უეფას სამიტი თბილისში - განვითარება, განათლება, მასობრიობა [VIDEO]

AutoSharing Option
სასტუმრო "ბილტმორში" UEFA GROW-ს სამიტი გაიხსნა. მას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო პირველად ატარებს. სამიტს ესწრებოდნენ უეფას დელეგაცია, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები, გენერალური მდივნები და მთავრობის წარმომადგენლები.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უეფამ საამისოდ თბილისი იმიტომ შეარჩია, რომ ფეხბურთის მასობრიობის მიმართულებით 2016 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განხორციელებული პროექტების შედეგად, დარეგისტრირებულ ფეხბურთელთა რიცხვი 7 ათასით გაზარდა, რაც უეფამ მნიშვნელოვან პროგრესად შეაფასა...

ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი...
სამიტი საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა.

"გულწრფელი მადლობა უეფას ამ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, სამიტი
საქართველოში რომ ტარდება. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფეხბურთის განვითარებისათვის, არამედ ქვეყნისა და ახალი თაობების მომავლისათვის და ჯანმრთელი საზოგადოების საწინდარია.

მქონდა საშუალება, პროფესიონალურ დონეზე მეთამაშა. თუმცა ყველაზე მთავარია, რომ მან ჯანსაღი ცხოვრების წესს მაზიარა. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც განათლება, მედიცინა. ამიტომაა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობა მხარდაჭერას და მაქსიმალურ თანადგომას რომ ვუცხადებთ ფეხბურთს, მის განვითარებას და კონკრეტულად იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ამ სახეობის მასობრიობას განაპირობებს.

შესაძლოა, ყველა ბავშვი პროფესიონალი ფეხბურთელი ვერ გახდეს, მაგრამ საშუალება ყველას უნდა მიეცეს, ჯანმრთელი და აქტიური საზოგადოების წევრები იყვნენ", - ამბობს კალაძე.

ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ გახდეს...
სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმაც:

"სასიამოვნო ფაქტია, ფეხბურთის განვითარების ქართულმა პროგრამამ უეფას საერთაშორისო აღიარება და მოწონება რომ მოიპოვა. ეს დამატებითი სტიმულია, დაწყებული რეფორმები რომ გავაგრძელოთ. სამიტი კი პირდაპირ კავშირშია ჩვენთან ამოქმედებულ სახელმწიფო პროგრამასთან, რომელიც სპორტის მასობრიობის გასაზრდელად ხორციელდება.

ევროპელი პარტნიორების თანადგომა და საერთაშორისო გამოცდილება სპორტის და მათ შორის, ფეხბურთის მასობრიობასა და განვითარებაში დაგვეხმარება.

დარწუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს, სპორტი ხელმისაწვდომი რომ გახდეს ყველა დაბაში, სოფელსა და ქალაქში".

მთავრობის გარეშე გაჭირდებოდა...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სამიტის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე სტუმრებს ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, ფეხბურთის მასობრიობა რატომ არის ფედერაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი:

"სამიტის თბილისში გამართვა მესიჯია, რომ უეფამ კარგად დაინახა ჩვენი ფედერაციის სწორი აქცენტები და იმ საქმიანობის შედეგები, რასაც ბოლო წელიწად-ნახევარი მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით ვაკეთებთ.

უეფას მხრიდან ეს არის მხარდაჭერა და პატივისცემა და ეს გვახარებს. ჩვენ კი პროექტების განხორციელება სახელმწიფოსა და მთავრობის მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა, რადგან ბევრ პროექტს სწორედ ისინი აფინანსებენ".

განათლების სამინისტროს პრიორიტეტებში
დღის მეორე ნაწილში სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც გამოვიდა:

"მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლების რეფორმა ნომერი პირველი პრიორიტეტია, მასში კი ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. პრემიერ-მინისტრმა სპორტის რამდენიმე სახეობის ძალიან აქტიური მასობრივი განვითარება დააანონსა. მალე სტატისტიკასაც მოგაწვდით, სპორტულ აქტივობაში ბევრი ახალგაზრდა და სკოლის მოსწავლე რომ ჩავრთოთ.

ამ კუთხით რამდენიმე სპორტულ ფედერაციასთან ვმუშაობთ, მათ შორის, ერთ-ერთი მოწინავე კი ფეხბურთის ფედერაციაა. ჩვენი სულისკვეთება და ამოცანები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უეფას პრიორიტეტებს ემთხვევა.

ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაფრისთვის საჭიროა - აკადემიური მოსწრებისთვის, ბედნიერი ცხოვრებისთვის, განათლებისთვის. ამიტომ, ვფიქრობთ, ჩვენი, სპორტის სამინისტროს, ფედერაციის, უეფას და ევროპული ქვეყნების სტრუქტურების ხელშეწყობით პარტნიორობა ძალიან ეფექტური იქნება".

ნოელ მუნი, UEFA GROW-ს პროგრამის ხელმძღვანელი:
"უეფას იმისთვის არსებობს, რომ ხალხმა ფეხბურთი ითამაშოს. საქართველომ კი ამ მიმართულებით ბოლო დროს არაერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. მიგვაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, საერთაშორისო სამიტის ჩატარება ჩვენს ქართველ კოლეგებს რომ ჩაეტარებინათ.

თბილისში იმ მნიშვნელოვან თემებსა და პრობლემაზე ვისაუბრებთ, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპას აწუხებს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სფფ-ის პრეზენტაცია, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო. კობიშვილისა და მუჯირის გუნდი ამ კუთხით აქტიურად მუშაობს.

მე კი გეტყვით, რომ ეს სწორი აქცენტია, რადგან ფეხბურთის განვითარება მისი მასობრიობით განისაზღვრება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული