ვინ და როგორ დაითანხმა მილანის "ინტერი" თბილისში ჩამოსვლაზე

AutoSharing Option
20-25 აპრილს თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ, უკვე ტრადიციად ქცეულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქს ცნობილი ევროპული კლუბების (მილანის "ინტერი", "გენტი", "გაბალა", ზაგრების "დინამო", კიევის "დინამო", "ტრაბზონსფორი" და შარშანდელი გამარჯვებული "ალკმაარი") ჭაბუკთა გუნდები (2001 წლამდე დაბადებულები) ეწვევიან...

- ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: მილანის "ინტერი", "ალკმაარი", "გენტი"...

ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება "ინტერის" თანხმობამ მიიქცია. "ლელომ" შეიტყო, რომ იტალიელები თბილისში ჩამოსვლაზე ახალგაზრდა მენეჯერმა, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" თანადამფუძნებელმა ლევან სეთურიძემ დაიყაბულა:

"იტალიელთა ჩამოყვანაზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როცა "დინამოში" ლევან
გაბრიჩიძე მუშაობდა. მერე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ურთიერთობა უკვე ზურაბ ცინცაძესა და ლევან სალუქვაძესთან მქონდა. მაშინ ლაპარაკი "ვერონაზე" იყო, რადგან ჩვენი ორგანიზაცია ამ კლუბის პარტნიორია. მაგრამ, გადატვირთული კალენდრის გამო, ბოლო მომენტში უარი მივიღე. "ინტერს" სწორედ ამის შემდეგ დავუკავშირდი.

დაინტერესდნენ საერთო ვითარებით - რა ხდებოდა რუსეთთან ომის შემდეგ, რა გავლენა იქონია საქართველოზე სირიისა და თურქეთის პრობლემებმა...

ვუთხარი, რომ საქართველომ ევროპის სუპერთასს უმასპინძლა, წლეულს კი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი და სარაგბო მუნდიალი უნდა ჩავატაროთ... ისიც გავახსენე, რომ "დინამო" დიდი ტრადიციების მქონე კლუბია და რომ "ინტერი" 1977 წელს უეფას თასიდან გამოთიშა. დარწმუნდნენ, რომ აქ ჩამოსვლა სახიფათო არ იყო და ერთ კვირაში თანხმობა თქვეს.

ამჟამად, "ინტერის" ის გუნდი, რომელიც თბილისში უნდა ჩამოვიდეს, იტალიის ასაკობრივ ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებში კი მისი 4 ფეხბურთელი მიიწვიეს", - ამბობს სეთურიძე.

"თავისუფალი ფეხბურთის" თანადამფუძნებელმა იტალიელებთან თანამშრომლობის სხვა გეგმებიც გაგვიმხილა:

"მათთან ურთიერთობაში ძალიან დიდი სამსახური გამიწიეს ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა პეტრე სარდანაძემ და ლევან ლალიანმა. პეტრე მილანში ცხოვრობს და ამ საკითხზე ბევრი იმუშავა. საამისოდ, ყველაფერი გააკეთა თბილისის "დინამომაც", რომელიც იტალიელთა ჩამოსვლის ხარჯებს აანაზღაურებს. მილანელთა ხუთდღიანი სტუმრობის ორგანიზატორი კი ჩვენი ორგანიზაცია იქნება.

იტალიაში სხვა კლუბებთანაც გვაქვს ურთიერთობა - "ჯენოასთან", "ატალანტასთან", "პარმასთან", "პალერმოსთან"...

საერთოდ, ჩვენი ორგანიზაცია ქართული ფეხბურთის ევროპელებთან დაახლოებასა და კავშირების დამყარებაზე მუშაობს. დარწმუნებული ვარ, "ინტერის" ჩამოსვლა უკვალოდ არ ჩაივლის და ეს კლუბი ქართველებთან მომავალშიც ითანამშრომლებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ წლეულს ბელგიური "გენტი" "ალკმაარის" რეკომენდაციით ჩამოვა.

იმედი მაქვს, იტალიელებიც დარწმუნდებიან, რომ ქართველებთან ურთიერთობა ღირს, საამისოდ კი ათასგვარი პროექტის დამუშავება შეიძლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული