გვილია და ბუნდესლიგა? - ვაკოთი გერმანული კლუბები ინტერესდებიან

AutoSharing Option
ეროვნულ ნაკრებში ვაკო გვილიას გამოჩენის შემდეგ მის მიმართ ინტერესი საქართველოშიც საგრძნობლად გაიზარდა და ევროპაშიც. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გულშემატკივრისთვის უცნობი ფეხბურთელი დღეს არა მხოლოდ რიგით მაყურებელს აინტერესებს, არამედ მენეჯერებისთვისაც ყურადღების ობიექტია.

ეს არცაა გასაკვირი - ირლანდიასა და უელსთან გვილიამ მშვენივრად ითამაშა, ხოლო ბელორუსის ყველაზე პოპულარული კლუბის, ბორისოვის ბატე-ს იოლად მოერგო და 7 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.

25 ოქტომბერს გერმანულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ახალგაზრდა ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბერლინის "ჰერტაში" გადავიდეს.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში
ბერლინელები მე-3 ადგილზე იმყოფებიან. ცნობის მიხედვით, გერმანელები მზად არიან, ქართველის სანაცვლოდ ბელორუსულ კლუბს მილიონი ევრო გადაუხადონ.

თავად გვილია კომენტარს ერიდება. ჩვენთვის ცნობილია მისი პოზიცია, რომ შესაძლოა, შეთავაზება ბევრი იყოს, მაგრამ აჩქარება არ უღირს. თუნდაც იმიტომ, რომ მენეჯერის შემოთავაზება კლუბის წინადადებას არ ნიშნავს, აგენტები ხომ ხშირად მსგავს ინფორმაციებს მედიას შეგნებულად "აპარებენ", რათა საინტერესო ფეხბურთელი ამით გადაიბირონ...

მეორეც, გვილიას ბატე-სთან კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე აკავშირებს და ბელორუსები ქართველს, რომელმაც საერთაშორისო სარბიელზე სპეციალისტებს თავი უკვე გააცნო, იოლად არ დათმობენ.

თუმცა ამ ტიპის კლუბების მთელი ფილოსოფია საინტერესო მოთამაშეების მიწვევა, გაზრდა და შემდეგ სარფიანად გაყიდვაა.

მესამეც: "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ გვილიას გერმანიაში არანაკლებ საინტერესო სხვა წინადადებას სთავაზობენ. ლაპარაკია "ლაიპციგზე", რომელიც მიმდინარე ბუნდესლიგის ნამდვილი აღმოჩენაა (ამჟამად ეს აღმოსავლეთგერმანული კლუბი მეორე ადგილზეა). მაგრამ ერთია ლაპარაკი, მეორე - ტრანსფერისთვის კონკრეტული მზაობა.

- კლუბი, რომელიც ყველას სძულს

პოპულარული "ტრანსფერმარკტი" მის პირობით ფასად 600 ათას ევროს ასახელებს. რეალურად, გვილიას ტრანსფერში ბელორუსები 2 მილიონ ევროს (საერთოდ, ბელორუსული კლუბის მიერ გაყიდული მოთამაშეების სატრანსფერო ფასები მილიონიდან 2 მილიონ ევრომდე მერყეობს) მოითხოვენ.

ამ საკითხზე ერთ-ერთ მენეჯერს დავეკითხეთ, რომელიც ევროპულ ბაზარს კარგად იცნობს. მისი თქმით, ფასის დადგენაში რამდენიმე ფაქტორი იმოქმედებს:

1) გვილია ევროპაში საკმაოდ ცნობილი გუნდის, ბატე-ს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა, რაც უკვე დიდი პლუსია;
2) ამ გუნდთან ერთად გახდა ბელორუსის ჩემპიონი და ესეც მის სასარგებლოდ მეტყველებს;
3) არის ეროვნული ნაკრების წევრი, რაც ტრანსფერს ფასს მატებს;
4) ევროპელებისთვის გვილიას ახალგაზრდული ასაკიც (22 წლის) მიმზიდველია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ვიქნები ორიგინალური და ერთადერთი, თუ ვიტყვი:ეს ბიჭი გახდება ცნობილი ფეხბურთელი ევროპის მასშტაბით და თუ ფორტუნაც მის მხარეს იქნება-მსოფლიო მასშტაბითაც, მას ვარსკვლავური ავადმყოფობა არ ემუქრება.
კახელი პაპა
18:53 26-10-2016
0
ძალიან კარგი ბიჭია და კარგი მომავალი აქვს.მე მგონი არ უნდა იჩქაროს,ნაკრებთან ერთად ერთი ორი უახლოესი თამაში წარმატებით ითამაშოს,ფასიც დაედება და თავის პირობებზეც გააფორმებს კონტრაქტს.ძირითადში თამაშს ვგულისხმობ,თორემ თუ გუნდში ჩაირიცხა და სათამაშო წუთები ითვალა სხვებივით,შეგვრჩება კიდევ ერთი სათამაშო პრაქტიკის არმქონე ნაკრების წევრი,როგორებიც,სამწუხაროდ მრავლად გვყავს
0

სიახლეები პოპულარული