ქართულ ფეხბურთს "იუვენტუსის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დაეხმარება

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საინტერესო შეხვედრა გაიმართა: მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ თბილისში საქმიანი ვიზიტით მყოფ იტალიელ სპეციალისტებს, რომი გაის და მარჩელო ლოტის უმასპინძლეს...

სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესო იმიტომ გამოდგა, რომ შეხვედრის დროს საქართველოს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში იტალიელი სპეციალისტების ჩართვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე ილაპარაკეს.

თუმცა, ჯერ ის ვთქვათ, რომ მარჩელო ლოტი ძარიან ავტომობილებში მსოფლიოს ჩემპიონატის დამფუძნებელი და დირექტორია, საქართველო კი უახლოეს პერიოდში ავტოსპორტში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ეტაპს უმასპინძლებს, რაც
უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ლოტის თქმით, ის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველი ეტაპი აპრილში გაიმართოს.

ახლა მთავარზე - რომი გაი 14 წლის განმავლობაში ტურინის "იუვენტუსის" აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, დღესდღეობით კი საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის სააგენტოს დამფუძნებელია, ხოლო არაბთა გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ფედერაციაში კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.

იტალიელი სპეციალისტის ვიზიტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხედვების დახვეწასა და საერთაშორისო გამოცდილებისა და რჩევების გაზიარებას ემსახურებოდა.

"რომი გაი დიდი გამოცდილების მქონე საფეხბურთო პირია. მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებას მისი ცოდნა ძალიან დაეხმარება. ის სფფ-ის ხელმძღვანელობასთან ერთად დეტალურად გაეცნო ფეხბურთის განვითარების პროგრამას, ძალიან მოეწონა და გამოთქვა კიდეც სურვილი, თავად ჩაერთოს ამ პროგრამაში, რაც ხარისხობრივად კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროგრამის განხორციელებას.

იტალიელმა სტუმარმა მზადყოფნა გამოთქვა, თავად მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა რეფორმის განხორციელების პროცესში, როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე უცხოელი ინვესტორების დაინტერესების, საერთაშორისო ტრენინგების გამართვის და სპეციალისტების გადამზადების კუთხით.

ვფიქრობ, მსგავსი საერთაშორისო ურთიერთობები მნიშვნელოვნად წაადგება მთლიანად ქართული სპორტის განვითარებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გამოცდილებას გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ამბობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.

Sportall.Ge
ფოტოზე: კახა ჭუმბურიძე, რომი გაი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, მარჩელო ლოტი

კახა ჭუმბურიძემ მოლაპარაკების საინტერესო დეტალები გაამხილა:

"გაის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ფეხბურთის იმ მიმართულებით, თუ როგორ უნდა განვითარდნენ კლუბები, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია. მით უმეტეს, იმ მხრივ, რა გზასაც ადგას ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს მთავრობასთან ერთად. ეს არის კლუბების განკერძოება და რომი გაის სწორედ ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს.

ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ, გავიზიაროთ მისი რჩევები და კონსულტაციები".

"ბებერი ქალბატონის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა:

"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის, ფეხბურთისა და ქართული სპორტის ახალი ლიდერები ქვეყანაში ფეხბურთის სამომავლო განვითარების საქმეს განსაკუთრებული ენთუზიაზმით ეკიდებიან. ჩემთვის ცნობილია იმ ძირითადი საერთაშორისო სპორტული აქტივობების შესახებ, რაც დაგეგმილია საქართველოში. ასეთი მაღალი რანგის სპორტული შეჯიბრების მასპინძლობა მართლაც მისალოცია.

გვქონდა საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ ჩავერთოთ და დავეხმაროთ ქართულ ფედერაციას ფეხბურთის განვითარების პროცესში. თქვენი ფედერაციის პრეზიდენტი მაღალი დონის ფეხბურთელი იყო და მას ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობა კარგად ესმის. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ სფფ ჩემპიონატის ახალ სისტემაზე გადადის, არის ახალი ხედვები და ინიციატივები.

ქართულ ფეხბურთს წარსული და ისტორია აქვს და სამომავლო პროგრესისა და მაღალი მიზნების მისაღწევად კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოჯის დროს დააქვეითეს იუვე. ყველაფერში ცუდს ნუ ხედავთ. არანაკლები მაფიოზებია ჩვენი სახელოვანი ვეტერანები..!
Kamp nou
16:06 03-02-2017
0
ეუუფ რატომ იტალიელი და რატომ იუვენტუსელი...
fsiuuu``
16:06 03-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული