აკაკი დევაძის სამი კლინიკური სიკვდილი: ალბათ, ჯოჯოხეთი ვნახე...

AutoSharing Option
აკაკი დევაძე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გამორჩეული მეკარე იყო. პროფესიულ ღირსებებთან ერთად, თავი იმითიც დაგვამახსოვრა, რომ ფეხბურთს ნაადრევად შეეშვა და სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

პირველი მეკარეა, რომელიც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (1995).

იყო დრო, მასზე აღტაცებით ლაპარაკობდნენ, მაგრამ დევაძეზე ბევრი რამ მაინც უცნობია. მაგალითად, ის, რომ სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, საკუთარი ნებით უარი თქვა მადრიდის "ატლეტიკოზე" და, თურმე, გამორჩეულად გულწრფელსა და უშუალოს რუსებმა სიმღერა მიუძღვნეს...

აკაკი დევაძე ჟურნალ "ლელო week-ს" თავისი ცხოვრების უცნობ ისტორიებს უყვება...

- 6 წლიდან "ნორჩ დინამოში" რეზო
გაგუა და სერგო აპრესიანი მზრდიდნენ. მათ ჩემზე დიდი ამაგი აქვთ. როგორც კი სკოლა დავამთავრე, 16 წლისა უკვე თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი - მაშინ გუნდს გერმან ზონინი წვრთნიდა.

ტრაბახში არ ჩამომართვათ და, ბავშვობიდან გამომარჩევდნენ და ერთი წლით უფროსების საქართველოს ნაკრებშიც ხშირად მიწვევდნენ. ბევრ ტურნირზე ამიღია საუკეთესო მეკარის პრიზი. ასაკობრივ საბჭოთა ნაკრებში არ მითამაშია, მაგრამ საკავშირო სპორტსაზოგადოება "დინამოს" შეკრებაზე მე და დათო ყიზილაშვილი მიგვიწვიეს, რეზო გაგუა კი ერთ-ერთი მწვრთნელი გახლდათ.

იქ იყო იური ნიკიფოროვი, რომელმაც შემდეგ "სპარტაკსა" და "ეინდჰოვენში" ითამაშა; კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების მცველი სერგეი ბეჟენარი; მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი ილია ციმბალარი - ისინი უფროსები იყვნენ...

ახლახან გავიგე, რომ ციმბალარი გარდაიცვალა... გული მომიკვდა... დიდი ხნის ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ კარგად მახსენდება - მაგარი კაცი იყო, გულიანი, უშუალო... თან უნიჭიერესი ფეხბურთელიც გახლდათ, ტექნიკური, კარგ დონეზეც ითამაშა. ერთად ვიყავით საფრანგეთის ტურნირზე.

ისე, სმა მაგრად კი უყვარდა, ისევე, როგორც ნიკიფოროვს და ბეჟენარს. რომ იცოდეთ, მაშინ მე ნამდვილად არ ვსვამდი და რეჟიმსაც არ ვარღვევდი...

დაუვიწყარი გერმანია
- საქართველოს ნაკრების წევრი მისი ჩამოყალიბებისთანავე გავხდი. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 1994 წელს, გერმანიასთან ჩავატარე. დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობდით - მათეუსი, კირსტენი, კლინსმანი, მიოლერი, ჰესლერი, ბასლერი, მეკარე კიოპკე. ისეთი ძლიერი ნაკრები იყო, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა...

გასვლაზე 1:0-ს ვუგებდით, ანგარიში ქეცბაიამ გახსნა. მაგრამ მერე ვეღარ გავაჩერეთ, ბუნდესგუნდი მანქანასავით მუშაობდა. ეს მატჩი "იუთუბზე" დევს, ხშირად ვატრიალებ და ვხვდები, რა შეცდომები დავუშვი, მაგრამ ბევრი სახიფათო დარტყმაც მოვიგერიე.

ეს ის პერიოდია, როცა კარიერის პიკში ვიმყოფებოდი. მალე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, რუსეთში გადავედი და "როსტოვის" შეუცვლელი მეკარე გავხდი. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სერგეი ანდრეევი იყო. მას შვილივით ვუყვარდი და ოჯახის წევრად მთვლიდა. მისი მეუღლეც თავს მევლებოდა.

Sportall.Ge

სხვათა შორის, ანდრეევის მთავარი მწვრთნელობა ჩემი დამსახურებაც იყო, რადგან გუნდში 1995 წელს მივედი, როცა ის ჯერ კიდევ თამაშობდა. მაჩანჩალები ვიყავით და ბევრჯერ გუნდი პირადად გადამირჩენია. სეზონის ბოლოს ვეტერანებიც გაუშვეს და მთავარი მწვრთნელიც. მის შემცვლელს რომ არჩევდნენ, ანდრეევმა მწვრთნელობა მოინდომა. შეიძლება, ცოტა ხმამაღლა მოგეჩვენოთ, მაგრამ ისეთი ავტორიტეტი მქონდა, პრეზიდენტთან და ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას მეც მკითხეს - ვის კანდიდატურას ამჯობინებო?..

მოკლედ, ანდრეევის მადლიერი ვიყავი. როსტოვში სინჯებზე რომ ჩავედი, მწვრთნელს უთხრა - ეს ბიჭი ხელიდან გასაშვები არ არის და რაც უნდა მოითხოვოს, დავიტოვოთო. როგორც ავტორიტეტულ მოთამაშეს, დაუჯერა. მეც სიკეთე სიკეთით დავუბრუნე და ანდრეევსაც ამიტომ დავუჭირე მხარი.

ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხშირად მასახელებდნენ, "სპორტ-ექსპრესმა" წლის საუკეთესო მეკარედაც დამასახელა. მაგრამ მაშინ, როცა მეგონა, რომ გაცილებით მეტს მივაღწევდი, უცებ ყველაფერი ამერია...

ჩვენს შორის შავმა კატამ გაირბინა
- საბოლოოდ, სწორედ ანდრეევის ოჯახთან ახლობლობა შემომიტრიალეს ცუდად. საქმე ისაა, რომ გუნდში ვიღაცები შავბნელ საქმეებს აკეთებდნენ, რაზეც ღიად ლაპარაკს მაინც მოვერიდები. ბევრი თამაში ჩააგდეს, მე და გოჩა გუჯაბიძე კი ამ საქმეებისგან შორს ვიდექით, არაფერს გვეუბნებოდნენ და ზურგსუკან "ჩალიჩობდნენ". მაგრამ ჩვენნაირები ამ ჯგუფს ხელს უშლიდნენ, საქმეს მეკარის გარეშე ვერ გააკეთებდნენ...

სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, თავიდან მომიშორეს: ანდრეევს უთხრეს, დევაძე შენს ცოლთან დადისო - შვილებს ვფიცავარ, მსგავსი არაფერი მომხდარა. კაცი ოჯახში რომ შეგიშვებს, მეგობრულად მიგიღებს და დიასახლისს სხვანაირად რომ დაუწყებ ყურებას, გუნდიდან გასაგდები კი არა, მოსაკლავი ხარ. მე ყოველთვის ამ პრინციპებით ვცხოვრობდი.

მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობის მიუხედავად, ანდრეევმა ეს ცილისწამება დაიჯერა. ეს მოგვიანებით გავიგე.

უცებ, გუნდის შეუცვლელი მეკარე შემადგენლობაში აღარ დამაყენა, მერე ინტერვიუებში ჩემზე ისე ილაპარაკა, მივხვდი, სახელის გაფუჭებას ცდილობდა, რეჟიმის დარღვევაზე აკეთებდა აქცენტს. ასეთი კომენტარიც გააკეთა - ფორმაში არ არის და დამწყები ვლადიმიროვი სჯობიაო.

მისი დამოკიდებულების ასე მკვეთრად შეცვლის მიზეზს ვერ ვიგებდი, არადა, მაშინ წესიერად ვიქცეოდი. როსტოვში ხალხს ისე ვუყვარდი, სიმღერაც დამიწერეს, სადაც ასეთი სიტყვები იყო - "შენ ხარ მსოფლიოში საუკეთესო, აკაკი". მერე და მერე, მოედანზე რომ არ ვჩნდებოდი, ფანებმა ერთი ამბავი ატეხეს და ანდრეევისგან განმარტება მოითხოვეს, რას ერჩი დევაძესო.

კარიერა ამ ცილისწამებით დამინგრიეს. მერე ბევრს კი ვეცადე, ისრაელში კარგი მატჩები ჩავატარე... სიმბოლურში იქაც ვხვდებოდი, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატი მაინც სხვა სიმაღლე იყო. რომ არა ანდრეევთან კონფლიქტი, კარიერის ბოლომდე რუსეთში ვითამაშებდი. ვგრძნობდი, ეს შემეძლო.

უარი მადრიდის ატლეტიკოს
- ანდრეევმა ჩემს დასაძირად ისეთი არგუმენტები მოიყვანა, ხალხს ეცინებოდა. იმ სეზონის პირველ წრეში ხომ რუსეთის საუკეთესო მეკარე გავხდი.

ჩემი ბრალიც იყო: მაშინდელი რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერისგან, ვოლგოგრადის "როტორისგან" კარგი შეთავაზება მივიღე და უნდა წავსულიყავი. ამ გუნდმა შემდეგ უეფას თასზე "მანჩესტერთან" 2:2 ითამაშა...

საერთოდ, მიწვევებით განებივრებული არ ვიყავი, მაგრამ ორი კარგი ვარიანტი მაინც გამომიჩნდა. "როსტოვში" კარგად რომ ვიყავი, ებრაელმა მენეჯერმა გრიშა კრაიცერმა ორი კონკრეტული წინადადება შემომთავაზა მოსკოვის "დინამოსა" და მადრიდის "ატლეტიკოსგან".
მაგრამ ესპანეთში სინჯებზე უნდა ჩავსულიყავი. იქ კარში უნსუე მყარად იდგა და კონკურენცია მასთან მექნებოდა. ამის კი არ შემშინებია, მაგრამ "როსტოვის" პირველი მეკარე ვიყავი, რუსეთში კარგი სახელი მქონდა, ფინანსურადაც კარგად ვიყავი და არ დავმალავ, სინჯებზე წასვლა ვიუკადრისე.

ახლა კი ვფიქრობ, რომ უნდა წავსულიყავი, რას ვკარგავდი?

ასე თუ ისე, რაღაცას ვახერხებდი, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე და უფრო უკეთ თამაშიც შემეძლო და უკეთესი კარიერის აწყობაც. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და ამ პერიოდში მაქსიმალურის მიღწევას უნდა შეეცადო. თორემ, დალევასა და დროსტარებას ფეხბურთის შემდეგაც მოასწრებ.

მაგრამ მე ეს ყველაფერი ერთდროულად მოვინდომე. რეჟიმსაც არ ვიცავდი, შრომაც დავაკელი და ცოტა ვიზარმაცე კიდეც. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. ამას დაერთო ისეთი ტრავმები, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლებელი გახდა...

სამი კლინიკური სიკვდილი...
- საერთოდ, ჩემს თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ... ვერ დაიჯერებთ, მაგრამ სამჯერ გადავიტანე კლინიკური სიკვდილი. ამის ბრალიცაა, "როტორში" რომ არ დავრჩი.

გუნდში ოთხი თვე ვიყავი. გარეთ 40 გრადუსი ყინვა იყო და გერმანიაში შეკრებამდე ერთი დღით ადრე, მძლეოსნობის დარბაზში ვვარჯიშობდით. ერთ ეპიზოდში ნიდერჰაუსს ფეხებში ჩავუწექი და ბეტონს თავი დავარტყი. დაახლოებით ოთხი საათი ყველას გარდაცვლილი ვეგონე. ძლივს გადავრჩი.

მეორედ ეს ისრაელში მომივიდა. ეს ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო. თამაშის დროს მეტოქე მუხლით სახეში შემეჯახა. გონება დავკარგე, პირიდან დუჟი გადმომივიდა და მაშინაც ყველას მკვდარი ვეგონე... ისეთი შოკი იყო, ტურის ყველა შეხვედრა გააჩერეს. პირს ვერ მიხსნიდნენ და იძულებულები გახდნენ, წინა კბილები ჩაემტვრიათ. კიდევ კარგი, ეს ისრაელში შემემთხვა, სადაც მედიცინა უმაღლეს დონეზეა და მიშველეს, თორემ ამ ინტერვიუს ვერ მოგცემდით...

მესამე ისტორია 2005 წლის 30 მარტს, თურქეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრისას მოხდა. ბურთის ასაღებად გავვარდი და ბაშთურქი თავით შემეჯახა, ამისულაშვილი - ფეხით. პირის დახურვა მსურდა და ვერ ვხურავდი. თურმე, ნიკაპი და ყვრიმალები 16 ნაწილად დამემსხვრა.

Sportall.Ge

აუტანელი ტკივილისგან გული გამიჩერდა. ვიხილე, რომ ზემოთ კარები დაიკეტა და ქვემოთ სწრაფად მივექანებოდი, სადაც არ მინდოდა, იქ ცეცხლი იყო. რა ვიცი, ალბათ, ჯოჯოხეთი იყო... გახსენება არ მინდა...

ეს ამბავი კლინიკურ სიკვდილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ შევიცვალე. ერთი ეგ არის, რომ შიშის გრძნობა დავკარგე.

ნაკრებში სანაძლეოთი დავბრუნდი
- პირველი ორი შემთხვევის მიუხედავად, მაინც ვთამაშობდი, სანამ 2000 წლის დასაწყისში ფეხში არ მესროლეს. ტყვია მუხლში მომხვდა. ასე თამაში ძალიან ძნელი იყო და კარიერა პირველად მაშინ დავასრულე.

2002 წლის ბოლომდე ფეხბურთზე აღარც მიფიქრია. სულ შემთხვევით, სანაძლეოთი მომაბრუნეს. იმ დროისთვის უკვე მაგრად ვსვამდი. ჩემი მეგობარია გია თინიკაშვილი, რომელსაც სუფრაზე დავენაძლევე - ხვალ ჩავალაგებ ჩანთას, წავალ, დავიწყებ ვარჯიშს და ნაკრებში დავბრუნდები-მეთქი.

შანსი არ არისო, დამენაძლევა. არადა, საქართველოს ჩემპიონატს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, ამ დონეზე მეც ვითამაშებდი და კიდევ ბევრსაც ვაჯობებდი. დავამტკიცე კიდეც.

Sportall.Ge

მართლაც დავიწყე ვარჯიში. ფორმის აღსადგენად, ცოტა ხნით ნოდარ აკობიასთან (რომელიც ძალიან მეხმარებოდა), რეგიონული ლიგის "ყაზბეგში" ვითამაშე. მერე მურთაზ ხურცილავასთან თბილისის "სპარტაკში" ვვარჯიშობდი. თუკი ვინმეს მადლიერი ვარ, მისი და რეზო გაგუასი... ბოლოს "თბილისში" გადავედი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოდა.

გამოცდილებამ თავისი გაიტანა - თამაშს წინასწარ "ვკითხულობდი" და ვხვდებოდი, შეტევა როგორ წარიმართებოდა. ამის ხარჯზე ხშირად რთული ბურთების მოსაგერიებლად ნახტომიც არ დამჭირვებია და ბევრი შეხვედრა ისე დამისრულებია, ოფლიც არ გამომსვლია...

სადღაც 7 თვის შემდეგ უკვე კარგ ფორმაში ვიყავი და ნაკრებში ჩემს დაბრუნებაზეც ალაპარაკდნენ. ალენ ჟირესმა მიმიწვია. მაშინ განსაკუთრებული მონდომებით ვვარჯიშობდი...

მესამე კლინიკურმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ შემიშალა ხელი. მაინც არ გავჩერებულვარ. ისევ თბილისის "სპარტაკში" დავბრუნდი.

2006-08 წლებში ზუგდიდის "მგლებში" ვითამაშე და გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დავეხმარე. მაგრამ პირველივე ტურში, ახალციხის "მესხეთთან" მატჩისას, მეტოქე ფეხბურთელს შევეჯახე, ხელი მოვიტეხე და მივხვდი, რომ ფეხბურთიდან ჩემი წასვლის დრო იყო.

ამ წვალება-წვალებით, ნაკრებში 20 შეხვედრა მაინც ჩავატარე...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 13 /
აკაკი ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს. სული და გული ჩანდა ქართული თითოეულ შენს თამაშში, სიამოვნება იყო შენი თამაშების ყურება. ზურას სული აცხონიოს ღმერთმა ძალიან მაგარი ძმა გყავდა.
alkapone
12:00 03-02-2014
0
ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მოგცეს დიდო ადამიანო--გაიხარეეეეეეეეე
nodo
19:07 01-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული