ნიკა კვეკვესკირი: მოვა დრო და ამ შემდეგ ნაბიჯსაც გადავდგამ!..

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირთან საუბარი არ მოგბეზრდება. ზრდილი, თავმდაბალი, განათლებული რესპონდენტი ყველა კითხვას გულდასმით, დაკვირვებით პასუხობს. კვეკვესკირს შესანიშნავი სეზონი აქვს აზერბაიჯანული "გაბალას" შემადგენლობაში.

ის რომან გრიგორჩუკის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ჩინებული სეზონი აქვს თავად აზერბაიჯანულ კლუბსაც - გუნდი ჩემპიონობისათვის იბრძვის და თან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც თამაშობს.

ამჟამად, ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია, იყო იმედი, რომ ირლანდიასა და უელსში გასამართავი საგარეო მატჩებისთვის გამოჯანმრთელებას შეძლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა...

მან "ლელოს" კითხვებს მანამდე უპასუხა, სანამ ნაკრებში მისი თამაში საბოლოოდ გამოირიცხებოდა.

-
თავდაპირველად, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდებით...

- "ანდერლეხტთან" ევროპალიგის მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მივიღე. სწორედ ამის გამო უკვე ორი მატჩი გამოვტოვე. ჯერ მიჭირს იმის თქმა, თუ რამდენად მალე მოვახერხებ გამოჯანმრთელებას. ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პროცესი დაჩქარდეს და უახლოეს სანაკრებო მატჩებს მზადყოფნაში შევხვდე.

- "გაბალამ" შესანიშნავად დაიწყო სეზონი...
- სეზონის დასაწყისი თითქმის იდეალური გამოგვივიდა. "თითქმის" იმიტომ, რომ "ინტერთან" 2 ქულა დავკარგეთ. გეგმის პირველი ნაწილიც შევასრულეთ - გავედით ევროპალიგის ჯგუფში. რაც შეეხება აზერბაიჯანის ჩემპიონატს, გარდა იმ დაკარგული ორი ქულისა, ჯერ გოლი არ გაგვიშვია.

- მაინც, რის ხარჯზე მიიღეთ ეს შედეგი? გუნდში ხომ ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა სეზონის დაწყების წინ...
- ეს სამწვრთნელო შტაბის უდიდესი დამსახურებაა. მათ უმოკლეს დროში შეკრეს, შეათამაშეს გუნდი, ერთი მიზნის გარშემო დარაზმეს... შედეგსაც სწორედ ამის ხარჯზე მივაღწიეთ. მჯერა, ეს ჯერ კიდევ არ არის "გაბალას" მაქსიმუმი. ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ, რადგან გვაქვს ამის პოტენციალი.

- ცალკე უნდა გკითხოთ რომან გრიგორჩუკზე. "გაბალას" არაერთი მატჩი მინახავს და მე პირადად ის მაღალი დონის სპეციალისტად მიმაჩნია...
- არც ცდებით. ის უძლიერესი ანალიტიკოსია. უმცირეს წვრილმანამდე არჩევს მოწინააღმდეგის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ასევე გვთავაზობს გზებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ჩვენი პოტენციალი. ამ წარმატებაში მართლაც უდიდესია მისი წვლილი.

- ფაქტია, აზერბაიჯანში ჩემპიონობისთვის ორი გუნდი იბრძოლებს...
- თქვენ "გაბალასა" და "ყარაბაღს" გულისხმობთ, ალბათ, მე კი "ინტერსაც" დავამატებდი. ამ გუნდს უკვე წლებია, ჩამოყალიბებული აქვს თავისი კონკრეტული ხედვა და ტაქტიკა. პლუს ამას, ზაურ სვანაძის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის მწვრთნელი, რომელსაც ისე, როგორც არავის, შეუძლია გუნდში დადებითი ატმოსფეროს შექმნა. ეს კი წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ერთი სიტყვით, "ინტერის" ჩამოწერა არ შეიძლება - ამ სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძოლებს. მოკლედ, კონკურენტუნარიანი პირველობის მოლოდინში ვართ.

- საინტერესოა ავსტრიასთან თბილისური მატჩის თქვენეული შეფასება...
- ჩვენი პოტენციალი გამოჩნდა. და, კერძოდ, გამოჩნდა ის, რომ სწორად შერჩეული ტაქტიკის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, თანაბრად ვეთამაშოთ ავსტრიის დონის ნაკრებებს, და მეტიც - გვქონდეს პრეტენზია გამარჯვებაზე. უბრალოდ, ჩვენვე უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს შეგვიძლია.

ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ბევრი კომპონენტი გვაქვს გასაუმჯობესებელი. მთავარია, სწორი გზით ვიაროთ და საკუთარი თავის გვჯეროდეს.

- ირლანდიასა და უელსთან მომავალ მატჩებზეც გკითხავთ. როგორ უნდა ითამაშოს ნაკრებმა ამ შეხვედრებში? რა ტაქტიკა-სტრატეგიას უნდა მიმართოს?
- თუ დაცვაში ზედმიწევნით ზუსტად იქნება დაცული სათამაშო დისციპლინა, თუ მთელი გუნდი იმოქმედებს ერთ მწყობრ მექანიზმად, და არა მარტო დაცვაში, არამედ შეტევაშიც, მჯერა, ორივე თამაშში გვაქვს წარმატების საკმაოდ კარგი შანსი. ჩვენ ძალიან ბევრი ინდივიდუალისტი გვყავს, შეტევაც გვიყვარს...

დღევანდელ ფეხბურთში აუცილებელია ბალანსი დაცვასა და შეტევაში. თუ ასე ვითამაშებთ და გუნდი ერთი მთლიანი მექანიზმი იქნება, ეჭვიც არ მეპარება, რომ შედეგს მივაღწევთ.

- სეზონის დასაწყისი შესანიშნავი გამოგივიდათ, თუნდაც ევროპალიგაზე რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარეთ. ხომ არ არის შემოთავაზებები უფრო ძლიერი გუნდებიდან?
- ამაზე ჯერ ადრეა საუბარი. ყველაზე ცუდ დროს მივიღე ტრავმა - მაშინ, როცა ევროპალიგის ჯგუფში უნდა მეთამაშა... მაგრამ არა უშავს, ტრავმაც ფეხბურთის ნაწილია და იმედი მაქვს, უფრო ძლიერი დავუბრუნდები მოედანს.

რასაკვირველია, მაქვს პროფესიული ზრდის და უფრო ძლიერ ლიგაში თავის წარმოჩენის სურვილი, მაგრამ ახლა ამის დროს არ არის. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი და დასამტკიცებელი იმისთვის, რომ შემდგომ ნაბიჯზე ვიფიქრო. იმედია, მოვა დრო და ამ შემდეგ ნაბიჯსაც გადავდგამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაისის რა ბრალია ვისაც ეტყვიან ის უნდა ათამაშონ სხვა გზა არააქვს.თორე ეს ბიჭი როგორ არ უნდა ათამაშო ეს არ მესმის.ეს სისულელე,ყოველი თამაშის მერე ვწმუნდები რომ ვაისი უფრო დაბალი დონეა ვიდრე ცხადაძე
Sura
10:07 26-09-2016
0
აუსტრიასტან რატო არ ატამასჰა კვეკვე ახსნას ვაისმა რატოოოო?
ბაჯო
22:35 25-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული