გოგა გახოკიძე: დრო გვიჩვენებს, რომ თემურ ქეცბაია ბევრ რამეში მართალი იყო!

AutoSharing Option
ფოტოზე: გოგა გახოკიძე მარჯვნივ

მწვრთნელობა ისეთი საქმეა, ჩემნაირი ხასიათის კაცი ვერ იმუშავებსო - ამბობს გოგა გახოკიძე, რომელსაც "ალანიაში", "მაკაბიში", "ტვენტში" და რაც მთავარია, ვარსკვლავებით სავსე პსვ-ში უთამაშია, საქართველოს ნაკრების ქომაგს კი გულიანი და ტექნიკური თამაშის გარდა, იტალიისა და უკრაინისთვის ბოლო წუთებზე გატანილი გოლებითაც დაამახსოვრა თავი!

საფეხბურთო კარიერა თითქმის ათი წლის წინ დაასრულა. ახლა ფიფას ლიცენზირებული აგენტია და გიორგი ქინქლაძესა და დავით ყენიასთან ერთად, სატრანსფერო სააგენტო აქვს. ახსოვს თუ არა პირველი ტრანსფერი, რას ნანობს და შეიცვალა თუ არა ხასიათი, გოგა გახოკიძესთან
ინტერვიუში წაიკითხავთ:

- ჩემი პირველი ტრანსფერი განსაკუთრებულად მახსოვს: დავით ოდიკაძე მაშინ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ბედნიერი ვიყავი, მისთვის კლუბის მოძებნა რომ შევძელი... სხვები? ყველას გვარს არ ჩამოვთვლი, მაგრამ ცნობილი ქართველებიდან ჩვენი კლიენტია გურამ კაშია. ახლახან არზიანი და დარციმელია ჩავიყვანეთ უნგრულ "სპარტაკუსში" და ა.შ.

- უცხოელი ფეხბურთელების ტრანსფერებზეც ხომ მუშაობთ?
- რა თქმა უნდა. ძირითადად, ბელგიის, გერმანიის, ინგლისის ბაზარზე. სხვათა შორის, ჩვენს სააგენტოს დიდი წვლილი მიუძღვის, ახალგაზრდა ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუნე "გენკიდან" "ჩელსიში" რომ გადავიდა!

- ფეხბურთის ცოდნა, კავშირები, ალღო... საფეხბურთო აგენტს კიდევ რა თვისებები სჭირდება?
- უნდა ჰქონდეს ბევრი ინფორმაცია და კონტაქტი, შეეძლოს მწვრთნელებთან საერთო ენის გამონახვა და მოგზაურობა არ ეზარებოდეს! მეც და გიოც უამრავ ადამიანს ვიცნობთ საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ ეს საქმე მაინც ძალიან შრომატევადია - კი, კონტაქტები გაქვს, გიცნობენ, მაგრამ მხოლოდ სატელეფონო ზარით საქმე არ კეთდება, უნდა ჩახვიდე, ნახო, დაელაპარაკო. თანაც, ძალიან ხარჯიანი საქმეა: უამრავ დროს, ფულსა და ენერგიას ხარჯავ და შესაძლოა, საბოლოოდ იმ საქმიდან არაფერიც არ გამოვიდეს.

ზაფხულში - სამი თვე, ზამთარში კი მხოლოდ ერთი - სულ ეს არის სატრანსფერო პერიოდი. ყოფილა შემთხვევები, სატრანსფერო "ფანჯარა" ისე დახურულა, ერთი კონტრაქტიც ვერ გაგვიჩარხავს...

გამოცდილი აგენტები გვეუბნებიან, საწყისი 3-4 წელი სულ ვალებში ვიყავითო და ამით ვიწყნარებთ თავს - ჯერ მეოთხე წელია, რაც ამ საქმეს მოვკიდეთ ხელი (იცინის)...

- საფეხბურთო აგენტს, რომელიც თავადაც წარმატებული ფეხბურთელი იყო, უფრო მეტად არ ენდობიან?
- რა თქმა უნდა. ცნობილი ფეხბურთელი რომ ხარ, ყველასთვის უცნობ აგენტთან შედარებით, მეტი ნდობა გაქვს, მაგრამ მისვლა-მოსვლა მაინც აუცილებელია. მე სანამ პლაჟზე ვნებივრობ, ძმურად, ეს ფეხბურთელი აიყვანეო, რაც უნდა სახელიანი ფეხბურთელი იყო, ასე საქმე არ გაკეთდება!

- სადაც დიდი ფული ტრიალებს, თაღლითებიც ბლომად არიან. შენც გამხდარხარ მათი მსხვერპლი?
- ერთმა ჰოლანდიელმა აგენტმა მითხრა, თუ არ შეიცვალე, შებერტყილი და გაიძვერა თუ არ გახდი, ამ საქმით ვერასდროს გამდიდრდებიო (იცინის). გაიძვერა არც ვყოფილვარ და ვერც გავხდები-მეთქი.
მაშინ დიდ ფულს ვერასდროს იშოვიო... მართალი ყოფილა: ამ საქმეში გაიძვერობა ხშირია, რაც ძალიან მაღიზიანებს. მადლობა უფალს, როგორიც ვიყავი, ჯერჯერობით,
ისეთივე ვარ. არც მჭირდება ისეთი ფული, ვიღაცამ წამომაძახოს, გოგა გახოკიძე ფულს გაუფუჭებიაო!

- რატომ აღარ არის მოთხოვნა ქართველ ფეხბურთელებზე?
- ხშირად გვიწუნებენ მენტალიტეტს! ხასიათის ფეხბურთელებს გვეძახიან და ალბათ, მართალიც არის... ჩვენ კი ვთავაზობთ ქართველებს, მაგრამ ურჩევნიათ, ფეხბურთელი ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან წაიყვანონ. ეს ბუნებრივიც არის, როცა შეგიძლია, გაცილებით ნაკლებ თანხად აიყვანო ფეხბურთელი, რომელსაც უკეთესი მენტალიტეტიც ექნება და ნაკლებ პრობლემასაც შეგიქმნის! თუ ძალიან ნიჭიერ მოთამაშეზე არ არის ლაპარაკი, არ უღირთ გარისკვა, ძალიან ნიჭიერები კი, სამწუხაროდ, ცოტა გვყავს...

ნიჭიერი ფეხბურთელები სულ გვყავდა და გვყავს, 14-15 წლის ასაკში ნებისმიერი ევროპელი ბავშვი შეგვედაროს, მაგრამ ისინი სწორად ვითარდებიან, ჩვენები კი ზრდასთან ერთად, რეგრესს განიცდიან.

ხელშეწყობა, სწორად გაზრდა, კარგი ჩემპიონატი სჭირდებათ. საზღვარგარეთ ხელოვნურსაფრიან მოედანს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა ძალიან ცუდი ამინდია, ჩვენთან კი ხელოვნური მოედანი საამაყოდ აქვთ და ჰგონიათ, ასეთ საფარზე ვარსკვლავების გაზრდა შეიძლება!

პატარაობიდანვე რომ გვაკლია კარგი საფარი, სწორად ვარჯიში და ექიმის მომსახურება, ამიტომაცაა, სულ ტრავმები რომ გვაწუხებს და კარიერას ნაადრევად ვასრულებთ. ევროპაში ნანახის შემდეგ, მრცხვენია, როცა ვხედავ, როგორ უდგებიან საქართველოში ფეხბურთსა და ფეხბურთელებს!

- ვინ იყო ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, ვის მხარდამხარაც გითამაშია?
- რა თქმა უნდა, გიორგი ქინქლაძე! "დინამოში" რომ მივედი, გიო იქ დამხვდა. საოცრებებს აკეთებდა, ყველა მონაცემი ჰქონდა, ძალიან დიდი ფეხბურთი რომ ეთამაშა. რომ მოენდომებინა და ბოლომდე დახარჯულიყო, გიორგი ქინქლაძე მესის დონის ფეხბურთელი იქნებოდა... მაგრამ ზარმაცი იყო! სულ ვეუბნები, ან ამდენი როგორ ითამაშე-მეთქი! ახლა, თავადაც ხვდება, მაგრამ რაღა დროს! ფეხბურთელის კარიერა ძალიან ხანმოკლეა და თუ მაქსიმუმი არ გაიღე, ვერაფერს მიაღწევ!

- ერთხელ თქვი, მეგობრების უმეტესობა ჩხუბის შემდეგ შევიძინეო. მართალია?
- მართალია. რეჟიმს არ ვარღვევდი, სასმელი და ღამის კლუბები არასდროს მიზიდავდა, მაგრამ რთული ხასიათი ნამდვილად მქონდა. მით უმეტეს, მოედანზე არავის არაფერს ვუთმობდი! თუმცა, უმიზეზოდ არავისთან მიჩხუბია და რომ შევრიგდებოდით, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ბოღმის გულში ჩადება არ მჩვევია!

- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
- ბევრ რამეს! ფეხბურთელისთვის დაუშვებლად მიმაჩნია და დღემდე ვნანობ, აზარტული თამაშებით რომ ვიყავი გატაცებული. კაზინოებში სიარულმა ბევრი რამ დამაკლო... ეს ჩემს ყველაზე დიდ მინუსად მიმაჩნია, ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, იმავე შეცდომას აღარასდროს გავიმეორებდი! ფეხბურთელობა თუ გინდა, აზარტულ თამაშებს არ უნდა გაეკარო! როცა რაღაც არ მომწონდა, პირდაპირ ვამბობდი. არადა, ფეხბურთელს ბევრი რამის მოთმენა უნდა შეეძლოს. ისე, ტრავმებმაც ბევრი დრო დამაკარგვინა, თორემ გაცილებით მაღალ დონეზე თამაშის პოტენციალი მქონდა...

- და კარგი შანსიც, "პსვ ეინდჰოვენი" მაშინ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო...
- პსვ-შიც ისე რომ მივეღე, როგორც მოგვიანებით "ტვენტეში", გაცილებით დიდ კარიერას ავაწყობდი!

"ეინდჰოვენი" ჰოლანდიის ჩემპიონატის ლიდერი გახლდათ, ჩემს პოზიციაზე კი უდიდესი კონკურენცია იყო და ყოველთვის არ მეძლეოდა თამაშის შესაძლებლობა. თუმცა, იმ წლებში კლუბის მწვრთნელებისგან ბევრი რამ ვისწავლე. რობსონი, კუმანი, გერეტსი, ჰიდინკი - უმაღლესი დონის სპეციალისტები იყვნენ და ყველა მოთამაშის პლუს-მინუსი იცოდნენ.

მწვრთნელმა ასეც უნდა იმუშაოს, რადგან თითოეულ ფეხბურთელს თავისებური ხასიათი აქვს და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება - კარგად რომ ითამაშოს, ზოგს დაყვირება სჭირდება, ზოგს დაყვავება და ა.შ.

- გვყავდა ნიჭიერი თაობებიც, სახელგანთქმული უცხოელი და ქართველი მწვრთნელებიც, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დიდ წარმატებას ერთხელაც ვერ მიაღწია...
- დრო გვიჩვენებს, რომ თემურ ქეცბაია ბევრ რამეში მართალი იყო! კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა, ემოციურობას ბევრჯერ გაუწევია მისთვის დათვური სამსახური, მაგრამ არა მგონია, ვინმეს თემურზე მეტად უნდოდეს საქართველოს ნაკრების წარმატება! თუმცა, როგორ უნდა მოუგოს საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ან ირლანდიას? ჩვენი ჩემპიონატია უკეთესი თუ კლუბები, სადაც ქართველები თამაშობენ? რაც უნდა ნიჭიერი იყო, ფეხბურთში სათამაშო პრაქტიკაა მთავარი. მაგრამ რადგან მწირი არჩევანი გვაქვს, იძულებული ვართ, უთამაშებელი ფეხბურთელი გამოვიძახოთ.

რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მაგალითად ესტონეთს არაფერი ფეხბურთელები არ ჰყავს, მისი მთავარი მწვრთნელი ამავე დროს კლუბის მწვრთნელიც არის და ჩვენზე ბევრად უკეთესი შედეგები აქვს.მწვრთნელი კიდე ვინც თვლის, რომ თავისი ფეხბურთელებით ვერაფერს მიაღწევს, კი არ უნდა "ბლატაობდეს", არამედ თავი დაანებოს იმ გუნდსა და ფეხბურთელებს.
ნიკო
16:16 02-03-2015
0
შემთხვევით ეს ის გახოკიძე ხომ არაა, ქეცბაიას ე.წ ნაკრების "წევრები"–ს სპორტული აგენტი რომ იყო და მაყუთს აკეთებდა ამაში?
გია
13:38 24-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული