მოსალოდნელი ტრანსფერი: უნდა თუ არა "ბრონდბიუს" გიორგი ხარაიშვილი?

AutoSharing Option
ბოლო დროს გიორგი ხარაიშვილის შესაძლო ტრანსფერზე ბევრი ითქვა და დაიწერა. გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელის შეძენით ბელგიის ორი საუკეთესო კლუბი - "ანდერლეხტი" და "ბრიუგე", ასევე - ჰოლანდიური "ვიტესი" და "პსვ ეინდჰოვენი" დაინტერესდნენ.

დანიური გამოცემების ინფორმაციით კი, ხარაიშვილის გადაბირებას ამ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "ბრონდბიუც" ცდილობს.

სამი წელია, "საბურთალოს" კაპიტანი ქართულ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. ვიცით, რომ მას სელექციონერები აკვირდებიან. ბოლო ცნობებით, ახლახან მისი თამაშის სანახავად სელექციონერები ბულგარეთსა და ჩერნოგორიასთან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებს დაესწრნენ.

მაგრამ არ დადასტურდა
ცნობა, თითქოს, ხარაიშვილს "საბურთალოსთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. სინამდვილეში, როგორც კლუბში გვითხრეს, 20 წლის ნახევარმცველმა კლუბთან ხელშეკრულება 2 თვის წინ გაახანგრძლივა.

ხარაიშვილის მენეჯერი ალექსანდარ ბურშაცი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებებს დანიის ვიცე-ჩემპიონ "ბრონდბიუს" სპორტულ დირექტორთან აწარმოებს და რომ წლინახევრის შემდეგ ეს კლუბი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეს რომელიმე ტოპ-კლუბში გაყიდის.

რა ხდება სინამდვილეში? სად არის სიმართლე, სად - ჭორი? დაუკავშირდნენ თუ არა "საბურთალოს" ხსენებული კლუბები? ამის გასარკვევად თბილისელთა აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიას დავუკავშირდით.

"გიორგი ხარაიშვილი ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ქართველი ფეხბურთელია და ჩვენთვის სიახლე არ არის, მას ევროპული გუნდები რომ აკვირდებიან.

გარდა თქვენ მიერ ნახსენები კლუბებისა, ინტერესს სხვებიც გამოხატავენ. ჩვენც ხელს შევუწყობთ, რომ კარიერა უფრო მაღალ დონეზე გააგრძელოს, თავისი ნიჭითა და მონდომებით, ის ამას იმსახურებს.

მაგრამ ჯერ კონკრეტული წინადადებით არც ერთ კლუბს არ მოუმართავს და მიჭირს თქმა, რა და როგორ იქნება", - ამბობს კაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"გარდა თქვენ მიერ ნახსენები კლუბებისა, ინტერესს სხვებიც გამოხატავენ" - რა მრავლისმეტყველი სიტყვებია. იმედია, რუსეთში არ ამოყოფს ბოლოს თავს ეს კაცი.
ალეკო
16:09 27-06-2017
0

სიახლეები პოპულარული