მიხეილ აბაიშვილი: ქართული გუნდების პირველი პრობლემა არის საკლუბო მენეჯმენტი

AutoSharing Option
ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე ასპარეზობა დაასრულეს. სიტყვა "კრახი" ალბათ ბოლომდე ვერ ასახავს იმ რეალობას, რომელშიც დღეს ჩვენი საკლუბო ფეხბურთი იმყოფება. ცხადია, ფართოდ უნდა გაიშალოს დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ ვუშველოთ ჩვენს ფეხბურთს, სანამ ის ხელში ჩაგვაკვდება.

საინტერესოა ყველა სფეროს წარმომადგენლის, მათ შორის - ჟურნალისტების აზრიც. არსებული ვითარების შეფასება ვთხოვეთ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, მიხეილ აბაიშვილს:

- ჩემი აზრით, პრობლემა არის კომპლექსური. თუ დავუკვირდებით, შედეგის თვალსაზრისით, პრაქტიკულად იდენტური მდგომარეობა იყო შარშანდელ სეზონშიც. ვთვლი, რომ პირველი პრობლემა არის საკლუბო მენეჯმენტი.

პირდაპირ უნდა
ითქვას, რომ ისინი არაპროფესიონალურად მუშაობენ. ყველაფერს თავი დავანებოთ და ვთქვათ მხოლოდ ის, რომ არცერთ ქართულ კლუბს არ უსარგებლია ჩარტერული რეისით.

"სამტრედიას" შემთხვევაში არ იყო ამის აუცილებლობა - ბაქო ახლოსაა და იქ ჩასვლა ჩვეულებრივი რეისითაც მშვენივრად შეიძლება, მაგრამ სხვებზე ამას ვერ ვიტყვით. მაგალითად, ვიცით, რომ "ტორპედო" ძალიან დაიღალა გზაში...

ყველა კლუბი, რომელიც თამაშობს ევროთასებზე, უეფასგან იღებს კონკრეტულ თანხას - 230 ათას ევროს, რათა ჩარტერით იმგზავროს კომფორტულად და განთავსდეს ასეთსავე სასტუმროში. ყველაზე დიდი გზა შეიძლება იყოს პორტუგალიამდე. იქამდე ჩარტერის ორგანიზება ღირს 60 ათასი ევრო...

გადავიდეთ ლეგიონერების თემაზე. მინდა, დავეთანხმო ჩემს კოლეგასა და მეგობარ ბიძინა ბარათაშვილს - სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, კარიბის ზღვის ქვეყნებში ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, "ოქროს მთებს" რომ არ ითხოვს. ისინი აუცილებლად გამოადგებოდნენ ქართულ გუნდებს. აქ კი უკვე სელექციის პრობლემას ვაწყდებით...

მითი იმის თაობაზე, თითქოს ჩვენს კლუბებს არ შეუძლიათ მათთვის მისაღები ფეხბურთელების ჩამოყვანა მათთვის მისაღებ ფასებში, არასწორია.

მაგალითად, ბევრი სამხრეთამერიკელი ოცნებობს ევროპული კარიერის აწყობაზე და სიამოვნებით ითამაშებს კიდეც საქართველოში, თუნდაც - ევროტურნირებზე...

თავის დროზე, ქართულ კლუბებს აბსოლუტურად უსასყიდლოდ ვეხმარებოდი კვალიფიციური ლეგიონერების ჩამოყვანაში. ჩემს მეგობარ გოჩა ალადაშვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიყვანეთ აკინო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი იყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მისი ჩამოყვანა რუსთავის "მეტალურგს" არაფერი დასჯდომია, მხოლოდ ხელფასს უხდიდა. მასთან ერთად ჩამოვიდნენ ცენტრალური მცველი ფრაგა და სხვა ბრაზილიელები...

კარგად გახსოვთ ჟილვან ვიეირა, რომელიც "ზესტაფონის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისმა ყოფილმა კლუბმა მხოლოდ 30 ათასი ევრო მიიღო ფეხბურთელის აღზრდისთვის. ეს ხომ სასაცილო თანხაა?

ვიეირა "ზესტაფონის" შემადგენლობაში გამორჩეული იყო, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველიც გახდა, ევროთასებზეც წარმატებით ითამაშა... ამის შემდეგ, ის ასევე წარმატებული იყო ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. ბევრი ქართველი ფეხბურთელი გვეგულება დღეს ისეთი, ესპანური სეგუნდას დონეს რომ დააკმაყოფილებს?..

კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ის, რომ ჩვენი კლუბები არ მისდევენ თანამედროვე ტენდენციებს.

არის თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ცნება - "სპორტული კვება". მსოფლიო ბაზარზე არის რამდენიმე დომინანტი კომპანია და განსაკუთრებით ერთი, რომელსაც არ დავასახელებ, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს, თუმცა ინტერნეტით ყველაფრის მოძიებაა შესაძლებელი...

სხვათა შორის, "ბარსელონამ" ამ კომპანიასთან თანამშრომლობა რომ დაიწყო, სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა კატალონიური კლუბის აღმავლობა. მერე სხვებმაც მიბაძეს მათ. ასეთი კომპანიების მომსახურება იაფი არ ღირს, სადღაც 25 ათასი ლარი ჯდება თვეში. შეიძლება, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა ჩვენი კლუბებისთვის, მაგრამ მაშინ მაინც მიმართონ ამ პრაქტიკას, როცა ევროთასები ახლოვდება...

თანამედროვე ფეხბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზმომზადების მწვრთნელის კვალიფიკაციას. არის შემთხვევები, როცა მისი წვლილი გუნდის წარმატებაში, მეტი თუ არა, არანაკლებია, ვიდრე - მთავარი მწვრთნელის.

თავის დროზე, თბილისის "დინამო" ევროპული მასშტაბითაც კი გამოირჩეოდა შესაშური ფიზიკური მომზადებით - თვით კიევის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკსაც" კი არ უდებდა ტოლს. და ეს იმიტომ, რომ თბილისის "დინამოს" სათავეში იდგა ნოდარ ახალკაცი - მწვრთნელი, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა ყველა მაშინდელ ტენდენციას...

ახლა დაიწყეს გადაბრალება ფორმატზე - ვერ შევეგუეთ და იმიტომ იყო ასეთი შედეგიო.

კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ აზრს. როცა სათამაშო ტონუსში ხარ, ლოგიკურად მაშინ არ უნდა იყო უკეთეს ფორმაში?!

ამ ფორმატმა, ჩემი აზრით, განაპირობა ის, რომ რაღაც მომენტებში მაინც შედარებით ნორმალურად ითამაშეს ჩვენმა კლუბებმა. მაგალითად, სლოვაკეთში "ტორპედო" თავიდან მეტოქეზე უკეთესი იყო...

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან კლუბების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა არის ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი. როგორც ვიცი, ინფრასტრუქტურული პროექტები არ ჩერდება და არც უნდა გაჩერდეს. უბრალოდ, ისინი სხვა მხრიდან ფინანსდება. თუმცა ისეც არ გამოვა, კლუბები დავშალოთ და მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე გადავიტანოთ აქცენტი...

რაზეა ლაპარაკი, როცა ამდენი სტადიონი თუ სპორტული ცენტრი გაპარტახდა საქართველოში!

შედეგს ყველა თვალნათლივ ვხედავთ. ფაქტია, ჩვენ გვჭირდება სწორად მუშაობა და შედეგიც იქნება.

ქართველი ერი საფეხბურთო ერია და ამას ჩვენი გენეტიკიდან ვერაფერი წაშლის. შეგვიძლია ფეხბურთის თამაში და მოვა დრო, როცა ფეხბურთს ისევე კარგად ვითამაშებთ, როგორც - ძველად. ქართულ ფეხბურთს ნამდვილად აქვს მომავალი, - გვითხრა აბაიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
მიხეილ აბაიშვილს-კი ბიძია მოვა დრო (50-100 წლის შემდეგ)და კარგად ითამაშებთ...(25 წელია კარგად თამაშობთ) კაცი მომავალზე ოცნებით ცხოვრობს
0
მენეჯერი და მენეჯმენტი კი არა კვახი, თქვენს თავში არ შედის ის გარემოება, რომ ფეხბურთი საქართველოში აღარავის სჭირდება ის სჭირდებათ მხოლოდ ფულის გასათეთრებლად
0

სიახლეები პოპულარული