გიორგი მანწკავა: გურულებმა თუ იმღერეს "გურია", ჩვენც ვამღერებთ მეგრელებს

AutoSharing Option
ის, რომ მარტვილის "მერანი" სასიამოვნოდ აოცებს ფეხბურთის ქომაგებსა და სპეციალისტებს,ახალი ამბავი არაა და ამაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა. გუნდის წარმატებაში კი თავისი და საკმაოდ წონადი წილი უდევს 30 წლის ნახევარმცველ გიორგი მანწკავას, რომელთან ინტერვიუსაც დღეს გთავაზობთ.

- ქართველ გულშემატკივარს თბილისის "დინამოდან" ახსოვხარ. გაიხსენეთ საფეხბურთო კარიერის დასაწყისი.
- ფეხბურთის თამაში 35-ე სკოლაში დავიწყე, ჩემი პირველი მწვრთნელები გოჩა ავსაჯანაშვილი და სოსო გილაური იყვნენ. შემდეგ ვთამაშობდი წნორის "მილანში", თბილისის "ლოკომოტივში", ბათუმის "დინამოში", ცხინვალის "სპარტაკში", ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული სამი წელი კი "დინამოს"
წევრობა იყო - მაშინ ჩემპიონებიც გავხდით და თასსაც დავეუფლეთ.

- როგორ მოხვდით მარტვილში?
- "მერანამდე" პირველ ლიგაში, ბათუმის "დინამოში" გამოვდიოდი. როდესაც "მერანი" უმაღლეს ლიგაში გადავიდა, ამ კლუბიდან დამიკავშირდნენ, შევხვდით, მოვილაპარაკეთ და ეს სეზონია, მარტვილში ვარ. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან გუნდმა ჩინებული თამაშით ბევრი გააოცა და, ზოგადადაც, აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა. ხალხი არა მხოლოდ თამაშებზე, ვარჯიშებზეც მოდის, ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ მათ სიყვარულსა და პატივისცემას. მარტვილში მოგებული თამაში, ფაქტობრივად, სახალხო ზეიმია.

- ჩემპიონატის ცხრილში "მერანის" მეოთხე ადგილი მართლაც დიდი მოულოდნელობაა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს წინსვლა?
- გუნდი სტაბილურად ასპარეზობს, თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და ეს თვალნათლივად ჩანს. ამ საქმეში, ცხადია, დიდია სამწვრთნელო შტაბის წვლილი, კერძოდ კი მალხაზ ჟვანიასი, რომლის დაუღალავ შრომასაც მოაქვს შედეგი. მისი ხელმძღვანელობით სანახაობრივ ფეხბურთსაც ვთამაშობთ და, საბედნიეროდ, შედეგიც გვაქვს. ეს არ არის მაქსიმუმი, "მერანს" მეტის მიღწევა შეუძლია.

- უფრო კონკრეტულად: რას უმიზნებს, რისი მიღწევა შეუძლია "მერანს" და უშუალო კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?
- დებიუტანტი გუნდისთვის, წესითა და რიგით, რვა საუკეთესოს შორის მოხვედრა უნდა იყოს უმთავრესი ამოცანა, თუმცა ჩვენ ამას არ დავჯერდებით და ვეცდებით, ხუთეულში დავიმკვიდროთ ადგილი. მთავარ კონკურენტებად "მეტალურგი" და "ტორპედო" მიმაჩნია. სამწუხაროდ, რუსთავში დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, ქუთაისელები კი მეორე წრისთვის უფრო სოლიდურ გუნდად ჩამოყალიბდებიან, მათ ხომ ძლიერი მწვრთნელი ჩაუდგათ სათავეში.

- ამ სეზონში უკვე ორი "დუბლი" შეასრულეთ და ბომბარდირთა დავაშიც მონაწილეობთ. "ვიტ ჯორჯიასთან" გატანილ ეფექტურ გოლზეც მინდა გკითხოთ.
- ისე მოხდა, რომ ბოლო პერიოდში გამაქვს გოლები, რასაც, ცხადია, ვერ დაგეგმავ, თანაც, ბომბარდირობა ჩემი თვითმიზანი ნამდვილად არ არის, მთავარი ამ შემთხვევაში გუნდი და საერთო წარმატებაა. მერწმუნეთ, ჩემთვის ნამდვილად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, გოლს მე გავიტან თუ ჩემი რომელიმე თანაგუნდელი, თუმცა, რასაკვირველია, მსიამოვნებს, რომ გამაქვს და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც ხშირად ვხვდები. რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიასთან" გატანილ გოლს, მართლაც ლამაზი გამოვიდა, ალბათ, მომენტი სწორად შევაფასე და გამიმართლა კიდეც.

- რას ფიქრობთ მოახლოებულ სათასო დაპირისპირებაზე?
- წილისყრამ მეტოქედ "გაგრა" გვარგუნა, რომელიც საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი მეტოქეა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ორმატჩიან დუელში ჩვენ გავიმარჯვებთ. გუნდის მიზანი ორი წლის წინანდელი შედეგის - ნახევარფინალში გასვლის გაუმჯობესებაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, მარტვილელი გულშემატკივრები რომ გავახაროთ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- "მერანში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. დიდი სურვილი მაქვს, ახალი წლიდან კიდევ უფრო გავძლიერდეთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ამის რეალური შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს. წარმოშობით გურული ვარ და მახსოვს, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ლანჩხუთის "გურია" რომ თამაშობდა, რა ზეიმები იყო, მაშინ ხალხი "გურიაზე" სიმღერებს ქმნიდა. ალბათ, გავა დრო და ჩვენზეც იმღერებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული