ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი არაბიძე: საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. მაგრამ დრო გადის და არ მიწვევენ

AutoSharing Option
გიორგი არაბიძე თანახმაა, უკრაინის ნაკრებში ითამაშოს - ასეთი ხმები გავრცელდა და ბევრმა ირწმუნა, რომ დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდული გუნდის შემტევი ნახევარმცველი ამ ნაბიჯის გადადგმას მართლა აპირებდა.

ჭორს უნიკალური თვისება აქვს, ავტორი და გამავრცელებელი უცნობია. ახალგაზრდა ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ ეს ხმები უარყო და აღნიშნა, რომ იცის კიდეც, ვინ ავრცელებს ჭორებს.

- გიორგი არაბიძეს უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობენ, მაგრამ...

მოგვიანებით თავად ფეხბურთელს დავუკავშირდით. გიორგი არაბიძემ "ლელოსთან" მოკლე ინტერვიუში უკრაინელების მხრიდან ინტერესი დაადასტურა:

- პირადად მე, საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. მაგრამ დრო გადის და
ნაკრებებში არ მიწვევენ. ძალაუნებურად, ვფიქრობ - ხომ არ სჯობია, იქ ვითამაშო, სადაც ინტერესი აქვთ და მაფასებენ?

- ...და რამე გადაწყვეტილება მიიღეთ?
- ჯერ უკრაინის პასპორტი არ ამიღია და ამაზე არ ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა.

- უკრაინელები რომელ ნაკრებში გიწვევენ?
- ეროვნულში არა, ასაკობრივზეა ლაპარაკი, მაგრამ მეტი დაკონკრეტება არ ყოფილა. ეს ზოგადი შემოთავაზება იყო, მსურდა თუ არა მოქალაქეობის შეცვლა.

- კონკრეტულად ვინ დაგელაპარაკათ?
- როგორც მითხრეს, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ.

- ანუ, რომ დათანხმდეთ, მეორე დღესვე უკრაინის პასპორტს მოგცემენ?
- თანახმა რომ ვყოფილიყავი, უკრაინის მოქალაქე ახლაც ვიქნებოდი. მაგრამ ამაზე თავს ვიკავებ.

- დონეცკის "შახტარში" თქვენი საქმეები როგორ მიდის? წლეულს ძირითად გუნდში არ გითამაშიათ...
- ახლა "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობ. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ზამთარში მთავარ გუნდში გადამიყვანენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ