საბა კვირკველია "რუბინიდან" მიდის, მაგრამ რუსეთში რჩება

AutoSharing Option
საბა კვირკველიას აგენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი "რუბინს" დატოვებს, ოღონდ ევროპაში სათამაშოდ არ გაემგზავრება და კარიერას ისევ რუსულ პრემიერლიგაში განაგრძობს.

"საბა რომ სხვა გუნდში გადავა სათამაშოდ, ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილია. უბრალოდ, ამ ეტაპზე მას არ სურს მისი ახალი კლუბის დასახელება. კვირკველია ამჟამად 3-4 რუსულ კლუბს აინტერესებს. ამ ეტაპზე ის არ გადავა ევროპულ კლუბში. ყველაფერი მომდევნო კვირაში გაირკვევა", - უთხრა ჩელებაძემ TACC-ს.

კვირკველიას მდგომარეობა "რუბინში" ყველასთვის ცნობილია. მას სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს და
მყარად დამკვიდრდა სათადარიგოთა შორის მას შემდეგ, რაც ყაზანურ გუნდში მთავარ მწვრთნელად ესპანელი ხავი გრასია მივიდა. თანაც, ეს მოხდა ისე, რომ კვირკველიას ერთი მატჩიც კი არ ჩაუგდია.

ეს ყველაფერი ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაში მიზეზი არასაფეხბურთოა. გასაგებია, რომ "რუბინის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ყველაფერზე ღიად საუბარს ამ ეტაპზე ერიდება.

ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრების მცველს ჰქონდა არაერთი ვარიანტი. "რუბინი" ერიდებოდა ფეხბურთელის იჯარით გაშვებას და, ასე განსაჯეთ, გაყიდვასაც კი. სულ ცოტა ხნის წინ "ლელომ" შემოგთავაზათ ინტერვიუ კვირკველიასთან, რომელშიც მან გვითხრა, რომ ერთ-ერთ ამბიციურ კლუბს სურდა მისი ყიდვა, თუმცა "რუბინმა" ამ შეთავაზებას წაუყრუა.

როგორც ჩანს, ყაზანურ კლუბში მიხვდნენ, რომ ასე დაუსრულებლად აღარ შეიძლება გაგრძელდეს, რადგან მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, კლუბი საერთოდ ვერ იხეირებს. კვირკველიასთვის ყაზანური გუნდიდან წასვლა ერთგვარი შვება უნდა იყოს, რადგან ის სათამაშო პრაქტიკასაა მოკლებული.

ამ ეტაპზე მის მიმართ არსებობს რუსული კლუბების კონკრეტული ინტერესი. ყველაზე რეალურად "როსტოვისა" და მოსკოვის "ლოკომოტივის" ვარიანტი მოჩანს. მოკლედ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასათიანი 2,

ფეხბურთელს თუ განვითარება უნდა ჩელებაძეს არ უნდა გაეკაროს.
giga
14:21 19-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული