ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნუკრი რევიშვილს ისრაელში პირი უტეხეს, ნაკრების მეკარე ისევ უგუნდოდაა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ნუკრი რევიშვილმა პრემიერლიგიდან გავარდნილი სარანსკის "მორდოვიასთან" არსებული კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გააუქმა, თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და ახალი კლუბის ძებნას შეუდგა. ამ პერიოდში მას ხელი ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში მიღებულმა ტრავმამაც შეუშალა და ვარჯიში მხოლოდ ივლისის ბოლოს განაახლა.

აგვისტოს დასაწყისში "ლელომ" ექსკლუზიურად შეიტყო იმ გუნდის ვინაობა, რომელიც საქართველოს ნაკრების მეკარესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა - ეს იყო გასულ სეზონში ისრაელის ლიგატ'ალიში (უმაღლესი ლიგა) მე-7 ადგილზე გასული თელ-ავივის "ბნეი იეჰუდა".

შემდეგ ისიც გვითხრეს, რომ ქართველი მეკარე "ბნეი იეჰუდასთან" კონტრაქტს 2 წლით გააფორმებდა.
ისრაელში სეზონი 20 აგვისტოს დაიწყო და ყოველდღე ველოდით ამ შეთანხმების ოფიციალურ დადასტურებას, მაგრამ...

როგორც შევიტყვეთ, "ბნეი იეჰუდას" ხელმძღვანელებმა რევიშვილთან წინასწარ შეთანხმებული პირობები შეცვალეს. 29 წლის მეკარემ კი გაუარესებულ ხელშეკრულებაზე უარი თქვა, საქართველოში დაბრუნდა და ჯერჯერობით უგუნდოდაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ