ქართული ფეხბურთის კულუარები: ახალკაცმა ჯაბას მიახალა, ფეხბურთში ცხვირს ნუ ჩაყოფო

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი (1990-98 წლებში) დავით კვინიკაძე საინტერესო მოსაუბრეცაა და ხუმრობაც უყვარს. გასახსენებლის მეტი კი რა აქვს - დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქართული ფეხბურთის მესაჭეები ის და ნოდარ ახალკაცი იყვნენ.

ის, რასაც ბატონი დავითი იხსენებს, მკითხველთა ფართო წრისთვის დღემდე უცნობია. ამიტომაც გვგონია, რომ ყოფილი გენმდივნის მოგონებები საინტერესო უნდა იყოს...

იცით, საშა როგორ კარგად ერკვევა კლასიკურ ჯაზში?!
- ერთხელ უეფაში იყო მსჯელობა - მაქსიმუმ, რამდენი წლის უნდა იყოს ეროვნული საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი. ინგლისელი გამოვიდა და თქვა - 75 წლისო, ებრაელმა -
მაქსიმუმ 72-ისო. მას ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტი დაეთანხმა - ეტყობა, ჩემს კოლეგას სერიოზულად აქვს ნაფიქრი, რადგან ეს დამაინტრიგებელი ციფრი 72 არავის უხსენებიაო.

მერე გამოვიდა გერმანიის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივანი შმიდტი - კოლეგებო, ასაკობრივი ზღვარის დაწესება გაუმართლებელი მგონია, რადგან რეიგანმა და ადენაუერმა უფრო ჭარმაგ ასაკში მართეს ამერიკა და გერმანია, ხოლო მიქელანჯელომ სიქსტის კაპელა ღრმად მოხუცებულობისას მოხატაო...

მაგრამ ნოდარ ახალკაცი ამ ხალხს შორის არანაირად არ იკარგებოდა - ძალიან დიდი პიროვნება იყო. სხვათა შორის, ბევრს ტყუილად ჰგონია, რომ საშა ჩივაძეც მხოლოდ ფეხბურთის ვარსკვლავი და მაგარი "შაყირისტია". არაა ასე: საშა შესანიშნავად ერკვევა ლიტერატურასა და მუსიკაში, განსაკუთრებით კარგად იცის კლასიკური ჯაზი.

ერთხელ ვკითხე - საიდან იცოდა ეს ყველაფერი და იცით, რა საოცარი ამბავი მითხრა? ფარსადანოვიჩი (ნოდარ ახალკაცი - რედ.) ისეთი განათლებული იყო, ბიჭებს თეთრი შური გვქონდა და თავადაც ვცდილობდით, მეტი გვესწავლა, წაგვეკითხა და ნოდარისთვის ჩამჭრელი კითხვები დაგვესვაო...

რეზო ჩელებაძესაც მხოლოდ "ღადავისტად" იცნობენ, არადა, არანაკლებ საინტერესო პიროვნება და ნაკითხია. იგივე ვოვა გუცაევი...

ნოდარის ინიციატივა იყო, "დინამოს" ბაზისთვის ანდრო ჟორდანიას სახელი რომ მიენიჭებინათ; ფედერაციის ძველი შენობა რომ იყო, იმ ქუჩისთვის - შოთა იამანიძის სახელი, "დინამო არენისთვის" კი - ბორის პაიჭაძის. ამ უკანასკნელზე დიდი ომი გადაიტანა, რადგან პაიჭაძე, უდიდესი დამსახურების მქონე კაცი, სტადიონის დირექტორობიდან გაათავისუფლეს - ფაქტობრივად, გააგდეს!

ცხონებული ნერვიულობისგან სტადიონთან ახლოს ვეღარ მიდიოდა, ცრემლები მოსდიოდა. ხომ გახსოვთ, ბოლო წლებში ხალხს "ჩარეცხილები" რომ უწოდეს და დამსახურების მიუხედავად, საქმეებს ჩამოაშორეს? ქართული ფეხბურთის ამ ლეგენდასაც ზუსტად ასე მოექცნენ.

ერთხელ, ფეხბურთის სამმართველოში მუშაობისას, მეც მითხრეს - გოგი ანთაძე მოხსენიო, მაგრამ უარი ვთქვი. ასეთი ხალხი დასაფასებელია და ხელისგულზე უნდა ვატაროთ.

შევარდნაძე გაშრა, დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა...
- ნოდარს უზარმაზარი განათლებაც ჰქონდა და გავლენაც. ჩინოვნიკებს ახლოს არ იკარებდა. 1986 წელია, განათლების სამინისტროში ვმუშაობ. სპორტკომიტეტის თავმჯდომარე ენდელაძემ და განათლების მინისტრმა ენუქიძემ ახალკაცთან და ფეხბურთელებთან შეხვედრის ორგანიზება მთხოვეს.

ნოდარი ძლივს დავითანხმე. ამის მიუხედავად, 10 წუთი მაინც დააგვიანეს. ნოდარი გამწარდა და ფეხბურთელებს მიმართა - მოემზადეთ სავარჯიშოდო. ავნერვიულდი, რადგან დაგვიანება არ უყვარდა და არავის პატიობდა. ვთხოვე, მოეცადა და ამ დროს, სტუმრებიც გამოჩნდნენ.

დაძაბულობაა. ენდელაძე ეკითხება - რა გეგმები გაქვთ? გუნდი საით მიდის, რა გზას ადგახართო?
ნოდარი დივანზე იჯდა. მშვიდად, მაგრამ გაბრაზებული სახით წამოიწია, ბოლომდე არც წამომდგარა და უპასუხა: - ხვალ დილით მივემგზავრებით ბაქოში, იქიდან - მოსკოვში, კიდევ გაქვთ შეკითხვებიო? მერე ფეხბურთელები სავარჯიშოდ გაუშვა.

მარტო რომ დავრჩით, ენდელაძე ეუბნება - ნოდარ, რად გინდა ხალხში ასეთი ლაპარაკიო? ახალკაცი პასუხობს - დანიშნულ ვარჯიშს არ გადავიტან, ან რა წესია, ფეხბურთელებთან გეგმებზე რომ მეკითხებით? თუ რამე გაქვთ სალაპარაკო, ცალკე შევხვდეთო...

ასეთი პირდაპირი იყო. ამბობდა, შედეგი თუ მექნება, ფეხებს ვერ მომჭამენ, თუ არა და, ისეც დედას მიტირებენო. ედუარდ შევარდნაძესთან თავიდან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ბოლოს აერია - ინგლისთან 0:2 რომ წავაგეთ, სწორედ იმ პერიოდში. უეფას თავისი პროტოკოლი აქვს - ვინ უნდა იჯდეს სამთავრობო ლოჟაში, თან რანგის მიხედვით, ვინ ვის გვერდით უნდა მოხვდეს და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი გათვლილია. ორივე მხარეს ორი კაცი უნდა წარმოადგენდეს.

მაგრამ დამატებით, ინგლისიდან ჩამოსვლა ასოციაციის აღმასკომის წევრებმა, ძალიან საპატიო და გავლენიანმა სტუმრებმაც გადაწყვიტეს. ზოგიერთი ლორდი იყო და სიაში კიდევ 4 კაცის დამატება მოგვიწია. ეს სამთავრობო დაცვის მაშინდელ უფროსთან, ქუთათელაძესთან შევათანხმეთ. მაგრამ ნოდარმა იეჭვა - რაღაც შეიძლება მოხდესო და სტადიონზე ადრე წავედით.

სიაში მაინც ძველი ვარიანტი წერია, 2 ქართველი და 2 ინგლისელი. ნოდარი ბადრი ქარქაშაძეს ეუბნება - ინგლისელები რაღაცნაირად გააჩერე, აქ კი საქმეს მე მოვაგვარებო. "მარშრუტკით" მოდიოდნენ და ბადრი გაიქცა, რომ თუნდაც საბურავები გაეხეთქა, ოღონდ სტადიონზე მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი არ გვეჭამა.

მოვიდა ედუარდი. გადაგვკოცნა, ნოდარმა კი პრობლემაზე მოახსენა - ინგლისელები სხვა კატეგორიის ხალხია, ასეთ დაუდევრობას არ გვაპატიებენო და მოეფერა - სხვათა შორის, ბატონო ედუარდ, თქვენი ახლოს გაცნობაც სურთო.

ედუარდი გაეხუმრა: - კარგი ახლა, ნოდარ, თქვენ რომ მიდიხართ, სულ პრეზიდენტების და პრემიერების გვერდით ზიხართო?
ნოდარმა უკმეხად უთხრა: - არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ მიხდებაო. ხვდებით, ეს რას ნიშნავდა? შენ გვერდით ყოფნაც არ მინდა, მაგრამ სხვა რა გზა მაქვსო.

ვერ გადმოგცემთ, ედუარდს სახე როგორ შეეცვალა, გაცოფდა, რამდენიმე წამით საშინელი სიჩუმე ჩამოწვა. მაგრამ თავი ხელში აიყვანა: ნუ იცი ასე, რამდენიც გინდა, შეიყვანეთ, თუ გინდათ, მე სულ არ მოვალ სტადიონზეო. მერე დაცვას დაუძახა და ინგლისელებიც უპრობლემოდ შემოვიდნენ...

ჯაბა იოსელიანის ცხვირი
- სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდია, როდესაც ჯაბა იოსელიანის სახელი ქუხდა. ერთი ხანობა ხომ სახელმწიფო საბჭოს მეთაურიც გახლდათ. ყველას უკვირდა, როგორ ვერ მოახერხა ჯაბამ ფეხბურთის ფედერაციაში საკუთარი ხალხის მიყვანა. არადა, ამის მცდელობა ნამდვილად ჰქონდა. ეგაა, ვისი მოყვანა სურდა, არ ვიცი.

მაშინ თბილისის "დინამოს" ცნობილი მხედრიონელები ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე ეხმარებოდნენ. სხვათა შორის, მათ გუნდი დაშლას გადაარჩინეს. ზუსტად არ მახსოვს რომელი, მაგრამ ერთ-ერთი ნოდარ ახალკაცს ენათესავებოდა. ერთხელაც, უეფადან სერიოზულ სტუმრებს ველოდებოდით. ჩვენი გაწევრიანების საკითხი განიხილებოდა. ნოდარმა ვეფხვაძე-სვანაძეს სთხოვა, სერიოზული ვიზიტია და არ შევრცხვეთ, იქნებ სუფრა, საჩუქრები და სხვა რამ გავუკეთოთო.

შეხვედრას უეფას წარმომადგენლები და აღმასკომის წევრები ესწრებოდნენ. ჯაბამ ძალიან კარგად მიიღო სტუმრები. აქეთ მხარეს ვიყავით ნოდარ ახალკაცი, საშა ჩივაძე, მე, კოტე გაბაშვილი, ჯაბა იოსელიანი და მერაბ ჟორდანია. საღამოს უეფას დელეგაცია სუფრაზე მივიწვიეთ. ამ დროს შემოდის ჯაბას დაცვა. მათთვის მთავარია, ბოსი დაიცვან და ავტომატები მაგიდაზე არ დააწყვეს? დათო პეტრიაშვილი სიცილით წამოვიდა, ხალხს შია და იქნებ ავტომატები აიღოთ, შიშით ვერ უჭამიათო. ჯაბამ ეს ხალხი ოთახიდან გაუშვა და მერე კი ამოისუნთქეს.

ხალხი დაიშალა, დავრჩით ნოდარი, ჯაბა და მე. ნოდარი ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას მარტო არ ესწრებოდა. ამბობდა, ყოველთვის უნდა გყავდეს კაცი, რომელიც ამ ლაპარაკს სწორად გაიტანსო. ამიტომ დარჩენა მეც მთხოვა. კარგად იცოდა, მსგავს ვითარებაში ხმები გავრცელდებოდა და სალაპარაკოს არავის აძლევდა.

მოკლედ, მარტო დავრჩით და ნოდარი ჯაბას ეუბნება: - ჯაბა, უყურებ, რამხელა ცხვირი მაქვსო? ჯაბას გაეცინა, მაგრამ ნათქვამი აშკარად ვერ გაიგო. ნოდარმა კი გააგრძელა: - ჯაბა, ხმები მომივიდა, თითქოს, შენი კაცის მოყვანას აპირებ და არ გინდა, ფედერაციაში ჩემი ცხვირი ძლივს ეტევა და შენი უკვე ზედმეტი იქნებაო.

ასე აჯახა პირდაპირ! ჯაბას გაუკვირდა. არა, ნოდარ, არც მიფიქრიაო. მაგრამ ფაქტია, რომ მას მერე თავი დაგვანება...

აიგნერის ლუდის გავლენით
- დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ფიფასთან, უეფასთან და ევროპის წამყვან ფედერაციებთან ურთიერთობა დავიწყეთ, რისი გამოცდილებაც არ გაგვაჩნდა. აქედან გამომდინარე, არასწორი წარმოდგენები გვქონდა.

ამის გამო ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა კინაღამ ჩაგვეშალა. ტელეკონტრაქტებშიც ვერ ვერკვეოდით და ნოდარმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის გენერალურ მდივან შმიდტს რჩევა სთხოვა. გერმანიაში ვართ, ტელეფონით დავუკავშირდით და შეხვედრა მათივე საფეხბურთო კავშირის პირველ სართულზე მდებარე კაფეში დავთქვით. შმიდტი კავშირის პრეზიდენტთან ერთად უნდა მოვიდეს.

ხომ იცით, გერმანელები რა პუნქტუალურები არიან, წამს არ დააგვიანებენ, საათივით მუშაობენ. ასეთ ხალხთან ხომ არ შევრცხვებოდით? თადარიგი დავიჭირეთ და კაფეში დათქმულზე ადრე მივედით. მათ სახით არ ვიცნობდით, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ რაღაცნაირად ვიცნობდით. დადგა 12 საათი, გავიხედ-გამოვიხედეთ და კაფეში ჩვეულებრივი ხალხი ზის, არავინ - განსაკუთრებული. გავიდა 10 წუთი და გერმანელები შეხვედრაზე აგვიანებენ - მსოფლიოს მერვე საოცრებაა!

მერე ერთი მოგვიახლოვდა და გვკითხა, თქვენ ხართ საქართველოს ფედერაციიდანო? და ერთ-ერთ მაგიდაზე მოკრძალებულად მჯდომ ორ კაცზე მიგვანიშნა, ისინი გელოდებიანო. საბჭოური წარმოდგენებით, ხელმძღვანელი სამსახურში თუ სასადილოში რომ შემოვიდოდა, ყველა ფეხზე წამოდგებოდა, მიესალმებოდა და ასე შემდეგ. არადა, ისინი შევნიშნეთ, მაგრამ ფეხზე არავინ წამომდგარა და ვიფიქრეთ, საფეხბურთო კავშირის ჩვეულებრივი თანამშრომლები არიანო.

მომეწონა ასეთი უბრალოება. იყო ასეთი შემთხვევაც: უეფაში მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა, რამაც კამათი გამოიწვია. გენერალურმა მდივანმა აიგნერმა შესვენება გამოაცხადა და დარბაზში დაბრუნებულებს მოგვმართა: - იმედია, შესვენება თქვენც საქმიანად გამოიყენეთ, მე კი ლუდის დალევაც მოვასწარიო. ლუდის ხსენებით, ვითარების განმუხტვაც სცადა.

ერთხელაც ასეთი მიდგომა მეც ვცადე, როცა კლუბების ხელმძღვანელებს ვხვდებოდით. ასე რომ დაველაპარაკე, "შევარდენის" პრეზიდენტმა ზურაბ ქიტიაშვილმა გაკვირვებულმა შემომხედა - ვასილიჩ, ხომ მშვიდობააო?

მაშინ ვუთხარი ჩემს თავს - დათიკო, მიხვდი, სადაც ხარ-მეთქი?! ყველაფრის მექანიკურად გადმოღება არ შეიძლება. ჩვენ ჩვენი ურთიერთობის ფორმები გვაქვს...

...ასე ეღირსა დღის სინათლე ანდრო ჟორდანიას წიგნს
- 1971 წლიდან სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოში ვმუშაობდი. მერე კი, ნოდარ ახალკაცის რეკომენდაციით, ერთ-ერთი განყოფილების უფროსად გადამიყვანეს. ვინც მე შევცვალე, კოლია სომხიშვილი, ოთახში უჯრებს ცლიდა და აკინძული ფურცლები გადმომცა.

ანდრო ჟორდანიას ნაწერი აღმოჩნდა და მითხრა: შვილო, რამდენიმე წლის წინ ანდროს ქართულ ფეხბურთზე წიგნის გამოცემა სურდა და ეს დაბეჭდილი ფურცლები დამიტოვა. მისი გამოცემა ვერ მოხერხდა, მაგრამ შეინახე და იქნებ ეს ამბავი შენ მაინც შეძლოო.

თურმე, მისი დროის სპორტკომიტეტის თავმჯდომარეს, სიხარულიძეს ერთხელ მიმართა, მაგრამ მას კატეგორიული უარით გაუსტუმრებია - მომაშორე, ჟორდანია არ გამაგონოო. ანდრო ნოე ჟორდანიას ძმიშვილი იყო, თავისუფალი კაცი გახლდათ, კომუნისტების მთავრობას აგინებდა და მისი წიგნის გამოცემა საფრთხილო საქმე იყო.

მე მაინც წავიკითხე. მომეწონა, იმდენად საინტერესო და მწვავე წიგნი იყო. ისევე, როგორც სოლჟენიცინის ნაწარმოებები, ჟორდანიას ნაწერებიც ხელიდან ხელში გადადიოდა და ხალხი ჩუმად კითხულობდა.

სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ კი უკვე ფილიპე მახარაძე მუშაობდა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. რამდენიმე თვეში ეს ფურცლები მასთანაც შევიტანე. საინტერესო კაცი იყო და მითხრა, ამას მივხედავო და რამდენადაც ვიცი, ჩასასწორებლად რომან მიმინოშვილს გადასცა.

როგორც ვხვდები, ასე ეღირსა დღის სინათლე ანდრო ჟორდანიას წიგნს - "ფიქრები ქართულ ფეხბურთზე". სხვათა შორის, გამოცემაში ბევრი დეტალი და კონკრეტული გვარია ამოღებული. უფრო მკაცრი კრიტიკა იყო. ანდრო კომუნისტური პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანსაც პირდაპირ ამხელდა. ამიტომაც იყო, შედეგის მიუხედავად, მაინც ებრძოდნენ და ხშირად ხსნიდნენ. ახლა ვფიქრობ, შავი მასალა უნდა შემენახა და წლების შემდეგ სრულად გამომეცა...

შებერტყილი მსაჯები
- სანამ ამაზე გეტყოდით, მერაბ მალაღურაძეს ველაპარაკე და მითხრა - მოყევი, პრობლემა არ არისო. მაგარი ამბავია. მერაბი ნიჭიერი მსაჯი იყო. თეორიას კარგად აბარებდა, მაგრამ ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება უჭირდა. ამის მიუხედავად, რადგან სამსაჯო კლასი ჰქონდა, რაღა დაგიმალოთ და, თვალს ვხუჭავდით.

გავიდა დრო და ფიფაში საერთაშორისო კატეგორიის მისანიჭებლად წარვადგინეთ. მაგრამ ფიზიკური ნორმატივები იქ მაინც ხომ უნდა ჩააბაროს? გასიებული კოჭით ჩამოვიდა და სიცილით მეუბნება - ვასილიჩ, ფიფას ნორმატივები ამ ფეხით ჩავაბარეო.

გადავირიე, როგორ-მეთქი? თეორიაში არც იქ გასჭირვებია. ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების დრო რომ დამდგარა, ადგილზე გასიებული კოჭით მისულა.

ფიფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელები შეწუხებულან - ბატონო მალაღურაძე, ეს რა მოგსვლიათო? ამან - მოთელვის დროს კოჭი გადამიტრიალდაო.

სინამდვილეში კი, იეშმაკა. იცოდა, ტესტის ჩაბარება რომ გაუჭირდებოდა და რა მოიფიქრა, ვერც წარმოიდგენთ: საქართველოდან პარკით ფუტკარი თუ ბზიკი წაიყვანა, ძალით აკბენინა და კოჭი ასე გაისივა.

აბა, ფიფაში ასეთ ოინბაზობას რას წარმოიდგენდნენ?! გამონაკლისი დაუშვეს, საპატიო მიზეზით ტესტები გამოატოვებინეს, ნორმატივები ჩაუთვალეს და კატეგორიაც მისცეს.

...სამოქალაქო ომის წლებია, ყველგან საჭმლის პრობლემაა. ამ დროს, "გურიას" ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი შალიკო კაკაბაძე ფეხბურთს შეეშვა და ვერაზე, ფილარმონიის წინ, ხილ-ბოსტნეულის მაღაზია გახსნა.

მასთან წარსულში ცნობილი მსაჯი კარლო ყრუაშვილი მეგობრობდა. ერთხელაც, კარლომ შალიკოს გაუარა და ხედავს, მანქანიდან კარტოფილს ტვირთავენ. რიგში 10-12 კაცია და სთხოვა, შალიკო, კარტოფილი მინდა და რიგში ნუ დამაყენებო.

შალიკომ შეიცხადა - ბიჭო, წესი რომ დავარღვიო, ამ 10 კაცთან უხერხული არ იქნებაო?

- შე დალოცვილო, 10 ათასი კაცის დასანახად რომ მთხოვდი პენალტის დანიშვნას, ის არ იყო უხერხულიო?!

აი, ასეთი ამბები იყო...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 5 /
საინტერესო სტატია იყო. მომეწონა.
Raul
12:33 11-02-2015
0
თავი დავანებოთ ამ ხალხს და დღეს მომუშავე პატიოსან მწვრთნელებს, დაფეხბურთელებს, ვეტერანებს მივხედოთ.გავიხსენოთ "გურიას" ფეხბურთელების გმირობა ფედერაციის და დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის დაარსებისათვის ბრძოლაში.იუბილე 25წ. ახლოვდება!
ტიფოზი
11:55 02-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული