მამუკა მესხი: საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ადგილზე კორპუსების აშენება სურთ!

AutoSharing Option
"ლელო" უკვე წერდა, რომ მიხეილ მესხის ძეგლის გახსნაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თქვა - თბილისის მერია მზადაა, მეტი კარგი საქმე გააკეთოსო, რაც ლეგენდარული ფეხბურთელის შვილიშვილმა, მსახიობმა მიშა მესხმა აიტაცა და მიმართა:

"დათო, სიტყვაზე გიჭერ და საჯაროდ მოგმართავ, რომ მესხების ოჯახს ბაბუის დაარსებული საფეხბურთო სკოლა "ავაზას" დაბრუნებაში დაგვეხმარო. მიხარია, რომ ხალხი და ქვეყანა დიდ მიშა მესხს აფასებს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საფეხბურთო ცენტრის შენარჩუნება" (იხილეთ ვრცლად).

ამ თემაზე ინტერვიუ "ავაზას" ყოფილ დირექტორ მამუკა მესხს ვთხოვეთ, რომელიც სკოლის გასხვისების დეტალებზე გველაპარაკა:

- "ავაზას"
საფეხბურთო სკოლის გასხვისებაზე ბევრი დაიწერა. თითქოს ყველაფერი ცნობილი იყო, თითქოს ოჯახი მის მფლობელ კომპანია "ვისოლს" უთანხმდებოდა და ამ დროს, მიშა მესხმა მისი დაბრუნება მოითხოვა. იქნებ, გვითხრათ, რა ხდება?

- ცნობილი ამბავია: როცა დიდმა მიშა მესხმა კარიერა დაასრულა, მან საფეხბურთო სკოლა "ავაზა" ჩამოაყალიბა. სამწუხაროდ, ახლა ამ საფეხბურთო ცენტრის დაბრუნების იმედი არ ჩანს. ეს ოჯახს მაშინ გვსურდა, როცა "ავაზა" გასხვისდა. სკოლა მერიის ბალანსზე იყო და როცა ტენდერი გამოაცხადეს, მივედით და ყიდვის სურვილი გამოვთქვით.

- "ავაზას" შესყიდვას გვარიანი თანხა დასჭირდებოდა და ფინანსები სად მოიძიეთ?
- 2008 წელს გვერდში ცქიტიშვილი და კობიაშვილი დამიდგნენ. 50 ათას დოლარს მერიის ანგარიშზე ვრიცხავდით და ყველა ვალდებულებას საკუთარ თავზე ვიღებდით. მერიაში ისე გვითხრეს - რა კარგია, "ავაზა" ოჯახს რომ დარჩებაო, თითქოს, გაუხარდათ და დაიმედებულები წამოვედით. მაგრამ მერე მივხვდით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვები იყო - თურმე გვეთამაშებოდნენ.

ჩვენი ჩანაფიქრი რომ გაიგეს, "ავაზას" კიდევ სხვა ობიექტები მიაბეს და ფასი 6 მილიონამდე გაზარდეს. გამიკვირდა, საცურაო აუზი და საჭიდაო დარბაზი "ავაზასთან" რა კავშირში იყო ან რატომ უნდა შემესყიდა ის ობიექტები, რომელთა მიმართ არანაირი ინტერესი არ მქონდა? ვიფიქრე, მაინც მივალ აუქციონზე-მეთქი. მაგრამ ექვსი თვის შემდეგ გავიგეთ, რომ "ავაზა" გაასხვისეს. უფრო სწორედ, სააკაშვილმა კომპანია "ვისოლს" სამი ობიექტი სიმბოლურ ფასად - 5 ათას ლარად პირდაპირი ჩუქების წესით გადასცა.

არადა, ოჯახმა მკაფიოდ ვთქვით, რომ "ავაზას" არაფრის დიდებით არ დავთმობდით, სკოლის დაბრუნება და მამის დანატოვარის შენახვა და მოვლა გვსურს. მათ კი ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით რაღაც სხვა იდეები აქვთ.

- რას გულისხმობთ?
- "ავაზას" ადგილზე კორპუსების თუ რაღაც სხვა ობიექტების აშენება სურთ.

- "ლელოსთან" ინტერვიუში კომპანია "ვისოლის" წარმომადგენელმა ეს ხმები კატეგორიულად უარყო...
- სამწუხაროდ, მაინც ასეთი აზრი დამრჩა. "ვისოლს" ვთხოვე, ეჩვენებინათ საბუთი, რომ "ავაზის" პროფილს არ შეუცვლიდნენ. რაზეც მიპასუხეს, ობიექტი წამგებიანი თუ იქნება, ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით სხვა იდეებიც გვაქვსო. მაგრამ ამ იდეის განხორციელების საშუალებას არავის მივცემთ, რადგან ეს მიწა მამას საფეხბურთო სკოლის ასაშენებლად მისცეს და არა - სახლების წამოსაჭიმად.

- ერთი ხანობა, კომპანიასთან ხომ გქონდათ მოლაპარაკება?
- მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ, მაგრამ თანხის გარეშე არ თმობენ. რადგან ოჯახი ხართ და დაინტერესებული ბრძანდებითო, მითხრეს - 2 მილიონი ლარი გადაიხადეთო. "ავაზას" ალტერნატივად, დიღომში ჩვენს საკუთრებაში არსებული სხვა მიწები შევთავაზე - გავცვალოთ-მეთქი. არავის არაფერს ვუკარგავ - "ავაზაზე" საფარი შეცვალეს და შენობა გაარემონტეს. მაგრამ მიწების გაცვლაზე უარი მითხრეს - "ავაზას" ტერიტორია 5 მილიონი ღირს, თქვენი მიწები კი სულ 100 ათასად ფასობს და როგორ გაგიცვალოთო?

მოკლედ, დათმობა არ სურთ. ჩვენც არაფერს დავთმობთ. მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ "ავაზას" ადგილზე სახლების ან სხვა ობიექტების აშენებას არ დავუშვებთ.

* * *
ამ საკითხზე "ავაზას" ამჟამინდელი მფლობელის, კომპანია "ვისოლის" პოზიციის დაფიქსირებასაც შევეცადეთ. კომპანიის პიარმენეჯერ რუსუდან კბილაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ასეთი კომენტარი გამოგვიგზავნა:

"დღესდღეობით, საფეხბურთო სკოლა "ავაზა" კომპანია "ვისოლთან" ერთად ყოველთვიურად 420 ბავშვის უკეთეს მომავალზე ზრუნავს. მათ შორის, 80 - სოციალურად დაუცველია.

"ვისოლმა" საფეხბურთო სკოლაში დღემდე მოლიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და მომავალი ფეხბურთელების პროფესიულ ზრდაზე პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად ზრუნავს.

ჩვენ ქართული ფეხბურთის მომავალს მათთან ერთად ვხედავთ და "ავაზას" პროფილის შეცვლაზე არასდროს გვიფიქრია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შედი ქალო კარავში! და საერთოდ, ეს ქალი ხო მაგარი კიტრი ყავთ და ფეხბურთიც მაგრად არ ადარდებთ, ამათ ბაქოს ბენზინში ორმაგის მოგება და ამისთანები უნდათ
რუსუდანს
20:39 22-11-2014
0
მეტი არა ვისოლი ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრობდეს.როგორც "ტორპედო" ქუთაისი ააღორძინა ვისოლმა ისე ააღორძინა "ავაზა".
patikoo11@mail.ru
20:22 22-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული