"ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე კარგი არველაძე-კობიაშვილის გაერთიანება იქნება"

AutoSharing Option
ბოლო ორი წელია, ქართული კლუბების მმართველები პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ საქმეს თავი ვერა და ვერ მოება.

ამ საკითხზე ინტერვიუ ორგანიზაციის ყოფილ გენერალურ მდივანს, პაატა ბურჯალიანს ვთხოვეთ, რომელმაც, თავის დროზე, ლიგის პრეზიდენტ დიმიტრი რამიშვილთან ერთად, უმნიშვნელოვანესი პროექტები განახორციელა და საფეხბურთო ცხოვრება გამოაცოცხლა.

- თქვენი აზრით, ახლა შესაძლებელია პროფლიგის აღდგენა და კომერციული პროექტების განხორციელება?
- გონიერი ადამიანისთვის შესაძლებელია. პროფლიგა 2003 წელს დიმიტრი რამიშვილმა, რევაზ არველაძემ, ლერი სულაბერიძემ და რევაზ ლორთქიფანიძემ ჩამოაყალიბეს. შემდეგ მათ მეც შევუერთდი. მაშინ დღევანდელზე უარესი მდგომარეობა იყო,
რადგან სახელმწიფო ფეხბურთისგან შორს იდგა.

ბევრს საქართველოში ფეხბურთის კომერციალიზაციის არც სჯეროდა, მაგრამ, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველად, გენერალური სპონსორიც მოვიზიდეთ და სხვა არაერთიც - "კოკა-კოლა", "საქართველოს ბანკი", "ვი-თი-ბი ბანკი", "ჯეოსელი", "სნიკერსი", "ყაზბეგი", "აქსისი"...

Sportall.Geდიდი გარღვევა იყო, უმაღლესი ლიგის ყველა ფეხბურთელი კომპანია BCI-ში რომ დავაზღვიეთ. "ფოლკსვაგენის" დამსახურება იყო, სუპერთასი რომ აღვადგინეთ.

რაც მთავარია, კომერციალიზაციის გეგმას მივყვებოდით. ამ მიზნით დაფუძნდა მედიაკომპანია "კოლხიდა", რომელმაც ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟებზე უფლებების საფასურად, კლუბებისთვის ყოველ სეზონში უფრო და უფრო მეტი თანხის გადახდა დაივალდებულა.

საქართველოს თასის 2009 წლის ფინალის ტრანსლაციაში "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 5 ათასი დოლარი გადაიხადა, რაც ჩვენს რეალობაში უპრეცედენტო მოვლენა იყო - მეამაყება, რომ ეს ჩვენს დროს მოხდა... სხვათა შორის, 2010 წლის თასის ფინალშიც გადაიხადა "პირველმა არხმა" თანხა, როცა ლიგის პრეზიდენტი უკვე გია ფირცხალავა იყო.

ისეთ სარეკლამო კამპანიას ვაწარმოებდით, რომ საქართველოს თასისა და სუპერთასის მატჩებზე 25-30 ათასი მაყურებელიც კი მოსულა. ბევრი საფეხბურთო გადაცემა იყო, მოვლენებს კი ლამის ყველა ტელევიზია აშუქებდა. ვატარებდით ეროვნული ჩემპიონატის გალა-დაჯილდოებას - "დიას", რათა საქართველოში დასაქმებული მწვრთნელები და ფეხბურთელები დაფასებულიყვნენ და ცნობადები გამხდარიყვნენ. ამ ყველაფრით ქართული ფეხბურთის კომერციალიზაციის ნიადაგს ვქმნიდით.

მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი მაინც პროფლიგას ლანძღავდა.

- ზვიად სიჭინავას პროფლიგის არსებობა რაში უშლიდა ხელს?
- თავად ჰკითხეთ, ყველაფერ პროგრესულს რატომ ეწინააღმდეგებოდა და ისიც, თავად რამდენი სპონსორი მოიზიდა ან კომერციალიზაციისკენ ერთი ნაბიჯი მაინც თუ გადადგა? კომერციალიზაციის საფუძველი 10-გუნდიანი ჩემპიონატი უნდა გამხდარიყო.

სხვათა შორის, სახელმწიფო კლუბებისა და მათი მფარველებისგან მაშინაც დიდი ზეწოლა იყო, მაგრამ "გუბერნატორების ჩემპიონატზე" შეგნებულად ვთქვით უარი, ლიგაში ანარქია არ დავუშვით და სპორტული და კომერციული პრინციპებით ვიხელმძღვანელეთ, რადგან სახელმწიფო კლუბების ინტერესები კერძოებისაზე პროგრესული ვერ იქნება...

ავიღოთ ლიცენზირების საკითხი - ესეც უეფას მოთხოვნების მიხედვით დავაყენეთ. იყო შემთხვევები, გუნდებმა უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს, მაგრამ რადგან ბიუჯეტი გათვლილი არ ჰქონდათ, ლიგაში არ დავუშვით. მოუწესრიგებელ და უფულო გუნდს ლიგაში არაფერი ესაქმებოდა, რადგან ეს დონის დაცემის წინაპირობა გახდებოდა.

მეორეც იყო - სახელმწიფო კლუბების პატრონებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდათ და ამით გარიგებული მატჩების ალბათობა იზრდებოდა. სიჭინავამ კი სწორედ ეს გზა ამჯობინა, უეფას ლიცენზირების მოთხოვნები უგულებელყო და ვერც მიხვდა, რომ ამით წინსვლაზე თქვა უარი.

სიჭინავა კერძო კლუბებსაც ეწინააღმდეგება და მათი წარმომადგენლები, პრეზიდენტად გახდომისთანავე, აღმასკომიდან გამოყარა. როგორც მე ვიცი, უმრავლესობასთან დღესაც არ აქვს კარგი ურთიერთობა. ჩვენ კი ამ ხალხს ვუფრთხილდებოდით...

- სიჭინავა კერძო კლუბებს რატომ ეწინააღმდეგებოდა?
- ამის ახსნა შეუძლებელია. ახლა საერთოდ სასწაული გააკეთა - უმაღლესში 16 გუნდი დაუშვა და მათთვის კრედიტი უეფადან აიღო. გავა კიდევ 4 თვე, კლუბებს პრობლემები ისევ მოაწვებათ და საინტერესოა, მათ დასაფინანსებლად ბანკებში როდემდე უნდა იაროს? ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვუშვებდით და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც დაგვიპირისპირდნენ.

ფაქტია, რომ 2010 წლის შემოდგომაზე სიჭინავამ პროფლიგის წარმატებული პროექტი შეაჩერა, რადგან მისი მნიშვნელობა ვერ გაიგო. მერე თქვეს - პროფლიგა ბევრ ქვეყანაში არ არისო და დაასახელეს ანდორა, ლიხტენშტაინი, ფარერები, ალბანეთი, სომხეთი... სწორება ამ ქვეყნებზე ჰქონიათ და მერე რა გვიკვირს?! ჩვენ კი წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების გზა ვამჯობინეთ და ამ გზიდან რომ არ გადაგვეხვია, დარწმუნებული ვარ, დღეს ქართული ფეხბურთი უფრო განვითარებული იქნებოდა.

- ობიექტურად რომ ვთქვათ, ლიგის საქმიანობა 2009 წელს შეჩერდა, რადგან ფინანსური პრობლემები შეექმნა...
- ისიც ვთქვათ, რომ ეს მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთთან ომის შემდგომი პერიოდია. "კოლხიდას" მეპატრონე ლექსო თოფურია ფინანსური ვალდებულებების გადახდის გადავადებას ითხოვდა, რადგან კრიზისის გამო პრობლემები შეექმნა. ამის მიუხედავად, გუნდებისთვის ყოველ ახალ საფეხბურთო სეზონზე, წინასთან შედარებით, 100 ათასი ლარით მეტის გადახდას აპირებდა.

მაგრამ სიჭინავა არ ითმენდა, თითქოს, არ იცოდა, რა პრობლემები იყო. რეალურად, ჩვენი კურსის შეჩერება სპორტის მაშინდელმა მინისტრმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტეს, სიჭინავამ კი მათი დავალება შეასრულა. მერე რამიშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. პროფლიგის მნიშვნელობა მის ნაცვლად მოსულ ფირცხალავასაც კარგად ესმოდა, მაგრამ სიჭინავამ მაინც თავისი გაიტანა.

ერთი პრინციპული სხვაობაცაა - რამიშვილს ფული კომერციული სტრუქტურებიდან მოჰქონდა და არა - სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ სახელმწიფოს როლიც ესმოდა და პროფლიგის დამფუძნებლებთან ერთად, ხელისუფლება სოლიდური ინვესტიციების ჩადებაზე დაითანხმა. საქმე ეხებოდა ნაკრების მწვრთნელის დაფინანსებას, სტადიონებისა და მოედნების რეაბილიტაციას, სამედიცინო ცენტრის დაფუძნებას... პარალელურად, ცხადია, ბიზნესსაც ვაინტერესებდით და ამ ვითარებიდან გამოსვლას ვცდილობდით.

- სპონსორების მოზიდვის მცდელობა სიჭინავასაც ჰქონდა, მაგრამ ბიზნესს ჩვენი ჩემპიონატი არ აინტერესებს...
- გგონიათ, ჩვენს დროს თავს იკლავდნენ? მაგრამ შეთავაზება ისეთი სწორი ფორმით ხდებოდა, რომ ბიზნესი ინტერესდებოდა. ან როგორ მოიზიდავს დღევანდელი პრეზიდენტი, როცა ჯანსაღ და პროგრესულ აზრს ეწინააღმდეგება?!

ჩვენი უბედურებაა, ის რომ ხელმძღვანელობს ფედერაციას. სიჭინავას პერიოდში ყველა მიმართულებით უკან დავიხიეთ და ახლა აცხადებს, არჩევნებში მონაწილეობა მსურსო. მაგრამ, როგორც მოვიდა ფედერაციაში, ისე გზას აღარავინ გაუკაფავს. ამბობენ, ბევრი რამ ააშენაო - ეს ყველაფერი სახელმწიფოსა და ფიფა-უეფას სახსრებით მოხდა. ბიზნესს კი ფეხბურთი არ აინტერესებს და თეთრსაც არავინ იხდის. ტელევიზიებს ფულს იქით სთავაზობდნენ და ეროვნული ჩემპიონატის გაშუქება მაინც არავის უნდა. იმიტომ, რომ კომერციული პრინციპი მოისპო.

რამდენიმე დღის წინათ ამაზე დიმიტრი რამიშვილს ველაპარაკებოდი. გული გვიკვდება, ფეხბურთი ასეთ დღეში რომ არის ჩავარდნილი...

- ფეხბურთში დაბრუნებაზე ხომ არ გიფიქრიათ?
- დანამდვილებით გეტყვით, რომ ამაზე არ ვფიქრობთ. ახლა ერთ-ერთ უძლიერეს და მოწინავე ქართულ ბიზნესჯგუფ "ივერია გრუპში" დიმიტრი რამიშვილთან ერთად ვსაქმიანობ, რომლის დამფუძნებელიც თავად არის. მაგრამ ფეხბურთი ძველებურად გვიყვარს და იმედია, ფედერაციაში ის ხალხი მოვა, ვინც ჩვენს ფეხბურთს კომიდან გამოიყვანს.

საერთოდ, ჩემი სუბიექტური აზრია, რევაზ არველაძე და ლევან კობიაშვილი რომ გაერთიანდნენ, ეს ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილება იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მართლა რა კარგად ლაპარაკობდა და ბოლოს არველაძეო ჩემი :D
Raul
16:40 01-12-2014
0
კარგი რა შეგრცხვეთ ბოლობოლო, რა დროს ეს ძველი ჭირია არველაძეების სახით, ახალი იდეებით და მხოლოდ გამარჯვების წყურვილით შეპყრობილი ხალხი უნდა მოვიდეს ფედერაციაში, და მწვრთვნელიც ტებერვალში მათ დანიშნონ.
მამლუქი ქართლოსი აქვე
16:26 26-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული