. 22-კაციანი კომისიის წევრთა გადაწყვეტილების შედეგად, აჭარის მთავრობამ ესპანურ კომპანიას კონტრაქტი ოფიციალურადაც გაუფორმა - "იბერპროქსს" დიდი გამოცდილება გააჩნია, ბრაზილიასა და ესპანეთში რამდენიმე მაღალი სტანდარტის პროექტი განახორციელა და საქართველოშიც იმავეს აპირებსო...

პროექტის მიხედვით, ბათუმის მრავალფუნქციური სტადიონი უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. დაიგება სარბენი ბილიკებიც, რადგან ეს ოლიმპიურ არენადაა ჩაფიქრებული და არა -
წმინდა საფეხბურთოდ. ტრიბუნები 20 ათას ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი, ოღონდ შემდგომში მომატების პერსპექტივით, მშენებლობა კი 2017 წელს უნდა დასრულდეს.

თავდაპირველად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ახალი არენის ასაშენებლად 36 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავდა, თუმცა ლარის კურსის ცვლილების გამო, შესაძლოა, 4-5 მილიონი კიდევ დაამატონ. პროექტის მოსამზადებლად კი 650 ათასი ლარი დაიხარჯება.

მაგრამ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ კონკურსში მონაწილე პოლონური კომპანია "პერბო-ინვესტიციე" კონკურსის შედეგს აპროტესტებს.

სხვათა შორის, ადრეც იყო ინფორმაცია, რომ კომისიის წევრებს წარმოდგენილი 11 პროექტიდან ორი მოეწონათ - არჩილ ქურდიანის და ასევე, პოლონელების, რომლებმაც კრაკოვის სტადიონის ანალოგიური ვარიანტი წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბათუმის სტადიონის 11 საკონკურსო პროექტი
Sportall.Ge

პოლონელმა არქიტექტორმა პიოტრ ლაბოვიჩმა საქართველოს ეკონომიკის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში, აგრეთვე, ფეხბურთის ფედერაციაში საპროტესტო წერილი გამოგზავნა. ის საკმაოდ ვრცელია და ამიტომ მხოლოდ ფრაგმენტებს გაგაცნობთ.

"როგორც კონკურსის მონაწილემ, გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებით პროტესტი მსურს გამოვხატო.

"იბერპროქსის" მიერ წარმოდგენილი პროექტი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიკატის მიღების საშუალებას არ იძლევა. პროექტში არაა გადაწყვეტილი სათადარიგო მოედნის განთავსების ამოცანა, რაც სერტიფიკატის მიღების უპირველესი პირობაა. ამაზე კონკრეტული წესები მიუთითებს, რომლებიც "იბერპროქსმა" საერთოდ არ შეასრულა. ამის გამო ის დისკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო", - წერს ლაბოვიჩი.

პოლონელი არქიტექტორის წერილში მითითებულია, რომ პროექტში მხოლოდ საფეხბურთო სტადიონის დეტალებია გათვალისწინებული, მძლეოსნობის კი - არა:

"ეს პროფესიონალიზმის არქონაზე მიუთითებს და გაუგებარია, კომისიის წევრები რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ.

ამას გარდა, პროექტის კარდინალური შეცდომა მთავარი ტრიბუნის აღმოსავლეთ მხარის დაპროექტებაა. თუმცა VIP და პრესლოჟები, გასახდელები და მომსახურე პირთა სხვა ოთახები დასავლეთ ტრიბუნაზე უნდა იყოს განთავსებული. ეს საერთაშორისო ნორმებსა და პრაქტიკას ეწინააღმდეგება...

ფუნქციების სხვადასხვა ტრიბუნაზე გადანაწილება შეუძლებელს ხდის ტელეტრანსლაციის განხორციელებას და სატელევიზიო სადგურების მოთხოვნებსაც არ შეესაბამება: კომენტატორების ჯიხურებისა და სატელევიზიო სტუდიების მზის საპირისპირო მხარეს განთავსება მიუღებელია".

ლაბოვიჩი "აბსოლუტურ შეცდომას" უწოდებს ესპანური კომპანიის იდეას, რომ სტადიონის ქვეშ ავტოპარკინგი მოაწყოს:

"ბათუმში გრუნტის წყლები 1,5 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს. ამიტომ პარკირების ადგილის მოწყობა დამატებით 6 მილიონ დოლარს მოითხოვს. ანტიტერორისტული საფრთხეების გამო სტადიონის ქვეშ ასეთ ობიექტებს არც აშენებენ...

ეს პროექტი იქნება სხვებზე ორჯერ ძვირი, ფიფასა და უეფას მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს და ეს გინდოდათ თქვენ?! ამ დაუდევარი გადაწყვეტილების გამო მე შემომაქვს პროტესტი".

პოლონელი არქიტექტორი ამტკიცებს, რომ "იბერპროქსი" 2015 წლის 28 იანვარს ვალენსიაში დააფუძნეს და უეფა-ფიფასა და იააფ-ის (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) სტანდარტების შესაბამისი სტადიონების მშენებლობის არანაირი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნია.

ამ ყველაფრის საფუძველზე, ის კონკურსის შედეგების გადახედვას ითხოვს:

"გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ კონკურსის შედეგების გამოცხადების პროცედურებს. 16 მარტს, ექსპერტთა კომისიის სხდომა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეწყვიტეს. მეორე დღეს, ექსპერტებთან კონსულტაციის გარეშე, კონკურსის ორგანიზატორმა გამარჯვებული თავად გამოაცხადა.

ამიტომ მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს კომისიის წევრთა კენჭისყრის შედეგები, კონკურსი თავიდან გაიმართოს და გამარჯვებულის შერჩევისას საერთაშორისო მოთხოვნები გაითვალისწინონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რატომ ჰგონია პოლონელს, რომ ბათუმის სტადიონის კონკურსში აუცილებლად უნდა მოეგო?!."
მკითხველის კომენტარები / 8 /
ერ სად აშენებენ,ტუპიკში ბათუმის ყველაზე ბანძ რაიონში.არფერი სანახაობა არარის ახლო მახლო.ჩამოსულ ხალხს ალბათ ბუტაფორიებს დაახვედრებენ
გიალიე
15:39 10-05-2015
0
ხალხმა უნდა ჰკითხოს ამ კაცს მართალს ამბობს თუ არა და მერე გავაპროტესტოთ
ებიჯო
12:19 10-05-2015
0

სიახლეები პოპულარული