UEFA GROW სამიტი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
უეფას სამიტი, რომელსაც 1-2 მარტს თბილისმა უმასპინძლა და რომლის მთავარი თემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფეხბურთის მასობრიობის განვითარება იყო, დასრულდა.

სამიტი უეფას ისტორიაში პირველად ჩატარდა და მასში საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის, შვედეთისა და ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამიტის მეორე დღეს მონაწილეებმა ქალთა ფეხბურთის მასობრიობის განვითარებაზე იმსჯელეს და ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდისათვის საგანმანათლებლო პროექტების აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამიტის დასასრულ, სამუშაო პროცესი უეფას ეროვნული ასოციაციების ხელმძღვანელმა ზორან ლაკოვიჩმა შეაფასა:

"უპირველესად, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციას შესანიშნავად შესრულებული სამუშაოსთვის. ნამდვილად არ არის ადვილი, ღირსეულად უმასპინძლო ასეთ მნიშვნელოვან სამიტს. ამ ორი დღის განმავლობაში მათ ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ და მინდა პროფესიონალიზმისათვის მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს.

ეს ჩვენი პირველი სამიტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო უეფასთვის. ჩვენ ავირჩიეთ საქართველო, როგორც მასპინძელი და ამან ნამდვილად გაამართლა. ჩვენი გეგმაა, გავაგრძელოთ ასე მუშაობა და ერთად შევიკრიბოთ მასობრიობის განვითარებისათვის აუცილებელი ნაბიჯების განსასაზღვრად".

მუშაობის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება UEFA GROW პროგრამის ხელმძღვანელმა ნოელ მუნიმ:

"უეფა კმაყოფილია თბილისში 2-დღიანი მუშაობით, ჩვენ ძალიან ნაყოფიერი მსჯელობა გვქონდა. აღმოსავლეთი ევროპა ფეხბურთის მასობრიობის განვითარების მიმართულებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც ამ მიმართულებით არსებობს.

ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და მეტი ადამიანი ჩავრთოთ ფეხბურთში. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ და როგორც კი დავბრუნდებით უეფაში, კონკრეტულ გეგმაზე დავიწყებთ მუშაობას", - განაცხადა მან.

სამიტის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა უეფას გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ სამიტს ვუმასპინძლეთ. ეს კიდევ ერთი დაფასებაა იმ პროექტებისა, რაც 2016 წლის განმავლობაში ჩატარდა. ჩვენ სამიტზე წარვადგინეთ არამხოლოდ ის პროგრამები, რაც უკვე განხორციელდა, არამედ სამომავლო ხედვაც.

სამიტზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ფეხბურთი არ არის რომელიმე კლუბის ან ნაკრების წარმატება, ფეხბურთის წარმატება ჩართული ადამიანების რიცხვით განისაზღვრება. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. როგორც იცით, 2016 წელს 7000-ით გაიზარდა რეგისტრირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა და გრძელვადიანი პროექტების საშუალებით ეს რიცხვი წლიდან წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა დავით მუჯირმა.

წყარო: GFF.GE
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული