ბიძინა ივანიშვილი: ქართულ ფეხბურთში 100 მილიონის ჩადებას ვაპირებდი, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტუმრად იყო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში - "მშვიდობით, იარაღო!", სადაც ერთ-ერთ თემაზე საუბრისას, ივანიშვილმა ქართული ფეხბურთის დაფინანსებასთან დაკავშირებით წლების წინათ მომხდარი ისტორია გაიხსენა - ანუ ის, რაზეც ბევრი თქმულა, თუმცა პირადად ივანიშვილისგან ეს არასოდეს მოგვისმენია.

"ზოოპარკიდან დახმარებისთვის იყვნენ მოსულები. მე ვუთხარი, რომ დაგაფინანსებთ, ყველაფერს მოგცემთ, ოღონდაც ყველა სხვა შემოსავალზე უარი უნდა თქვათ-მეთქი. იმიტომ, რომ ფულს შენ რომ გთხოვენ, შეიძლება სხვა წყაროებიც ჰქონოდათ - ეს "ნაციონალებმა" მასწავლეს. შესაძლოა, შემოსავლები სახელმწიფოსგან და გრანტებიდანაც შესდიოდეთ. მე ჭკუა ვისწავლე -
დაგაფინანსებთ, მაგრამ ისე არ იქნება, რომ არ ვიცოდე, ფული სად წავიდა-მეთქი. ამიტომ მინდოდა, რომ მხოლოდ მე დამეფინანსებინა.

რა თქმა უნდა, ჩემკენ აღარ შემობრუნებულან. ზუსტად ასე იყო ქართული ფეხბურთის საქმეც. მისმა მესვეურებმა გამომიგზავნეს ჩემი დიშვილი, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს.

ეს, დაახლოებით, 10 წლის წინათ იყო. იმათ გავუგზავნე ასეთი შეთავაზება: პირველ 3 წელიწადში 100 მილიონს მოგცემთ და შემდგომში ვნახოთ, როგორ გაგრძელდება, მაგრამ ერთ კაცს ვიცე-პრეზიდენტად ჩავსვამ, ყველა თანხა რომ გაკონტროლდეს-მეთქი", - განაცხადა ივანიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე - მხოლოდ თქვენი ფინანსების გაკონტროლება მოითხოვეთ თუ სხვა შემოსავლებისაცო, ივანიშვილმა დააკონკრეტა:

"არა, სხვა დაფინანსებისაც. ფულად წყაროებს ჩვენ მიერ დანიშნული პირი გააკონტროლებდა, რათა გვცოდნოდა, რომ ყველა გასავალი და შემოსავალი მიზნობრივად იხარჯებოდა. მაგრამ არ ისურვეს. მას შემდეგ სათოფეზე აღარ გამეკარნენ. ამ პროექტით იარეს და საბოლოოდ, თავი დამანებეს. რაგბის დახმარება ამის მერე დავიწყე".

ისე კი, მართალია გულშემატკივარი, რომელიც სულ სხვა თემაზე წერდა - საქართველოში ფულის კი არა, ფულის მიმთვისებლების პრობლემააო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ