რა ფერში უნდა შევღებოთ "დინამო არენა"? კამათი დაიწყო

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, 2015 წლის აგვისტოში თბილისი ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს. ბებერი კონტინენტის ორი უძლიერესი გუნდის ჯახი "დინამო არენაზე" გაიმართება.

გადაწყდა, რომ სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და საგრძნობლად განახლდება.

იწყება!
11 დეკემბერს სწორედ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა სტადიონის ხელმძღვანელების, ფეხბურთის ფედერაციის, სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის, თბილისის მერიის, მასმედიის, გულშემატკივრებისა და თბილისის "დინამოს" წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლის დროსაც არენის რეკონსტრუქციის დეტალები განიხილეს.

Sportall.Ge
ფოტოზე: დისკუსია სტადიონის რეკონსტრუქციის ირგვლივ

"2006 წელს, სტადიონის რეკონსტრუქციაზე მე და მამაჩემი, გია ქურდიანი ვმუშაობდით და მსურს, ბოდიში მოგიხადოთ, რადგან ბევრი რამ მაშინდელი
ხელისუფლების სურვილით გაკეთდა, ჩვენ კი არაფერი გვკითხეს.

მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს ხელისუფლება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ჩვენც გვისმენს", - ეს სიტყვები ცნობილ არქიტექტორ არჩილ ქურდიანს ეკუთვნის და ამ ემოციური შეხვედრის სულისკვეთებას კარგად გამოხატავს.

კახა გვანცელაძე, თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი:

"პროექტის განხორციელებამდე მსურს, მნიშვნელოვანი დეტალები გაგაცნოთ და ერთად ვიმსჯელოთ, როგორ და რა ფორმით აჯობებს რეკონსტრუქციის ჩატარება.

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მერიის, ფედერაციის, ტექნოლოგიური განვითარების ჯგუფისა და სტადიონის მეპატრონეები ერთად ვმუშაობთ. სახელმწიფო კომისიას კი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ხელმძღვანელობს".

გვანცელაძის თქმით, ტგფ-მ (ტექნოლოგიური განვითარების ფონდი) ხელშეკრულება გააფორმა შპს "დინასტიასთან", რომელსაც არჩილ ქურდიანი ხელმძღვანელობს და არქიტექტორულ ცვლილებებსაც სწორედ მისი ჯგუფი მოამზადებს.

გარდა ამისა, ტგფ ხელშეკრულებას გააფორმებს სამუშაოთა მწარმოებელ და რეკონსტრუქციისთვის აუცილებელი პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან.

მთავარია ხარისხი
სტადიონის შესასვლელებში (სულ 116 იქნება) ელექტრონული ბარათების სისტემას (ტურნიკეტებს) გერმანული კომპანია KABA დაამონტაჟებს, ოპერირებას კი ზუგეტი გაუწევს. შეიცვლება ერთი ტაბლოც, რომლის შესახებაც მოლაპარაკება ცნობილი კომპანიების: LG-ის, SONY-ს, Panasonic-ის, NEC-ისა და COLOSSEO-ს ცენტრალურ ოფისებთან მიმდინარეობს.

შეიცვლება სათვალთვალო კამერები, ელექტროენერგიის მიწოდების სისტემა კი გაძლიერდება.

გახალისება და გაუმჯობესება სჭირდება მედიაბლოკსაც. არასახარბიელო მდგომარეობაშია სტადიონის IT-სისტემა, რის გამოც უეფასგან საყვედურებიც მივიღეთ: "დინამო არენაზე" ინტერნეტის ხაზი სუსტია და მედიას მუშაობაში ხელს უშლის. ცხადია, სუპერთასამდე ეს აუცილებლად გამოსწორდება.

გვანცელაძის თქმით, პრესლოჟაში შესაცვლელი დეტალების ჩამოსათვლელად 20 წუთი არ ეყოფოდა, რადგან შესაცვლელია თავად პრესლოჟის მდებარეობაც, სამუშაო გარემო, პირობები და ასე შემდეგ. მან ზოგადად მხოლოდ ის თქვა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ მედიას აბსოლუტური კომფორტი ექნება.

ცხადია, ამას ჩვენი პირადი სურვილებიდან გამომდინარე არ ვამბობთ - სუპერთასს უცხოური მედიის უამრავი წარმომადგენელი თბილისურ შთაბეჭდილებებს ამ პრესლოჟის პრიზმიდანაც ასახავს და სასურველი იქნება, სამუშაო პირობები მართლაც ხარისხიანი იყოს.

სკამების ტენდერში საუკეთესო წინადადება კომპანია OMSI-მ წარმოადგინა: ინდივიდუალური სკამები 100 პროცენტით შეიცვლება და ამაზე 1,1 მილიონი ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, მოწვეული სტუმრებისა (5000 ადგილი) და VIP-ადგილებზე (500 ადგილი) ესპანური კომპანია DAPLAST-ის სკამები დამონტაჟდება, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავეა.

გვანცელაძე ამბობს, რომ სკამების ხარისხი გარანტირებულია და უმაღლეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს - არაა მსხვრევადი და აალებადი, ფერს არ იცვლის... ამ კომპანიის სკამებია "მარსელის", "კაიზერსლაუტერნის", მილანის "სან სიროს", "ბოლონიის", "ტორონტოსა" და კიდევ არაერთ სტადიონზე.

რა ფერის იქნება სკამები?
სკამების თემამ ყველაზე დიდი კამათი გამოიწვია. კითხვაზე, თუ რა ფერის დასაჯდომები დამონტაჟდებოდა, გვანცელაძემ უპასუხა - ყველას მოვუსმენთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთო.

გია გორგოძე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი: "ყველა ნორმალურ ქვეყანაში სადა ფერებს ამჯობინებენ, ქაჯებში კი ყველაფერი იცვლება.

ყველამ იცის, რომ "მიხეილ მესხსა" და "დინამო არენაზე" ჭრელი ფერები მიხეილ სააკაშვილის ნებით შეირჩა, რაც სტადიონს არ უხდება. "დინამო არენისთვის" კი ბუნებრივია ლურჯი ფერი.

აბა, ერთი, ვინმემ გაბედოს და "სანტიაგო ბერნაბეუ" ჭრელ ფერებში გადაწყვიტოს - ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება".

"დინამო არენის" დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ ევროპის 30 საუკეთესო სტადიონის ფოტოკოლაჟში საინტერესო სტატისტიკა წარმოადგინა: "დინამო არენასავით", 30-დან მხოლოდ 3 სტადიონზეა ("სან სირო", "ამსტერდამ არენა") სხვადასხვა ფერში "გამოწყობილი" ტრიბუნები. 4 სტადიონზე ორი ფერია. მაგალითად, კიევის "ოლიმპიური", "კამპ ნოუ"... 23 სტადიონზე კი ("სანტიაგო ბერნაბეუ", "ალიანც-არენა", "ოლიმპიაშტადიონი", "უემბლი", "სტემფორდ ბრიჯი", "მილენიუმი", "ფელტინს არენა", შტუტგარტის "მერსედეს ბენც არენა" და სხვა) ერთი დომინირებადი ფერია.

"თბილისში ჩამოსული იტალიელი დიზაინერები სტადიონზე იყვნენ და გაოცდნენ - როგორ შეიძლება სტადიონზე ეროვნული დროშისა და ჯვრის გამოსახვაო. გამიკვირდა, რა იყო ამაში მიუღებელი და იცით, რა გვითხრეს? ევროპაში ამას არავინ იკადრებს, რომ ჯვარზე დაჯდეს და ამით ქრისტიანული ღირებულებები შეურაცხყოსო.

წარმოდგენილი სტატისტიკაც მეტყველებს, რომ "დინამო არენის" ტრიბუნები ერთი ფერის სკამებით უნდა "შეიმოსოს". "სან სიროზე" 4 ფერი იმიტომ არის, რომ ის 2 გუნდს ემსახურება და დომინანტი ფერი გამორიცხული იყო. ჩვენს შემთხვევაში კი, გასათვალისწინებელია, რომ "დინამო არენა" თბილისის "დინამოსთან" იყო გაიგივებული და მისთვის ლურჯი ფერი აჯობებს", - ამბობს ჯღარკავა.

ამას არ დაეთანხმა გვანცელაძე: "მთავარია, ვინაა სტადიონის მესაკუთრე. თუ კერძო ჯგუფია, ფერი საკუთარი შეხედულებით შეუძლია შეარჩიოს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. "დინამო არენა" კი მერიის საკუთრებაშია და ჩვენ ყველას აზრი უნდა გავითვალისწინოთ".

მხოლოდ ლურჯი!
მერიის წარმომადგენლის ნათქვამი თბილისური კლუბის დირექტორმა ლევან ზუხბაიამ გააპროტესტა:
"ეს სტადიონი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან და სახელოვან კლუბთან, "დინამოსთანაა" ასოცირებული. "დინამო არენა" ჩვენს კლუბს 49-წლიანი იჯარით გადაეცა.

მის ერთჯერად რეკონსტრუქციაზე 8 მილიონი ლარი დავხარჯეთ, ყოველწლიურად კი 2 მილიონს ვდებთ. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ამიტომაც გელაპარაკებით მეპატრონის სტატუსით და ჩვენი გადასაწყვეტიცაა, რა ფერის სკამები დამონტაჟდება. ჩვენ კი ლურჯ ფერს ვამჯობინებთ, რაც მისთვის ბუნებრივი და მისაღებია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთადერთი სწორედ ეს ფერია, რომელიც ყველაზე ნაკლებ გაღიზიანებას გამოიწვევს. სხვათა შორის, 30 საუკეთესო სტადიონში ლურჯი ბევრგანაა დომინანტი, თან ნაკლები ხარჯიც იქნება".

ზუხბაიას სტადიონის პრესსამსახურის უფროსი მამუკა კვარაცხელიაც დაეთანხმა:
"სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების სათადარიგო ფორმადაც ლურჯი შეარჩიეს. ეროვნული დროშა კარგია, მაგრამ მოდით, ის გულშემატკივარმა აფრიალოს. ამით არაფერი დაშავდება.

ჩავატაროთ გამოკითხვა და ნახავთ, რომ გულშემატკივრების მოთხოვნაც ლურჯი ფერის სკამების დამონტაჟება იქნება".

"ალბათ, სიტყვა მეც მეთქმის, - დისკუსიაში არჩილ ქურდიანი ჩაერთო, - საერთოდ, ამ საქმეში "ერთი ფერის" ცნება არსებობს. თქვით, ხალხის ფულს ვხარჯავთ და მას უნდა გავუფრთხილდეთო. ექსპლოატაციის ხარჯების შესამცირებლად ერთი ფერის არჩევა ამიტომაც ჯობია.

ტრადიციებიც გასათვალისწინებელია - ამ სტადიონის ბრენდი "დინამოა" და ამიტომ ტრიბუნებს ლურჯი მოუხდება".

დაინახა რა საზოგადოების განწყობა, გვანცელაძემ განაცხადა:
"ეს შეხვედრა იმიტომაც გაიმართა, რომ თქვენი აზრი გაგვეგო. თქვენს დამოკიდებულებას მერიის ხელმძღვანელობას გავაცნობ და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მივიღებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
ფეხბურთი აღარ არსებობს და სტადიონს ღებავთ? რა გეშველებათ
0
დინამო არენაა და უნდა იყოს ლურჯად და თეთრად,ეწეროს დინამო თბილისი 1925 ქართულად და მორჩა, შეიძლებოდა ნახევარი მხარე ლურჯად ყოფილიყო და დინამო თბილისი წერებოდა მეორე ნახევარი წითელი სკამები და თეთრად წერებოდა საქართველო მაგრამ ლურჯი და წითელი ერთმანეტს რო არ უხდება... ამიტომ მხოლოდ ლურჯი და მხოლოდ თეთრი :)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული