მსუბუქი, როგორც დილის ნისლი - ძალიან საინტერესო რუსული სტატია გიორგი ლორიაზე

AutoSharing Option
პოპულარულმა რუსულმა სპორტულმა საიტმა championat.com-მა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას საინტერესო სტატია მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ სამარის "კრილია სოვეტოვის" ქართველმა მეკარემ რუსეთის პრემიერლიგის საწყის ოთხ ტურში წარმატებული თამაშით არაერთხელ დაიმსახურა გულშემატკივრების, სპეციალისტებისა და ჟურნალისტების ყურადღება. ბოლო ტურში კი, სტუმრად მოსკოვში ჩატარებულ "ლოკომოტივთან" მატჩში, რამდენიმე შთამბეჭდავ "სეივს" მოგერიებული 11-მეტრიანიც მიაყოლა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

* * *
"ლოკომოტივთან" მატჩამდე რამდენიმე დღის წინ გიორგი ლორიას მამა გარდაეცვალა. ნუგზარ ლორია დიდხანს ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას, მაგრამ ამქვეყნად ყველა ბრძოლა ერთ დღეს სრულდება. საკითხავი მხოლოდ
ისაა, დანებდები შენ თუ არა.

გიორგისთვის არ დასმულა საკითხი - გასულიყო მოსკოვში მოედანზე თუ არა. რა თქმა უნდა, დანებება არ შეიძლებოდა. ეს მან მამისგან იცოდა - უნდა ითამაშოს, ყოველთვის. ნუგზარ ლორია მსახიობი და რეჟისორი იყო და საერთოდაც, მეკარის ხელოვანთა ოჯახში სიტყვა "თამაში" ყოველთვის მთავარი იყო.

ამიტომაცაა ლორია მთავარ როლში "კრილია სოვეტოვში". გუნდში, რომელიც ულტრაპრაგმატულ ფეხბურთს თამაშობს დაცვაზე ორიენტირებული 6-7 მცველით, შემოქმედია საჭირო. ლორია ასეთი გახდა, ის ლამაზად და შთამბეჭდავად თამაშობს. მისი სეივები ყოველთვის ხვდება ყველაზე ეფექტურებს შორის და ამას მისი კოლეგებიც აღიარებენ.

ამ სეზონის დასაწყისში ლორიას მიერ მოგერიებული დარტყმების პროცენტული მაჩვენებელი 90%-ია. ბოლო სამ მატჩში მის ანგარიშზე 20 სეივია, მათ შორის, მოსკოვში მოგერიებული პენალტი.

ლორიას არაფრით შეეძლო ამ პენალტის გაშვება - მანამდე 30 წამით ადრე მან ექვსიოდე მეტრიდან დარტყმული ურთულესი ბურთი მოიგერია, რის შემდეგაც დააფიქსირა მსაჯმა წესების დარღვევა. ლამაზი სეივის ქარისთვის გატანება არ იქნებოდა - ლორია იმავე კუთხეში გადახტა, როგორც მანამდე და... უმალ თანაგუნდელებმა ხელში აიტაცეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემს კოლეგასთან ამასწინანდელ ინტერვიუში გიორგიმ განაცხადა, რომ უყვარს, როდესაც ბევრი საქმე აქვს. "კრილია სოვეტოვი" თავის მეკარეს საშუალებას აძლევს, იყოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი მოთამაშე და ის ამით სარგებლობს კიდეც - გასულ ოთხ ტურში არცერთ სხვა გუნდს მიუცია მეტოქისთვის კარში იმდენჯერ დარტყმის ნება, რამდენიც სამარელებმა მისცეს. კარის ჩარჩოში წასული 28 ბურთიდან 16 საჯარიმოდან იყო, მათგან 13 შემთხვევაში კი ლორიამ გუნდი გადაარჩინა. ამ შემთხვევაში, საჯარიმოში საიმედოობის მაჩვენებელი 81%-ია.

გასაგებია, რომ ოთხი მატჩი ძალიან ცოტაა დასკვნების გამოსატანად, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი არანორმალურად კარგია, რადგან საჯარიმოდან დარტყმის მოგერიებების მხრივ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების მაჩვენებელი 58-65%-ს შეადგენს. ოღონდ აქ გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი: ჯერ ერთი, რჩეული მეკარეები რჩეულ კლუბებში თამაშობენ და ამიტომ მათ კარში არცთუ ხშირად ურტყამენ, ეს კი, ბუნებრივია, ზრდის არა რაოდენობას, არამედ გაშვებული ბურთების პროცენტულ მაჩვენებელს. და მეორეც, ეს მონაცემები სრული სათამაშო წლისაა.

თუკი თვალს შევავლებთ სასტარტო ოთხ მატჩში ლორიას კარში საჯარიმოდან განხორციელებული დარტყმების რუკას, დავინახავთ, რომ ქართველი გოლკიპერი ერთნაირად დამაჯერებელია, როგორც ახლო, ისე შორეულ კუთხეში დარტყმების დროს. კარგად იყენებს ფეხებს და აკონტროლებს ნახტომის მანძილს.

Sportall.Ge

არსებობს სტერეოტიპი, რომლის თანახმად, სამხრეთელ მეკარეებს ემოციები მართავთ და თუკი კარის ხაზზე მყოფებს საქმე წაუვათ, მათ ვერაფერი გააჩერებს. ამ მოსაზრებას აქვს საკმარისი საფუძვლები, რომელთაგან უმთავრესი ფსიქოლოგიურია: საუკეთესო მეკარე-ლიბეროები ჩრდილოეთიდან არიან: გაცილებით პრაგმატულად მოაზროვნე გონების მქონე გერმანელები, ჰოლანდიელები, ბელგიელები.

მაგრამ ლორიას ჰქონდა შესაძლებლობა, დარწმუნებულიყო, რომ პარადიგმა იცვლება. საბერძნეთში ის იტალიელ გაეტანოსთან ვარჯიშობდა, რომელიც ყურადღებას წინ გამოსვლაზე აკეთებდა. და არც არანაირი ინტერესი იქნებოდა "ჩელსისგან" (თუნდაც რეზერვისთვის), გიორგის რომ ამ სადღეისოდ მნიშვნელოვან კომპონენტში არ მოემატებინა.

ლორიამ კარგად შეითვისა ეს - ის მსუბუქია, როგორც დილის ნისლი, არამხოლოდ კარის ხაზზე, მოედანზეც. ის ყოველ თამაშში ტოვებს საჯარიმოს საზღვრებს და ფრანკ ვერკოტერენსაც ახალი ოფცია უჩნდება შეტევის მოსამზადებლად - გიორგი საკმაოდ დამაჯერებლად იჭერს ფეხით ბურთს და სულაც არაა აუცილებელი, წინ სამი ცენტრალური მცველი ჰყავდეს. მათგან ერთ-ერთის ფუნქციას, რომელიც შეძლებდა მეტოქეზე ზეწოლაში თანაგუნდელთა დახმარებას, საკუთარ თავზე მეკარე იღებს.

ამაში საბოლოოდ დაგვარწმუნა მომენტმა, როდესაც "სპარტაკთან" მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ლორიამ დრიბლინგი შემოგვთავაზა. მეკარე არ შეუშინდა შეცდომას და ბოლომდე წავიდა. და თან, ბურთი უბრალოდ აუტზე კი არ მოიგერია, ცივსისხლიანად შეინარჩუნა, ასწია თავი და მარჯვენა ფრთაზე პარტნიორზე გაკეთებული კარგი პასით კონტრშეტევის წამოწყება სცადა.
იხილეთ ვიდეო
გიორგი ლორიას საუკეთესო მომენტები "სპარტაკთან" მატჩში
Sportall.Ge

რა თქმა უნდა, სრულყოფამდე ლორიას ბევრი უკლია, მაგრამ თავისი უნივერსალიზმით, თუკი სათვალავში არ მივიღებთ ალექსანდრ ბელენოვის 11-მეტრიანებში გამარჯვებებს, ის დღეს პრემიერლიგაში ყველაზე შთამბეჭდავ სამეკარეო შოუს დგამს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გიორგი უკვე მეორე მეკარეა, ვინც რუსეთში საბერძნეთის ჩემპიონატიდან მოვიდა და უმალ პირველი როლი მოირგო. მანამდე მასავით ჟინიანი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ნაკლებად უნივერსალური და ჯერჯერობით, ნაკლებად გამოცდილი იური ლოდიგინი იყო. ეჭვგარეშეა, გიორგი ლორიას საქართველოში თამაში გაუჭიანურდა და ამიტომაც გაიხსნა გვიან, მაგრამ მთავარი აქ სიტყვა "გახსნაა". საქმისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულებით, 30 წლისა ის კვლავ ზრდის თავის პოტენციალს.

კოლეგებისგან ხშირად ვისმენ, რომ რუსეთის ჩემპიონატი ადამიანური ისტორიების ნაკლებობას განიცდის. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. გაზაფხულზე ლორიამ მოულოდნელად წვერი გაიპარსა - ეს იყო უპრეცედენტო ნაბიჯი ქართველისგან. თურმე, გიორგიმ ამით მხარდაჭერა გამოუცხადა მამას, რომელმაც ქიმიოთერაპიის სეანსების შედეგად თმა დაკარგა.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ წვერი ისევ მოეზარდა, მაგრამ "სპარტაკთან" კვლავ გაპარსული გამოჩნდა, რაც მამის მდგომარეობის გაუარესებაზე მიგვანიშნებდა. შვილმა ის თამაში ისე ჩაატარა, როგორც მეომარმა, რომელიც მაშინაც კი არ აპირებს დანებებას, როდესაც მისი არმია უკან იხევს.

ერთი კვირის შემდეგ ნუგზარ ლორია უკვე აღარ იყო, მაგრამ მას შეეძლო ეამაყა თავისი შვილით. ჯერ ერთი, ის კვლავაც შთამბეჭდავად და კიდევ უფრო ჯიქურად გააგრძელებს თამაშს. მეორეც, კოტე მახარაძის დროიდან მოყოლებული, რომელთან ერთადაც იყოფდა გადასაღებ მოედანს ნუგზარ ჭიჭიკოს ძე, ქართველებისთვის ფეხბურთი იდეოლოგიურად ყოველთვის იქნება სპექტაკლი. ითამაშო ბრწინვალედ ისე, რომ არ გადაამლაშო - უდიდესი ნიჭია. გიორგი ლორია სეზონის დასაწყისში სწორედ ასე მოქმედებს.

ანტონ მიხაშენოკი
მსუბუქი, როგორც დილის ნისლი - რუსული მედია გიორგი ლორიაზე
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი ბატონო , მარა რუსეთი ცოტაა ლორიასთვის. მისი ადგილი რეალში ან ბარსაშია.
ბესო72
21:44 24-08-2016
0
ლორიები ყველა მაგრები ხარტ
jemali loria
19:49 24-08-2016
0

სიახლეები პოპულარული