[თემა განსჯისთვის] სტადიონის მშენებლობის კი არა, ფულის ჭამის პროცესი...

AutoSharing Option
თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარეების, ქეთევან ჯოხაძისა და მიხეილ ყაველაშვილის სახელზე ორ-ორი წერილი მივიდა, სადაც თბილისში საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ცნობილ პრობლემებზეა ლაპარაკი...

სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსის, მამუკა კვარაცხელიას თაოსნობით 200-მდე ნაძალადეველმა დაწერა წერილი, რომელშიც ქეთი ჯოხაძეს ნაძალადეველები სტადიონის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვენ:

"თბილისში ერთ-ერთი უძველესი სტადიონი, ეგრეთ წოდებული "ფეიქარი", ნაძალადევში, ნინუას ქუჩაზე მდებარეობს და "ბამბის ნართის" ბალანსზე ირიცხება. ამ სტადიონზე ვარჯიშით ბევრი ქუჩას ასცდა, ქართული ფეხბურთის ლეგენდებმა - ალექსანდრე ჩივაძემ, ვოვა გუცაევმა, ძმებმა მაჩაიძეებმა, ერთადერთმა ოლიმპიურმა
ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა კი, ფეხი სწორედ ამ არენაზე აიდგეს. აქ დაიწყო ვარჯიში ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გია ნემსაძემ...

"ფეიქარი" დღემდე კბილებით უჭირავთ საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ჟანი ლეჟავასა და დათო სხიერელს. ეს უკანასკნელი "გინესების რეკორდების" წიგნშია შესატანი - ბავშვები ქუჩას რომ მოაცდინოს, საკუთარ სახლში გასახდელი გახსნა და სტადიონს უსასყიდლოდ ემსახურება.

მწვრთნელთა დუეტმა ვის არ მისწერა, პარლამენტიდან დაწყებული, რაიონის გამგეობით დამთავრებული, მაგრამ რად გინდა, მერიაში უკვე შეიტანეს განცხადება - სტადიონი "ბამბის ნართს" ეკუთვნის და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 12 აპრილამდე უნდა გამოიტანოს დასკვნა - ან ასე, ან ისე! თუ მერიამ ნება მისცა, ამ საფეხბურთო რაიონის ყველა ბავშვი უფეხბურთოდ დარჩება", - წერია კვარაცხელიას მიმართვაში.

ის საკრებულოს ჩინოსანს კიდევ 5 სტადიონის პრობლემას ახსენებს:

"სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ 2008 წელს ხელში ჩაგდებული საქართველოს უნივერსიტეტის (ყოფილი "გეპეის") სტადიონი, ფაქტობრივად, განწირულია და 9-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებენ. 200 საბურთალოელი ბავშვი შეეშვება ფეხბურთს ან სხვაგან გადავა. მერიამ დღეს-ხვალ უნდა გამოიტანოს დასკვნა - გადარჩება სტადიონი თუ არა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედმა რექტორატმა დაწერა დასკვნა, რომ სტადიონის საფარიდან დაახლოებით 15 მეტრის სიღრმეზე არის უნიკალური შახტა-ლაბორატორია, რომელზეც მშენებლობა არ შეიძლება. სტადიონის დაკარგვას ვინ ჩივის - თბილისის სეისმურობას თუ გავითვალისწინებთ, აქ დიდი კატასტროფაა მოსალოდნელი!

საფრთხე ემუქრება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე "მერანის" სტადიონსაც, სადაც სამშენებლო კომპანიას ეძებენ და მოლაპარაკება ფასზე მიდის. აქ მინიმუმ 200 ბავშვი ვარჯიშობდა.

დიღომში ლეგენდარული მიხეილ მესხის აშენებულ საფეხბურთო სკოლა "ავაზაზე" 500 ბავშვი დღესაც დადის. მფლობელია "ვისოლი", რომელიც ითხოვს მონაცვლეობას და ეს საქმე მეოთხე წელია ჯანჯლდება!

გურამიშვილის გამზირზეა "მთვარის გლობუსი", რომლის სამი მფლობელიდან სტადიონის შენარჩუნება ორს სურს, ხოლო მესამე გაყიდვას ცდილობს.

თავისი ფუნქცია დაკარგა დიდუბეში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე მაუდ-კამვოლის (ეგრეთ წოდებული "სუკონკა") სტადიონმაც და დღე-დღეზე გასხვისდება. ქუჩაში აღმოჩნდა 300 ბავშვი".

კვარაცხელიამ ასევე მიუთითა დიღმის ბაზის წინ მშენებარე კორპუსის შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, ყველაზე სრულყოფილი ქართული საფეხბურთო ცენტრის გაუქმებას გამოიწვევს...

დაახლოებით მსგავსი წერილები მისწერა და პირადადაც შეხვდა პარლამენტის სპორტის კომისიის თავმჯდომარეს, ძველ დინამოელ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც მას ყველანაირ დახმარებას დაჰპირდა სტადიონების შენარჩუნებასა და დიღმის ბაზის (სადაც თავად ყაველაშვილი ჩამოყალიბდა ფეხბურთელად) გვერდით მშენებლობის შეჩერებაში.

დიღმის ბაზასთან დაწყებული მშენებლობის შესახებ საკრებულოს წევრსა და პარლამენტარს წერილით თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამაც მიმართა. ჩვენი ინფორმაციით, წერილში ფიფია ამბობს, რომ ხელშეწყობის ნაცვლად, ხელი ეშლება, რომ გულგრილობა გამოვლინდა დიღმის ბაზასთან მშენებლობაზე, რომელსაც არა მარტო "დინამო", არამედ ხშირად საქართველოს ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრებები იყენებენ სავარჯიშოდ.

ფიფიამ საკრებულოს იმ იმედით მიმართა, რომ საკითხზე სერიოზულად იმსჯელებენ, "გორკი და კომპანიასთან" ადგილმონაცვლეობის თაობაზე სასწრაფო მოლაპარაკებებს დაიწყებენ და იმეორებს პირობას - თუკი ეს ტერიტორია კლუბს გადაეცემა, წლის ბოლომდე იქ 5-ათასიან კოხტა სტადიონს ააშენებს.

სტადიონის მშენებლობის კი არა, ფულის ჭამის პროცესი...
ცხადია, ჩვენი სატკივარი მარტო თბილისური სტადიონები არ არის. ფოთში, "ფაზისის" არენას 8 წელია "აშენებენ". ვადები ყოველ წელს იწევდა და მერე მის განახლებას "კოლხეთის" დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2013 წელს დაგვპირდნენ.

მაგრამ ფოთში არსებულ ვითარებაზე გასაოცარი ფაქტები აღმოვაჩინეთ, რაც აბსურდის სფეროსაც სცილდება. თავად განსაჯეთ - ბოლო 8 წელიწადში "ფაზისის" მშენებლობაზე 4 მილიონია დახარჯული, საფარის დაგება 1,3 მილიონი ლარი დაჯდა, სტადიონიდან კი არაფერი დარჩა და ბურთის ნაცვლად იქ ახლა ნაგვის გროვაა.

ძალიან დიდი შეცდომა იყო ჯერ საფარის დაგება და მერე მშენებლობის დაგეგმვა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ცემენტი და ქვიშა დაგებულ საფარს გააფუჭებდა. ანუ ჯამში 5,3 მილიონი ლარი (მინდვრის - 1,3 მლნ და სატენდერო 4 მლნ) წყალში ჩაიყარა, რაც ახალი სტადიონის ასაშენებლად სრულიად საკმარისი იქნებოდა.

მსგავს უყაირათობას რომელიმე ქვეყანაში ვინმეს აპატიებდნენ?! როგორც იტყვიან, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს რეალურად ფულის ჭამის პროცესი უფრო იყო, ვიდრე სტადიონის მშენებლობაზე ზრუნვა.

ფოთში დანგრეული სტადიონი მაინც შემორჩა, ბათუმი კი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც სტადიონი არ არსებობს. აჭარის მთავარ ქალაქში მსოფლიოს სხვა რეკორდიც მოვხსენით - სტადიონი 11 წელიწადია "შენდება". ბათუმის მერიამ და მორაგბეებმა აჭარის მთავარ ქალაქში ფეხბურთი დააბრუნეს და ეს გვახარებს, მაგრამ საკუთარი სტადიონი როდის ეღირსებათ?

ჩინეთის კედლის ერთკილომეტრიან მონაკვეთს ერთ თვეში აშენებდნენ და, ბოლოს და ბოლოს, ამ ჩვენს არენებს ასეთი რა ჯადო სჭირთ, რომ ვერ ეშველათ. ისე, ცხვარი ხომ არ დაგვეკლა?! :)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
თბილისში რა ხდება არ ვიცი მაგრამ ფოთში რა ხდება კი ვიცი. წოუჭირეთ ყელში ქალაქის მერს და ყველაფერს დაფქვავს
გიორგი ფოთელი
12:58 20-03-2017
0
es mtavroba mamaabramis ucodveli kravia.mecodebian.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული