ფოტოისტორია: ნამდვილი ლეგიონერი

AutoSharing Option
ეს ფოტო 1986 წელსაა გადაღებული თბილისის "დინამოს" ბაზაზე, მეწამული აგურით ნაშენებ სახლთან, სადაც ქართული ფეხბურთის გული ფეთქავდა.

ასლან ბალაძე, რევაზ ჩელებაძე, ვალერი გაზაევი და ზაურ სვანაძე - მათ სხვანაირი კარიერა ჰქონდათ, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ფეხბურთელები იყვნენ, იმ კონკრეტულ მომენტში კი - თანაგუნდელები, რომლებიც საქართველოსთვის თამაშობდნენ.

"დინამო" მაშინ ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო. როცა "დინამო" თამაშობდა, სტადიონზე ათეულათასობით ხალხი იკრიბებოდა. ასე იყო ყოველთვის, არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, "დინამოს" მეტოქე "ქაირათი" იყო თუ კიევის "დინამო"...

ბალაძე ბოლოს ქობულეთის "შუქურას" წვრთნიდა, სვანაძე კახა ცხადაძის
თანაშემწეა ბაქოს "ინტერში", ჩელებაძე საფეხბურთო აგენტია, გაზაევი კი ვლადიკავკაზის "ალანიაში" ლამის ყველაფერია.

1986 წელი - ეს ის დროა, როცა "დინამოს" ძალიან გაუჭირდა და მწვრთნელად დიდი ნოდარ ახალკაცი დააბრუნეს. მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით საქმის გამოკეთება შეუძლებელი იყო და გუნდში ჩელებაძეც დააბრუნეს, თავდამსხმელი, ვისაც შეეძლო თამაშის "გაკეთება", მაღალი ბურთის მოგება, გოლის გატანა, 11-მეტრიანის საოცარი შესრულება...

1977 წელს ჩელებაძე 21 წლის გახლდათ, როცა პირველად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - ეს უკვე მნიშვნელოვანი წარმატება იყო. მას შეეძლო, ხალხი სტადიონზე მიეყვანა. ჩელებაძეს საკუთარი ქომაგი ჰყავდა. მისი თამაშის სტილი ბევრისთვის იყო მიმზიდველი. ჩელე-პელე! იყო ასეთი შეძახილებიც.

სანამ ის "დინამოში" დაბრუნდებოდა, ლანჩხუთის "გურიასა" და ბათუმის "დინამოში" თამაშობდა. ბათუმური "დინამო" მეორე ლიგაში რომ იყო, ჩელებაძე მშობლიური ქალაქის გუნდს დაეხმარა და პირველ ლიგაში გადაიყვანა. მერე თბილისის "დინამოში" დაუძახეს. მაშინ ჩვენს ფლაგმანს ისე უჭირდა, ლამის უმაღლესი ლიგიდან გავარდნა ემუქრებოდა.

...ჯერ ჩელებაძე დააბრუნეს, მერე კი გაზაევსაც დაუძახეს. მაშინ დოგმები იყო - 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს უკვე ჩამოწერილად მიიჩნევდნენ მაღალ დონეზე თამაშისთვის. გაზაევი ჩინებული ფეხბურთელი იყო, ჩია აღნაგობის, სისხარტისა და თავისებური ტექნიკის ხარჯზე ამწვავებდა თამაშს და გოლები გაჰქონდა. ოლეგ ბლოხინსა და რამაზ შენგელიას ვერ სჯობდა, მაგრამ მაინც მაგარი იყო, საბჭოთა ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული, მოსკოვის "დინამოში" 6 წელი სტაბილურად ითამაშა...

თბილისის "დინამოსთვის" ის, ფაქტობრივად, ლეგიონერი იყო და ისიც ლეგიონერივით თამაშობდა - ჯიქურ საკვანძო მოთამაშე გახდა ჩვენი "დინამოსთვის". ჩვენმა გულშემატკივარმა ის შეიყვარა, თავისიანად მიიღო...

ჩელებაძეს ხელი აქვს გადახვეული გაზაევზე. მეგობრული ურთიერთობა ყოველთვის აუცილებელი იყო "დინამოში", რომელიც მაშინაც პოლიტიკური ელიტის გუნდი იყო თავისი ინფორმატორებითა და წესიერი ხალხით.

ჩელებაძემ იცოდა ადამიანებთან ურთიერთობა და ეს მაშინაც გამოადგა, საფეხბურთო აგენტი რომ გახდა. გაზაევი კი სხვანაირი იყო, ფეხბურთელობის მერე მწვრთნელი გახდა, ბევრ ქართველ ფეხბურთელს გაუხსნა გზა "ალანიაში", თითქოს ის სიკეთე გადაიხადა, რითიც ის საქართველოში, თბილისის "დინამოში" მიიღეს.

ამბობენ, გაზაევი ხისტი მწვრთნელია, ძალიან მკაცრი და მომთხოვნიო. ის მწვრთნელობაშიც წარმატებული გამოდგა, ცოტა ხნით რუსეთის ეროვნულ ნაკრებსაც თავკაცობდა.

ამ ფოტოს შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში. ვფიქრობ, ასლან ბალაძის არქივიდან უნდა იყოს. ფოტო გვეუბნება, რომ ამ ოთხეულს "შია" ფეხბურთი. ცხადია, ფოტო ნოსტალგიურიცაა. მაშინ ხომ "დინამო" უფრო მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული