ყველაზე წამგებიანი ლიგა, უცნაური ფორმატით - საქართველო უეფას წლის ანალიზში

AutoSharing Option
უეფამ უკვე მერვედ გამოაქვეყნა კლუბების ლიცენზირების შედარებითი ანალიზი. დოკუმენტი, რომელიც 2015 წლის ფინანსური წლის აღწერას მოიცავს, 130-გვერდიანია.

დოკუმენტში, რომელშიც მოცემულია უეფას წევრი 54 ქვეყნის სპორტული და ფინანსური მაჩვენებლები, საქართველო ძალიან ბევრჯერ არის მოხსენიებული. საქართველოს ვერ ნახავთ ყველაზე შემოსავლიან ლიგებს შორის, ყველაზე დალხენილი კლუბების ჩამონათვალში და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ძირითადად, უარყოფითი კუთხით ვართ მოხსენიებულნი.

ევროპის 30 ყველაზე შემოსავლიანი კლუბი
Sportall.Ge

* * *
ევროპაში ჩემპიონატის მონაწილე გუნდების შემცირების ტენდენციაა, 2014/15 წლების სეზონიდან 2016/17 წლების სეზონისთვის მხოლოდ 4 ქვეყანაში დაფიქსირდა მონაწილე გუნდების ზრდა. საქართველო კი საერთო ტენდენციას
მისდევს - 2014/15 წლების სეზონში იყო 16 გუნდი და ის ორით შემცირდა.

* * *
ლეგიონერების დამატებაზე გადასახადს ევროპის ძალიან ცოტა ქვეყანაში ახდევინებენ, საქართველო ერთ-ერთია ორიდან! მხოლოდ ჩვენთან და ბელორუსში არის ეს გადასახადი, მეტი არსად!

* * *
საფეხბურთო კლუბების შემოსავლებში უეფას აქვს გრაფა - სხვა შემოსავლები, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ეს ხშირად გრანტებია ან შემოწირულობები და ასე შემდეგ. კლუბების შემოსავლებში "სხვა შემოსავლების" წილი ძირითადად ღარიბ ლიგებშია მაღალი, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს უკვე ანომალიაა - "სხვა შემოსავლების" წილი არის 81%.

* * *
ტელევიზიებიდან მიღებული შემოსავლები ფეხბურთში ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა კლუბების არსებობისთვის, მაგრამ საქართველო ამ მხრივაც ანომალიაა - მხოლოდ ოთხ ჩემპიონატში არ არსებობს საერთოდ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებიდან ტრანსლაციები და ამ ოთხეულში საქართველოა ირლანდიასთან, ყაზახეთთან და ბელორუსთან ერთად.

* * *
საქართველოს ჩემპიონატი უეფას ქვეყნების პირველობებში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდულია - 24,1 წელი საშუალოდ. ჩვენზე ახალგაზრდული ჩემპიონატები აქვთ მხოლოდ ხორვატიას, სომხეთს, ჰოლანდიასა და ლატვიას.

ფეხბურთელთა საშუალო ასაკი
Sportall.Ge

* * *
იმ შემთხვევაში თუ კლუბი შედეგებს აუარესებს, საქართველოში 27%-ით იკლებს მაყურებელთა დასწრება, რაც მეორე შედეგია სომხეთის შემდეგ.

* * *
2015 წლის მონაცემით, ძალიან ცოტა ქვეყანაში ტარდება ჩემპიონატი "უცნაური" ფორმატით - ეგრეთ წოდებული გაზაფხული-შემოდგომის (ზაფხულის ჩემპიონატი) სისტემით. ეს სისტემა კლიმატური პირობებით აიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის მომზადებისთვის ყველაზე სამხრეთული ქვეყანა, სადაც "უცნაური" ფორმატით იმართება ჩემპიონატი, ბელორუსია, მაგრამ წლეულს უკვე საქართველოც გადადის ამ სისტემაზე, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სამხრეთული ქვეყანაა და არც ყველაზე ცივი კლიმატით გამოირჩევა. საქართველო გახდება ევროპის მე-12 ქვეყანა, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის ფორმატზე გადავა.

უცნაური ფორმატები მუქად
Sportall.Ge
* * *
საქართველოში ძალიან ხშირად აძევებენ მწვრთნელებს. ჩემპიონატის განმავლობაში კლუბების 69%-ს შეეცვალა მწვრთნელი, თუმცა უარესიც არსებობს - მაგალითად, რუმინეთსა და ალბანეთში მწვრთნელთა 94% შეიცვალა.

საქართველოში მწვრთნელის საშუალო ასაკი 45 წელია. ეს უფრო ახალგაზრდულია, ვიდრე საშუალოევროპული, თუმცა ევროპაში 10 ჩემპიონატში ჩვენზე ახალგაზრდა მწვრთნელები ჰყავთ.

მწვრთნელთა ცვლილებები სეზონის განმავლობაში
Sportall.Ge

* * *
უეფას დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ჩემპიონატზე დასწრება 5%-მდე ოდენობით გაიზარდა.

* * *
რამდენად მომგებიანია ეროვნული ჩემპიონატი? რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების უმრავლესობა მომგებიანია, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში ჩემპიონატი წამგებიანია. ბუნებრივია, მათ შორის არის საქართველოც - მეტიც, საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე წამგებიანი ჩემპიონატით გამოირჩევა - ის დაახლოებით 70%-ით წამგებიანი ღონისძიებაა, ახლოს მხოლოდ ესტონეთი და ისრაელია - 60-60%.

2015 ფინანსურ წელს საქართველოს ყველა კლუბი წამგებიანი იყო ელიტაში, ორის გარდა.

მომგებიანი და წამგებიანი ჩემპიონატები
Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
პრემიერ ლიგის ბიუჯეტი(ლაპარაკი არ არის ჩემპიონ, პირველი და მეორე ლიგის ბიუჯეტზე) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე მაღალია. როგორ უნდა განვითარდეს ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ფეხბურთი, რომელმაც უკვე დიდი ხანია მთელს მსოფლიოში სპორტთან ერთად ბიზნესის ფუნქციაც შეითავსა.
კეთილი სამარიტელი
13:58 21-01-2017
0
ყველაზე ღარიბი ჩემპიონატიდან ერთერთ ყველაზე წარმატებულ და ყოველნაირი ინფრასტრუქურის მქონე კლუბს რომ გააგდებ ჩაწყობილი თამაშის არ თამაშის გამო,ყველაზე დიდი ინვესტიციის განმხორციელებელ კაცს ფეხბურთში მოღვაწეობას რომ აუკრძალავ და ბოლოს 10 მილიონიანი ინვესტიციაზე უარის თქმის შემდეგ რაა გასაკვირი
dato
18:49 20-01-2017
0

სიახლეები პოპულარული