სტუმარი: ავრაამ გრანტი, "დილა" და... სტალინი

AutoSharing Option
წარმოუდგენელი ფაქტია - ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ავრაამ გრანტი თბილისში იმყოფებოდა და... გორის "დილას" გულშემატკივრობდა. ცნობილი ებრაელი სპეციალისტი 18 მარტს "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩს დაესწრო, რომელშიც თბილისის "დინამომ" "დილას" უმასპინძლა და 1:2 დამარცხა.

"გორის დილას მეწილეები ჩემი მეგობრები არიან და მათი და გუნდის მხარდასაჭერად ჩამოვედით. გამიხარდა, ასეთი პრინციპული შეხვედრა რომ მოიგეს", - ეს გრანტმა მატჩის შემდეგ გამართულ იმპროვიზებულ პრესკონფერენციაზე თქვა.

მისი ვიზიტისას თბილისში გავრცელდა ხმები, რომ ებრაელი სპეციალისტი იმ კომპანიის ერთ-ერთი თანამფლობელია, რომელიც "დილას" პატრონი გახდა. გრანტს
კითხვა ამის შესახებ "ლელომ" დაუსვა:

"მე მხოლოდ ჩემი მეგობრების სტუმარი ვარ. "დილას" მფლობელებს გამარჯვებებს ვუსურვებ. იმედია, ეს წარმატებული პროექტი იქნება".

მართალია, არარეალურია, მაგრამ გრანტს ასეთი კითხვაც დაუსვეს - შესაძლებელია თუ არა "დილასთან" მისი თანამშრომლობა:

"ლაპარაკი არც ყოფილა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ან მენეჯმენტში ჩემ მუშაობაზე".

ვინ არის მისი აზრით ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი? გრანტის აზრით:

"ლიგის ბოლო სტადიაზე სუსტი გუნდები არ არსებობს. გადახედეთ სიას - "ბარსელონა", "რეალი", "ბაიერნი", "იუვენტუსი", მადრიდის "ატლეტიკო", ესენი ძალიან ძლიერი გუნდები არიან".

გრანტი სხვადასხვა დროს მუშაობდა თელ-ავივისა და ჰაიფას "მაკაბიში", "პორტსმუთში", "ვესტ ჰემსა" და ბელგრადის "პარტიზანში". 2008 წელს "ჩელსიმ" მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. 2014-17 წლებში წვრთნიდა განის ეროვნულ ნაკრებს.

გუშინ გრანტი გორშიც იმყოფებოდა, სადაც "დილას" ვარჯიშს დაესწრო, მერე კი, მოულოდნელად, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს ესტუმრა. საინტერესოა, რომ გრანტის წინაპრები რეპრესირებულები იყვნენ და მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე პოლონეთიდან საბჭოთა გულაგში გადაასახლეს. 1944 წელს, მამამისმა, მეერ გრანტმა უკრაინაში გადასვლა მოახერხა, საიდანაც 1947 წელს ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში წავიდა.

ავრაამ გრანტმა საქართველო გუშინ გვიან ღამით დატოვა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე რა რო ეწვია, ისრაელი არ იქნებოდა რომ არა სტალინი
0

სიახლეები პოპულარული