"სამტრედიის" გეგმები: გაძლიერება და თურქული შეკრება "ყარაბაღის" წინ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია" აგდამის (აზერბაიჯანი) "ყარაბაღს" შეხვდება. საქართველოს ჩემპიონი 11 ივლისს სტუმრად ითამაშებს, 18-ში კი "დინამო არენაზე" მიიღებს მეზობელი ქვეყნის უძლიერეს კლუბს...

"სამტრედიის" მმართველი დირექტორის, პაატა შალამბერიძის თქმით, 1-ლი ივლისიდან გუნდს 3 მოთამაშე დატოვებს: მეკარე ნიკა დაუშვილი, ნახევარმცველი კონსტანტინ ბელოვი და თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი. ჯერ მხოლოდ ორი ახალწვეული ჰყავთ - ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი ნიკა საბანაძე და ქობულეთის "შუქურას" მეკარე ილია სტურუა. მაგრამ შალამბერიძის თქმით, უახლოეს პერიოდში შევსებას ელიან და თან - არც ისე ურიგოს.

25 ივნისს საქართველოს
მოქმედი ჩემპიონი თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე შეიკრიბა, სადაც 3 დღე მოემზადება, ხოლო 28 ივნისიდან მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ან ტრაბზონში 11-დღიან შეკრებაზე გააგრძელებს სამზადისს.

მოგეხსენებათ, მალე საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აქედან გამომდინარე, სპორტულ ბაზებს მისი მონაწილე ნაკრებები დაიკავებენ, გუნდის მოსამზადებლად საკმარისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა კი საქართველოში არ არის.

ხანმოკლე შეკრებისას, "სამტრედია" ერთ საკონტროლო თამაშს ჩაატარებს, სავარაუდოდ - 4 ან 5 ივლისს, 9 ივლისს კი აზერბაიჯანში ჩაფრინდება, სადაც 11-ში "ყარაბაღთან" ითამაშებს. კლუბის ხელმძღვანელობა ახალწვეულთა დამატებას სწორედ შეკრების პერიოდში აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"