სეპარატისტული ცირკი: მუნდიალი სოხუმში, ევროპის ჩემპიონატი ცხინვალში

AutoSharing Option
...გუნდების განაცხადებში ისეთი გვარები ამოვიკითხეთ, გეგონებათ, საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეები არიან - ლორთქიფანიძე, ანჯაფარიძე, ჯალიაშვილი, ბენიძე, ჭკადუა, გაგუა, პაჭკორია, კვეკვესკირი, ნარმანია, ფაჩულია, ქუთელია, მატკავა, კვარაცხელია, მარღანია, ფარულავა, აბაკელია, ჩერქეზია...

...მაგრამ ისინი რუსებისგან ოკუპირებული აფხაზეთის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ფეხბურთელები არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი გიორგი ზარია, თემურ გადელია და ზარანდიაც კი ჰყავთ.

ცხადია, აფხაზეთში ფეხბურთი ძალიან უყვართ, თავიანთ ჭიას ახარებენ და წლეულს საკუთარ პირველობას 25-ედ ატარებენ. 20 მარტს, აფხაზეთში XXIV საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 10 კლუბი მონაწილეობს: ოჩამჩირის "ერცაჰუ", "გაგრა", გუდაუთის "რიწა", აგუძერას
"სპარტაკი", გალის "სამურზაყანო", ახალი ათონის "ათონი", ტყვარჩელის "შახტიორი", სოხუმის გუნდები - "დინამო", "აბაზგი" და "ნართი".

17 მარტს კი სუპერთასიც გათამაშდა და მას "ათონი" დაეუფლა, რომელმაც სოხუმის "ნართი" 2:1 დაამარცხა.

დიდი ჩიხი
ახლახან, აფხაზეთს რუსეთის საფეხბურთო კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ნიკიტა სიმონიანი სტუმრობდა და სეპატარისტული რეჟიმის მმართველს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

"შარშან, აფხაზეთში არაღიარებული ქვეყნების მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა და კარგი იქნებოდა, ჩვენს გვერდით ყოფილიყავით", - ასე მიმართა ხაჯიმბამ სტუმარს.

შეგახსენებთ, რომ შარშან სოხუმსა და გაგრაში CONIFA-ს (არაღიარებულ ქვეყნებსაც აქვთ თავიანთი "ფიფა") ეგიდით არაღიარებული ქვეყნების მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც აფხაზეთმა გაიმარჯვა. ფინალში მათ "პენჯაბს" მოუგეს 6:5.

სპეციალურად ამ ტურნირისთვის სოხუმის სტადიონი გაარემონტეს, მაგრამ ცხადია, ეს დიდ ფეხბურთთან ზიარების ილუზია იყო. რეალურად კი, აფხაზური ფეხბურთი ჩიხშია და იზოლაციიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. ისინი საქართველოს ჩემპიონატზე უარს ამბობენ, რუსეთის ჩემპიონატში გამოსვლის უფლებას უეფა და ფიფა არ აძლევთ, აქედან გამომდინარე, მათ ჩემპიონატში გამარჯვებულს არანაირი სტიმული და ევროსაგზურის მოპოვების შანსი არ აქვს.

სამწუხაროდ, აფხაზებს საქართველოსთან ურთიერთობა არ სურთ და ისეთივე პოზიციას აფიქსირებენ, როგორიც წლების წინათ ცხინვალში გამომავალ გაზეთში ეწერა - "კონგოს და სპილოს ძვლის ნაპირების ჩემპიონატში ვითამაშებთ, მაგრამ არა - საქართველოს უმაღლეს ლიგაში".

მაგრამ ერთია ნათქვამი და მეორე - რეალურად რას ფიქრობენ, მით უფრო, ბოლო წლებში, როცა ცნობილი გახდა რუსებისა და სომხების მიმართ აფხაზების უკმაყოფილება. მაგრამ ჯერ საქართველოს ხმამაღლა ვერ ახსენებენ და ვინ იცის, ამასობაში რამდენი ნიჭიერი ბავშვი იკარგება...

ცხინვალს ევროპით აიმედებენ
სამაჩაბლოში მოკალათებული სეპარატისტების თავს კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა. ისედაც მცირე მოსახლეობის მქონე რეგიონიდან 50 ათასამდე ქართველის გამოდევნის შემდეგ მაქსიმუმ 15 ათასი ადამიანი დარჩა და აფხაზებისგან განსხვავებით, საკუთარ ჩემპიონატსაც ვერ ატარებენ. ამის გამო, ცხინვალის "სპარტაკი" ვლადიკავკაზში ორგანიზებულ ოსეთის ჩემპიონატში მონაწილეობს.

აფხაზეთში გამართული არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მსგავსი "მასშტაბური" ტურნირის მასპინძლობის იდეა აფხაზებმა ოსებსაც ჩააწვეთეს და რუსების თანადგომით, 2017 წელს, ოსებს ცხინვალში, CONIFA-ს ეგიდით, არაღიარებულთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარება სურთ. იქ იმდენ ხალხს ელიან, ცხინვალის სტადიონზე შეკრებილი პოლიტფანების ხმა გორის ტრასამდე მისწვდება...

ამ ეგრეთ წოდებული ევროპის ჩემპიონატის წილისყრა ჟენევაში წლეულს შედგა, ტურნირში კი რეიტინგის მიხედვით 8 საუკეთესო გუნდი დაუშვეს: ევროპელი სეპარატისტების მოქმედი ჩემპიონი პადანია (იტალია), ჩრდილოეთ კვიპროსი, აფხაზეთი, სეკეის მხარე (რუმინეთი), ლაპლანდია (ფინეთი), მენის კუნძული (დიდი ბრიტანეთი/ირლანდია), ფრანგული ნიცას ნაკრები და ოქსიტანია (საფრანგეთი).

ეს უკანასკნელი აღმოსავლეთ სომხეთის ნაცვლად ითამაშებს. CONIFA-ს ვიცე პრეზიდენტის, დიმიტრი ფაღავას ცნობით, სომხები ჩაფრენას თურქეთიდან აპირებდნენ, მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ გუნდს უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცა და მონაწილეობას ამის გამო ვერ ახერხებენ.

თუ კიდევ რომელიმე ნაკრები ვერ გაემგზავრება "ევროპაზე", სტარტზე არიან სამხრეთ ოსეთი და ეგრეთ წოდებული - დონეცკის სახალხო რესპუბლიკა. ანუ ტურნირი ცხინვალშიც რომ ჩატარდეს, "სამხრეთ ოსეთი" მაინც განზე იქნება.

ვის სჭირდება ეს ცირკი?
დიდი ფიქრი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ CONIFA-ს უპირველესი მხარდამჭერი რუსეთია, რადგან ამ ორგანიზაციის ეგიდით მუნდიალებისა და ევროპის ჩემპიონატების უპირველეს ორგანიზატორებად ბოლო წლებში საქართველოსგან მოწყვეტილი აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, ასევე ყარაბაღი (რომელსაც აღმოსავლეთ სომხეთად ახსენებენ) გახლავთ.

საერთოდ, რუსეთი 2013 წელს დაფუძნებულ CONIFA-ს სათავისოდ და მისგან წაქეზებული სეპარატისტების გასაბითურებლად მშვენივრად იყენებს. ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული ტურნირები რუსეთისთვის დააახლოებით ისეთივე მოდელია, როგორც არქიფო სეთურის იმედის გვირაბი და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს აბრიყვებს - ფიფასა და უეფაში დღეს თუ არა, ხვალ მაინც გაგაწევრიანებთო...

2015 წელს, უნგრეთმა არაღიარებულთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რადგან რუმინეთში სეკეის მხარე უნგრელებით არის დასახლებული. მაგრამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციები არ შეუშვეს. ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში უნგრეთის ხელისუფლება მათ დელეგაციებს ბითუმად დაკავებით დაემუქრა, ხოლო CONIFA-ს - ტურნირის ჩაშლით.

ამან სეპარატისტების დე ფაქტო მმართველები განარისხა და უნგრეთის ხელისუფლებას ბრალი წაუყენა - სპორტის პოლიტიზაციას ცდილობთო. არადა, ამ ცირკის ზურგსუკან სწორედაც პოლიტიკა დგას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამოვაცხადოთ საქართველოს ჩემპიონატი ღია ჩემპიონატად. დასაწყისში მონაწილეობაზე უარს გვეტყვიან, შემდეგ გარკვეულ პირობებს წააყენებენ (ამაზე უნდა ვიმსჯელოთ). ეს მათ ინტერესებშიც შედის და ჩვენს ინტერესებშიც. რუსეთი თუ არ ჩაერევა, იქნებ რამე გამოვიდეს.
Gura
15:42 23-04-2017
0
როდის მივლენ ესენი კონგოს დონემდე
ნოდიკო
12:10 23-04-2017
0

სიახლეები პოპულარული