მათე ცინცაძე: "პოგონში" ყველანაირი პირობაა პროგრესისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 21 წლის ნახევარმცველი მათე ცინცაძე კარიერას პოლონურ "პოგონში" გააგრძელებს. ქალაქ შჩეცინის მკვიდრ კლუბს პოლონეთის მთავარ პირველობაზე (ექსტრაკლასა) მე-7 ადგილი უჭირავს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ცინცაძე ახალ გუნდში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, წარწერით - "მათე". შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ სწორედ პოგონის ღირსებას იცავდა საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლადო დვალიშვილი.

ცინცაძეს აქამდე თბილისის "ლოკომოტივში", ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია. იყო ჩვენი ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. საქართველოს პირველ გუნდში ცინცაძეს 2015 წლიდან
იწვევენ.

რაც შეეხება "პოგონს", ამ გუნდის მთავარი მწვრთნელია კაზიმეჟ მოსკალი. შემადგენლობაში არიან რუმინელი, ბულგარელი, იაპონელი და სამხრეთაფრიკელი ლეგიონერები.

ვინც ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატში ცინცაძის თამაშს ადევნებდა თვალს, დაგვეთანხმება - თითქოს, ჩვენი პირველობისთვის გადაიზარდაო. მათე ძველებურად ვეღარ პროგრესირებდა და ჩანდა, რომ სჭირდებოდა ახალი ასპარეზი. პოლონეთის ჩემპიონატი კი ზედგამოჭრილი უნდა იყოს მისთვის.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ პირველობის მატჩებს არაერთი სელექციონერი ადევნებს თვალს. თუ კარგად ითამაშებ, შენს გვარს ეგრევე ბუნდესლიგისა და სხვა წამყვანი ევროპული ლიგების კლუბების წარმომადგენლები მოინიშნავენ...

მას შემდეგ, რაც "პოგონთან" საკონტრაქტო დეტალები მოაგვარა, ცინცაძე თბილისში ჩამოვიდა და "ლელოს" ინტერვიუც მისცა:

- ყველა დეტალი შეთანხმებულია. ცოტა ხნით ჩამოვედი თბილისში. 7 იანვარს ისევ პოლონეთში უნდა ვიყო.

- თქვენ უკვე იყავით შჩეცინში. კლუბის ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს თუ შეხვდით?
- მწვრთნელის გარდა, ყველას შევხვდი და ველაპარაკე. ჩემი ეიმედებათ და ეს დიდ სტიმულს მაძლევს.

- პოლონეთის ჩემპიონატში გუნდი მე-7 ადგილზეა. ალბათ, მეტის ამბიციაც აქვთ...
- კი, აქვთ მეტის ამბიციაც. ზოგადად, მხოლოდ წარმატებაზე ორიენტირებული კლუბია. ყოველთვის სოლიდურ მიზნებს ისახავენ...

- სამწლინახევრიანი კონტრაქტი ცოტა ბევრი ხომ არ არის? პოლონეთის ჩემპიონატის მატჩებს უამრავი სკაუტი ადევნებს თვალს და ვთქვათ, რომელიმე სოლიდური კლუბი დაინტერესდა თქვენით...
- ასეთ შემთხვევაში, "პოგონი" ხელს ნამდვილად არ შემიშლის და კონტრაქტშიც არის პუნქტი ამის თაობაზე.

- როგორია "პოგონის" საკლუბო ინფრასტრუქტურა?
- ძალიან კარგი სტადიონი აქვთ. ბაზა, სავარჯიშო მოედნები... მოკლედ, ყველა პირობაა იმისთვის, რომ საკუთარი თავი გამოავლინო.

- ალბათ, ლადო დვალიშვილს ჰკითხეთ რჩევა, სანამ "პოგონში" გადახვიდოდით...
- რა თქმა უნდა! ლადო ხომ ადრე თამაშობდა ამ გუნდში. მან ძალიან ფასეული რჩევები მომცა, რომელიც გავითვალისწინე. მადლობა მინდა ვუთხრა ლადოს!

- რვანომრიანი მაისურა თავად აირჩიეთ?
- ამ შემთხვევაში ჩემი და კლუბის სურვილები ერთმანეთს დაემთხვა.

- "მათე" იმიტომ დაიწერეთ, რომ ქომაგებს გვარის გამოთქმა უჭირთ?
- უფრო მეტად, სწორედ ამის გამო.

- სად მოემზადებით მომავალი სეზონისთვის?
- კვიპროსში მოვემზადებით, გვექნება ამხანაგური მატჩებიც...

- პოლონეთიდან საქართველოს ნაკრებში მოხვედრა უფრო იოლი ჩანს...
- ყოველთვის მზად ვარ, მაქსიმუმი გავიღო საქართველოს ნაკრებისთვის, საიდანაც არ უნდა გამომიძახონ.

- ბოლოს კი თბილისის "დინამოში" გატარებულ პერიოდზე გკითხავთ...
- მინდა, მადლობა გადავუხადო "დინამოს" ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს! ამ კლუბმა ბევრი რამ მომცა, როგორც ფეხბურთელს.

P.S. ოფიციალურად, თბილისის "დინამომ" მათე ცინცაძის ტრანსფერში 100 ათასი ევრო მიიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
polonetshi magari nashebia mate, aba shen izi!
gigi
01:45 06-01-2017
0
ნუ რავი რა გვეშველება არ ვვიცი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული