რევაზ ბარაბაძე: სულ ვფიქრობ, ჩვენი თაობის ტრავმიანობა რისი ბრალია?

AutoSharing Option
რევაზ ბარაბაძე ფორმის აღდგენასა და ხანგრძლივი პაუზით გამოწვეული ჩავარდნის დაძლევას ცდილობს.

მან სპეციალისტები 16 წლის ასაკში აალაპარაკა, 19 წლისამ კი ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრაც ითამაშა, ცნობილ გუნდებში სცადა ბედი, მაგრამ... ტრავმამ დააღალატა და ბოლო წლებში უიღბლობას ებრძვის.

ახლა ის რუსთავის "მეტალურგშია", ბოლო ტურში გოლითაც გამოიჩინა თავი და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას არ უჩივის...

"ჩემი პრობლემა გამუდმებული ტრავმები იყო. ბოლო წლებში ვერც ვიხსენებ, გადაბმულად ერთი სეზონი მაინც რომ მეთამაშა. არც მიკვირს, ბევრს რომ დავავიწყდი, ბევრსაც ჩემი აღარ სჯერა. ეს ბუნებრივია, რადგან დრო
გადის და ამ უთამაშებლობის გამო, მოედანზე დაბრუნების იმედი მეც გადაწურული მქონდა.

2013 წლის ბოლოს მენისკის ოპერაცია გავიკეთე და მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი პრობლემა. მოედანს შარშან თებერვალში დავუბრუნდი. "მეტალურგში" ხელოვნურ საფარზე ჩვეულებრივად ვვარჯიშობ და ვთამაშობ. არადა, ადრე ამას ვერ ვახერხებდი.

ჩვენი გუნდის გასაჭირი ყველამ იცის, მაგრამ ფეხბურთი მომენატრა და ისე მინდა ფორმა აღვიდგინო და ვითამაშო, ფულზე არც ვფიქრობ. იმედია, მაისამდე უკეთეს ფორმაში შევალ და გუნდს, იქნებ, უმაღლეს ლიგაში დარჩენაში დავეხმარო", - ამბობს რევაზ ბარაბაძე.

ბარაბაძე იმ თაობის მოთამაშეა, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი დიდ იმედებს უკავშირებდა:

"ჩვენი თაობიდან ნაკრებში ახლა მხოლოდ მათე ვაწაძე თამაშობს, რეზო თევდორაძე კი - კანდიდატია. არადა, ძალიან ნიჭიერი ბიჭები გვყავდა და დიდი ფეხბურთი ბევრს უნდა ეთამაშა - გორგიაშვილს, განუგრავას, წინამძღვრიშვილს, გოცირიძეს, ელბაქიძეს, მჭედლიშვილს, ბჟალავას...

ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით და საქართველოსა თუ უცხოეთში ლამის ყველა ტურნირს ვიგებდით...

ალბათ, ბევრი რამ ჩვენი ბრალიცაა. მაგრამ ჩვენს თაობაში ხუთმა მოთამაშემ ჯვარედინი იოგები დაიზიანა და სულ მაინტერესებს, ეს ტრავმიანობა რისი შედეგია? ასეთი რამ ხომ შემთხვევით არ ხდება - იქნებ, არასწორად ვვარჯიშობდით, ან მიზეზი უხარისხო მოედნები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება იყო? არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც შეცდომა გაგვეპარა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უნიჭიერესი ბიჭია,წარმატებები,ყველაფერი წინ გაქვს,მჯერა ამის
papa
16:00 18-04-2015
0
დაკარგული ტალანტი. რუსეთის 21 წლამდე ნაკრების კარებში გატანილი ულამაზესი გოლი. მეგონა შოთას შემდეგ თავდასხმაში პრობლემას მოხსნიდა მაგრამ..... ვინ იცის 26 წლის არის ჯერ. მისი და მჭედლიძეს ტანდემი მათი ფიზიკური მონაცემებით ყველა ნაკრების რისხვა იქნებოდა. P.S. პირადად არ ვიცნობ, ცნობისმოყვარეების საყურადღებოდ. უბრალოდ მისი თამაშის სტილი და გოლის ალღო მომწონდა. სულ მაინტერესებდა სად იყო ახლახანს ვიპოვე მეტალურგის განაცხადში. ასეთს კიდევ ბევრს დავკარგავთ თუ მამიკოების პოლიტიკა არ შეიცვალა ქართულ ფეხბურთში
ნიკოლოზ
14:48 18-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული