ყაზაიშვილი პროგრესირებს, დანარჩენები? - ქართველ ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები

AutoSharing Option
სატრანსფერო ბაზარზე ვითარება მუდმივად იცვლება. იცვლება ქართველ ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასებიც და, სამწუხაროდ, არასასიკეთოდ.

ქართველ ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილის სატრანსფერო ფასი წლიდან წლამდე სულ უფრო იკლებს. Transfermarkt-ის მონაცემებით, 2010 წლიდან დღემდე, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი 5 მილიონ ევროდ ფასობდა. ეს არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია იყო, რომლის ფასი ამდენს 2013 წელს შეადგენდა, თუმცა კაშია 2014 წელს უკვე 4 მილიონი ევრო ღირდა, 2015-ში - 2,75 მლნ.ევრო, დღეს კი - 2,50 მლნ.ევრო.

საგრძნობლად დაიწია ყაზანის "რუბინის" მცველის, საბა კვირკველიას ფასმაც. კვირკველია ბოლო პერიოდი "რუბინში"
არა თუ არ თამაშობს, არამედ განაცხადშიც კი ვერ ხვდება და მისი სატრანსფერო ფასის დაწევა გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს, თუმცა, ცხადია, სამწუხაროა - ფეხბურთელი, რომელიც 2015 წელს 4,5 მლნ.ევროიანი ფასით ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელად ითვლებოდა, ახლა 3 მლნ.ევრო ღირს.

რეგრესი სატრანსფერო ფასში განიცადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამაც. კანკავა, რომელიც 2015 წელს 4 მლნ.ევრო ღირდა, დღეს ორჯერ ნაკლები, 2 მლნ.ევროდ ფასობს.

არასტაბილურია ჯანო ანანიძე, რომლის სატრანსფერო ფასი ხან დაიწევს, ხანაც - აიწევს. მაგალითად, 2014 წელს ჯანო 3 მლნ.ევროდ ფასობდა, შემდეგ სეზონში მისმა ფასმა 0,5 მლნ.ევროთი იკლო, ახლა კი კვლავ იმატა - ჯანო ისევ 3 მლნ.ევრო ღირს.

სამაგიეროდ, მუდმივი პროგრესი აქვს არნემის "ვიტესიდან" ვარშავის "ლეგიაში" განათხოვრებულ ვაკო ყაზაიშვილს. ვაკო 2013 წელს სულ რაღაც 600 000 ევრო ღირდა. შემდეგ სეზონში მისმა ფასმა 200 000 ევროთი იმატა. 2015 წელს ყაზაიშვილის სატრანსფერო ფასი უკვე 1,5 მლნ.ევროს შეადგენდა, დღეს კი "ლეგიას" შემტევი 3,50 მლნ.ევრო ღირს და ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.

ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1) ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია") - 3,5 მლნ.ევრო;
2) საბა კვირკველია ("რუბინი") - 3,0 მლნ.ევრო;
3) ჯანო ანანიძე ("სპარტაკი") - 3,0 მლნ.ევრო;
4) გურამ კაშია ("ვიტესი") - 2,5 მლნ.ევრო;
5) ჯაბა კანკავა ("რეიმსი") - 2,0 მლნ.ევრო;
6) თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი") - 1,8 მლნ.ევრო;
7) გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი") - 1,5 მლნ.ევრო;
8) გიორგი აბურჯანია ("სევილია ბ") - 1 მლნ.ევრო;
9) სანდრო კობახიძე ("გიოზთეფე") - 1,0 მლნ.ევრო;
10) ვაკო გვილია (ბატე) - 900 000 ევრო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქართული ფეხბურთის მესვეურებო. თუ ჯამში ამ ფეხბურთელების ფასი 20 მილიონი ევროა, გადაიხადეთ ეს თანხა (ბებერი მომღერლების კონცერტების მოწყობის სანაცვლოდ), "დააბით" ეს ბიჭები საქართველოში და ერთი მეტნაკლებად ნორმალური გუნდი ჩამოაყალიბეთ. )))))
პელე
12:45 23-01-2017
0
კაშია-1მლ ოქრიაშვილი 1,5მლ ანანიძე 2მლ გვილია 1მ;ლ ყაზაისჰვილი 2მლ კანკავა600 ლორია500 აბურჯანია500 კობახიდზე500
simartle
20:03 22-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული