გიორგი ჩაკვეტაძით მოსკოვის ცსკა-სა და ბელგიურ "გენკში" დაინტერესდნენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველით, გიორგი ჩაკვეტაძით ორი უცხოური კლუბია დაინტერესებული. გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, გიორგის მოსკოვის ცსკა-სა და ბელგიური "გენკის" წარმომადგენლები აკვირდებიან.

ბელგიელთა ინტერესზე გამოცემასთან ინტერვიუში ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ შტელინმა ისაუბრა, რომლის თქმით, "გენკის" მენეჯერმა უკრაინელ სპეციალისტს ფეხბურთელზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

"დამიკავშირდა მენეჯერი, რომელიც "გენკთან" თანამშრომლობს და დაინტერესდა, ვინ არის ჩაკვეტაძე, რა მონაცემები აქვს, შეუძლია თუ არა ბელგიის დონეზე თავის დამკვიდრება... და ასე შემდეგ, როგორც ასეთ დროს კითხულობენ ხოლმე.

საგანგებოდ ვუყურე "ტორპედო"-"დინამოს" თამაშს, ჩავწერე და მატჩის
გაანალიზებამდე, შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდა, რომ ეს ბიჭი ტალანტია. ჩემი აზრით, თუ შრომას გააგრძელებს, დიდი მომავალი ექნება. ჯერ უნდა გავაანალიზო მისი თამაში, დავწერო დასკვნა და ჩემი ნაცნობი მენეჯერი ამ ინფორმაციას მიაწვდის "გენკის" ხელმძღვანელობას", - უთხრა "ლელოს" შტელინმა.

ჯერჯერობით უცნობია, რეალური წინადადების შემთხვევაში, დათმობს თუ არა თავად "დინამო" ნორჩ ფეხბურთელს, რომლის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში 2 გოლი და 4 საგოლე პასია.