ნიკა ძალამიძე: საშინელება დასრულებულია, აქ თავს კარგად ვგრძნობ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის კანდიდატი, ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე ცოტა ხნის წინ გადავიდა პოლონურ "გურნიკში" (ლენჩნა). ამ დროისთვის, ძალამიძის გუნდს საქმეები მთლად კარგად ვერ მისდის - ექსტრაკლასაში ბოლო ადგილზეა, თუმცა ქართველ ლეგიონერს იმედი აქვს, რომ მოკლე ხანში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

ძალამიძემ ქართველი გულშემატკივრის ყურადღება ადრეული ასაკიდან მიიქცია. მას არაერთ გუნდში უთამაშია, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი "იაგელონიაში" ჰქონდა, სადაც გიორგი ფოფხაძესთან ერთად პოლონეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ძალამიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან იწვევენ. ამ დრომდე მან ქვეყნის უპირველეს გუნდში 7
მატჩი ჩაატარა და იმედი აქვს, რომ კიდევ მოირგებს ნაკრების მაისურას.

დანარჩენსაც იმ ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც "ლელომ" ჩაწერა...

- როგორ მიდის თქვენი ადაპტაციის პერიოდი "ლენჩნაში"?
- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კარგად მიდის. ეგ არის, ჯერჯერობით თავად გუნდს არ აქვს საქმე სახარბიელოდ. პოლონეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზე ვართ. ამის მიუხედავად, აქ ყველა ბოლომდე ბრძოლისთვისაა განწყობილი. არავინ უშვებს უმაღლესი ლიგის დატოვების ალბათობას. დეკემბრის ბოლომდე 3 მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი და ამ შეხვედრებში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ პოზიტიური შედეგის მისაღწევად. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი.

- როგორ მიგიღეს გუნდში?
- ძალიან კარგად. მთავარი მწვრთნელის, ანჟეი რიბარსკისგან აშკარად კეთილგანწყობას ვგრძნობ. მან იცის, რომ ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა მაკლდა და ამის გათვალისწინებით, თანდათან მაჩვევს ძირითად შემადგენლობას. ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, აქ რამდენიმე ისეთი მოთამაშეცაა, ვისთანაც ადრე მითამაშია.

- ახლა გასაგებია, რატომაც გიწევთ შეცვლაზე თამაში...
- ეს იმიტომ ხდება, რომ ფორმა თანდათან უნდა აღვიდგინო. აქ წამოსვლამდე თბილისის "ლოკომოტივში" ვვარჯიშობდი და მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ამ კლუბის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა გადავუხადო - მათ ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. და მაინც, თქვენც დამეთანხმებით, რომ ვარჯიში სხვაა და სათამაშო პრაქტიკა კიდევ სულ სხვა. ვგრძნობ, რომ თანდათან ვუახლოვდები ოპტიმალურ ფორმას.

- ახლა განსაკუთრებული მონდომება გჭირდებათ...
- ვიცი და ცდას მართლა არ ვაკლებ. მთელი შემადგენლობა ვარჯიშს რომ მორჩება, ვრჩები და სხვადასხვა კომპონენტებზე ინდივიდუალურად ვმუშაობ. ძალიან ბევრი დავკარგე ბოლო დროს და ეს აუცილებლად უნდა დავიბრუნო. ამას მხოლოდ თავდადებული შრომის ხარჯზე მივაღწევ.

- ალბათ, თქვენთვის ძალიან არასასიამოვნო გასახსენებელია "რიზესფორში" გატარებული პერიოდი - პრაქტიკულად, არ გიწევდათ თამაში თურქულ გუნდში. გასაგებია, რომ ძლიერი შემადგენლობა იყო, მაგრამ შანსი ხომ მაინც უნდა მოეცათ. ამას რით ახსნით?
- შემადგენლობა მართლაც კარგი იყო და არც საკუთარი თავის ქება მიყვარს, მაგრამ ერთს კი ვიტყვი - ჩემს ადგილზე მოთამაშე ფეხბურთელები ბევრი არაფრით იყვნენ ჩემზე ძლიერები. უბრალოდ, მწვრთნელს ჰქონდა თავისი ხედვა და არ უხვევდა არჩეულ გეზს.

- მასთან საუბარი არ გიცდიათ?
- როგორ არა, ვცადე. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის შემდეგაც ვერ გამოვიტანე ბოლომდე აზრი, თუ რატომ არ მათამაშებდა. შეიძლება, იმიტომაც, რომ უფრო პრეზიდენტის მიყვანილი ვიყავი გუნდში, ვიდრე მთავარი მწვრთნელის და ეს განაპირობებდა კიდეც ჩემდამი დამოკიდებულებას... მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ფაქტია, "რიზეში" გატარებული პერიოდი საშინელი იყო ჩემს კარიერაში. კიდევ კარგი, დასრულდა ეს გაურკვევლობა და ახლა თამაშის საშუალება მაქვს. ჩემი შეხსენება რაში გჭირდებათ და, უთამაშებელი ფეხბურთელი პროგრესზე ვერ იფიქრებს.

- საინტერესოა, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც "ლენჩნა"?
- ამ დროისთვის, ჩემი პროგრამა-მინიმუმია, დავიბრუნო ის ფორმა, რომელშიც ადრე ვიყავი. კონკრეტულ შემთხვევაში ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა გუნდს. მთავარი იყო, უმაღლეს ლიგაში ეთამაშა, მე კი სათამაშო პრაქტიკა მქონოდა. გამოჩნდა "ლენჩნას" ვარიანტი და მეც ბევრი აღარ მიფიქრია. პოლონეთის ჩემპიონატი ჩემთვის ნაცნობი პირველობაა. 5 წელი ვითამაშე პოლონურ ლიგაში და ყველა მიცნობს. ჩემი აზრით, მალე ძირითადში დამკვიდრებასაც შევძლებ.

- შეიძლება ამაზე საუბარი ადრეა, მაგრამ მაინც - ხომ არ არის უკეთეს გუნდში გადასვლის ვარიანტი? ვგულისხმობ ისეთ გუნდს, რომელსაც უმაღლეს ლიგაში დარჩენის ამოცანა არ ექნება გადასაწყვეტი...
- როგორც გითხარით, ძირითადში მაქვს ადგილი დასამკვიდრებელი და ახლა "ლენჩნადან" წასვლაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. ამ დროისთვის, გუნდის ნაწილი ვარ და ასე იქნება ზაფხულამდე. მერე ვნახოთ...

- რას იტყვით პოლონეთის ჩემპიონატის დონეზე? გაიზარდა თუ არა ის მას მერე, რაც "იაგელონიიდან" წამოხვედით?
- დონე აშკარად გაზრდილია, ინფრასტრუქტურაც ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ხალხიც საკმარისად ბევრი დადის სტადიონებზე... მოკლედ, ნამდვილი ევროპული პირველობაა. აქაური საკლუბო ფეხბურთისთვის ძალიან დიდი ბიძგი იყო "ლეგიას" მოხვედრა ჩემპიონთა ლიგაში. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ პოლონეთის ჩემპიონატმა პროგრესი გააგრძელოს.

- საინტერესოა, ვაკო ყაზაიშვილს თუ ეხმიანებით?
- კი, რამდენჯერმე ვისაუბრეთ. მჯერა, "ლეგიას" ძირითადში შემადგენლობაში მოახერხებს ადგილის დამკვიდრებას. სხვათა შორის, 19 დეკემბერს გვიწევს შეხვედრა "ლეგიასთან"...

- და ბოლოს, საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. შეაფასეთ ეროვნული გუნდის ბოლო თამაშები და ფიქრობთ თუ არა ნაკრებში დაბრუნებაზე?
- კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. გასაგებია, შედეგი ისეთი არ არის, როგორიც გვინდა, მაგრამ თამაშის ხარისხი უკეთესია და ეს მომავლის იმედს გვაძლევს...

რაც შეეხება ნაკრებში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ამაზე ფიქრს წამითაც არ ვწყვეტ. აი, ოპტიმალურ ფორმაში რომ შევალ, მერე ნამდვილად მექნება ნაკრებში დაბრუნების ჯანსაღი ამბიცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ასე არ სჯობია?წარმატებები ნიკა!
სოსო
21:07 04-12-2016
0
გაიხარე ნიკა, წარმატებებს გისურვებ სპორტშიც და ცხოვრებაშიც.
gizog
21:49 03-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული