ჯანო ანანიძე: მინდა, მოედანზე ვიფრინო!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გამოცემა Sovsport.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სხვასთან ერთად, კვიპროსის აეკ-სა და ტულის "არსენალთან" გატანილ გოლებზე, მწვრთნელის ნდობაზე, საკუთარ ფორმაზე, ბაბუის ღვინოსა და გარეთ ბეილთან მეტოქეობაზე ისაუბრა.

- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]
- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]

- როგორ აღნიშნეთ თქვენი ბოლო გოლები - რესტორანში თუ ოჯახურ წვეულებაზე?
- რას ამბობთ, აღნიშვნისთვის სად გვცალია?! ორ დღეში ევროპალიგის მატჩია - მნიშვნელოვანი თამაში! აღნიშვნაზე მაშინ ვიზრუნებთ,
როდესაც პაუზა იქნება. ახლა კი უქმე დღის გატარება შინ, ოჯახთან ჯობია.

- მოსკოვში დროის სატარებელი საყვარელი ადგილი გაქვთ?
- დიახ, ძველ არბატზე ერთ ქართულ რესტორანში დავდივარ ხოლმე, ოღონდაც არა ასეთ დროს...

- სეზონის ასეთი ბრწყინვალე სტარტი თავად თქვენთვის გასაკვირი იყო? თუ მოელოდით რაიმე მსგავსს?
- ცოტა არ იყოს, თავადაც გაკვირვებული ვარ. განწყობა კარგი მქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ორ თამაშში სამ გოლს არ ვვარაუდობდი. სხვა მხრივ კი, როდესაც მწვრთნელის ნდობას ვგრძნობ, ძალიან ბევრი შემიძლია. სრულებით ვიხსნები. მინდა, მოედანზე ვიფრინო!

- კვიპროსში გატანილი თქვენი გოლი - დიდებული ინდივიდუალური გარღვევის შედეგი იყო. პარტნიორებს გული არ დაწყდათ, პასი რომ არ მიეცით?
- არავინ განაწყენებულა, ყველა მილოცავდა. თავიდან მინდოდა, ერთი შეხებით პასი კვინსისთვის მიმეცა, მაგრამ ეს არ გავაკეთე და როგორც აღმოჩნდა, მართებულადაც. მერე გამეორება ვნახე - თურმე მას მცველი ასწრებდა და ჩაუჭრიდა. როდესაც საჯარიმოში შევიჭერი, დაბლა ვიყურებოდი და მხოლოდ მოტყუება შემეძლო. გავცდი ერთს, გავიწიე მარჯვნივ. ვიფიქრე, დავარტყამ-მეთქი, მაგრამ კიდევ ერთი მეტოქე გადამეღობა. ცრუმოძრაობით მისი ჩამოშორებაც დამჭირდა. პასზე არ ვფიქრობდი, ამის დრო არ იყო და ისე ვიმოქმედე, როგორც მომიხერხდა...

- ანუ, თავიდანვე გრძელ სლალომს არ გეგმავდით?
- არა, უბრალოდ, ასე გამოვიდა. თვალი იმაზე მეჭირა, რომ ბურთი არ დამეკარგა და მცველისთვის არ მომერტყა. როგორც კი ზონა გამოთავისუფლდა, მაშინვე დავკარი. ორი კვიპროსელი რომ დაეცა, ეს მაშინ არც დამინახავს. მხოლოდ ტელევიზორში, გამეორებისას აღმოვაჩინე.

- დავუბრუნდეთ მწვრთნელის ნდობის საკითხს. აეკ-თან პოპოვი მარცხნივ იდგა, თქვენ კი, ფაქტობრივად, მის პოზიციაზე - ცენტრში. გამოდის, რომ ალენიჩევი თქვენ უფრო გენდოთ?
- მაგრამ გასული სეზონის ბოლო ხუთ მატჩშიც და შეკრებაზეც ხომ სწორედ თავდამსხმელის უკან ვთამაშობდი?! ალბათ მწვრთნელი ხვდებოდა, რომ იქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე მარცხნივ.

- იველინ პოპოვისთვისაც ცენტრში უფრო კომფორტულია, ვიდრე მარცხნივ. მაგრამ...
- ასეთია დმიტრი ალენიჩევის გადაწყვეტილება. თუკი მე დამაყენებს მარცხნივ ან თუნდაც კარში - ხმას მაინც არ ამოვიღებ და ვითამაშებ. მაგრამ როცა საყვარელ პოზიციაზე გამწესებენ, ამას უკვე ნდობა ეწოდება, რასაც ძალიან ვაფასებ. ამასთან, ჩვენ არ ვართ გაზონის ერთ მონაკვეთზე მიჯაჭვულნი და ადგილებს ხშირად ვიცვლით. თუ გახსოვთ, პოპოვმა კვიპროსულ მატჩში საგოლე პასი სწორედ ცენტრიდან მარცხენა ფლანგზე გამოკეთა. პოზიციას პრომესთანაც ვცვლი და პრობლემა არაა.

- პოპოვი არ იყო "არსენალთან" სასტარტო შემადგენლობაში. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, თუ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომაროება იყო?
- თუკი მზად იყო შეცვლაზე თამაშისთვის, ალბათ უფრო მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო ასეთი.

- თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია იმ სქემის როლი, რომელსაც დღეს ყველა განიხილავს? სეზონის წინ ერთ განლაგებაზე მუშაობდით, ტულის გუნდის წინააღმდეგ კი სულ სხვანაირად ითამაშეთ.
- სულ ერთია, მცველი ხუთი იქნება თუ ოთხი, თავდამსხმელის უკან ისევე უნდა გავიხსნა. მეტსაც გეტყვით: როდესაც ხუთი მცველით ვთამაშობთ, შეტევაში უფრო მეტი ვარიანტი მიჩნდება. განაპირა ჰავბეკები არ არიან, განაპირა მცველები ფლანგებს კეტავენ და როდესაც ამის გამო ბურთს მაწვდიან, ჩემს წინ ყოველთვის არიან პრომესი და ზე ლუიში. ნებისმიერისთვის შეიძლება პასის მიცემა, ან ბედის თავად ცდა.

- დაიცათ, თქვენ ახლა თქვით, რომ ხუთი მცველით თამაში უფრო შემტევი ვარიანტია?
- ზუსტადაც. ისინი ხუთნი მხოლოდ თავდაცვაზე ზრუნვის მომენტში არიან, შეტევის დროს კი - სამნი რჩებიან. ფლანგებისგან კი თავდასხმა დიდ დახმარებას იღებს. სქემა დაცვითია თუ შეტევითი, ორივეს ერგება. ეშჩენკო და კომბაროვი კი, რომლებსაც ჯანი მოსდევთ, ალამიდან ალამამდე მონაკვეთს "ხნავენ".

- კარგადაა ნათქვამი. თქვენ როგორ გაქვთ ამ მხრივ საქმე? "არსენალთან" თამაშში შეცვლის დროს ძალა კიდევ გქონდათ?
- რა თქმა უნდა. უბრალოდ, მწვრთნელმა შესვენების დროს გამაფრთხილა: "კიდევ 15 წუთი და შეგცვლი, რომ დაისვენო. წინ მნიშვნელოვანი მატჩია აეკ-თან".

- ანუ, შეიძლება ითქვას, რომ 90 წუთი თამაშისთვის მზად ხართ?
- მზად ვარ, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ფორმაში ჯერ ახლა შევდივართ. დღეს ჩემი ფიზიკური მზადყოფნის დონე 80%-ია. მეოთხე-მეხუთე ტურისთვის ის 100-ს მიაღწევს.

- გატანილი გოლის შემდეგ თითებით გული ვის უჩვენეთ?
- ცოლს - მას დაბადების დღე ჰქონდა.

- ამასწინათ ერთერთ სპორტულ რადიოსადგურს ვუსმენდი. წამყვანი თქვენს სამშობლოში, ქობულეთში რეკავდა ალაბედად შერჩეულ სატელეფონო ნომრებზე. "ალო, რა ქვიათ? - არჩილი. - ფეხბურთი გაინტერესებთ? - ისე რა. - იცით ვინაა ჯანო? - რა თქმა უნდა, ჩემი მეზობელია, სამი სახლის იქით". მერე გოგონას დაურეკეს - აქაც იგივე. ქობულეთში ყველამ იცის ჯანო.
- კარგით, საკმარისია.

- ბოლოდ როდის იყავით იქ?
- ზამთარში.

- ფანების გადამკიდე, ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილდებოდით?
- ქობულეთში მშვიდად დავდივარ - პატარა ქალაქია, სულ 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კურორტი, შავი ზღვა, ყველა ყველას იცნობს. მცნობენ მეც, როგორც ფეხბურთელს.

- ზამთარში რა არის იქ საინტერესო?
- გასარუჯად კი არა, უბრალოდ, ჩემიანების მოსანახულებლად ვიყავი. მამაჩემის სასაფლაოზე ვიყავი გასული...

- სწორედ იმ ქობულეთელმა არჩილმა გაიხსენა, თქვენი მეზობელი რომაა სამი სახლის იქით, რომ მამამ გაქციათ ფეხბურთელად.
- რომ არა ის, ფეხბურთში ვერაფერს მივაღწევდი. მადლობა ყველას, ვისაც ეს ახსოვს.

- ქობულეთში სახლი გაქვთ, ბინა თუ იქ მხოლოდ თქვენი ნათესავები ცხოვრობენ?
- ერთიც, მეორეც და მესამეც. დედა, ძმა, პაპა და ბებია იქ არიან.

- მანდარინის ბაღი გაქვთ?
- დიახ, მაგრამ არცთუ დიდი. ოცდაათამდე ხე იქნება. ეს უფრო კარგად პაპაჩემს ეცოდინება. როდესაც ზამთარში ჩავდივარ, მანდარინის მოსავალი უკვე აღებულია ხოლმე.

- სახლი ზღვის პირზე გაქვთ თუ მთაში?
- ზღვასთან, თუმცა პატარა სახლი მთაშიც გვაქვს.

- პაპა ღვინოს აყენებს?
- რა თქმა უნდა, სტუმრებისთვის!

- ჭაჭას?
- არა, მხოლოდ ღვინოს.

- "მშრალი კანონის" დროს ერთმა თქვენმა თანამემამულემ მითხრა: "ღვინოს ვაყენებ, მაგრამ ჭაჭის გამოხდას მილიციონერი მიკრძალავს, რომელიც ჩვენს სოფელში მარტო თვითონ ხდის".
- ჰა-ჰა! ახლა შეიძლება. მაგრამ პაპაჩემი მხოლოდ ღვინოს აყენებს და იმასაც ცოტას. თანაც, 85 წლისაა უკვე.

- ქართული ღვინოებიდან უპირატესობას რომელს ანიჭებთ?
- სპირტიანი სასმლები არცერთი მიყვარს.

- არც "ხვანჭკარა"?
-  ერთხელ გამისინჯავს. ნახევრად ტკბილი, როგორც კომპოტი, კიდევ შეიძლება. მამა ამბობდა: "ერთი ჭიქა კარგია სისხლისთვის". სხვებიც მირჩევენ. მშრალს კი არც გავკარებივარ. ჯერჯერობით არ მიზიდავს ღვინო.

- ქინძმარაული ყველთან - მშვენიერია.
- ამბობენ, კი. მაგრამ მე მაინც არ მინდა.

- გესმოდათ "არსენალთან" მატჩში ტრიბუნებიდან შეძახილი "მესი!"?
- ჩემი მისამართით? არა. იძახდნენ?

- ნიკიტა სიმონიანმა თქვა: "ჯანო როგორც იქნა, დაკაცდა". ეთანხმებით?
- გეთანხმებით. 24 წლის ვარ, "სპარტაკში" კი მეცხრე წელს ვატარებ. უბრალოდ, ტრავმებმა და რაღაც უსიამოვნებებმა ხელი ძალიან შემიშალა. როცა ჯანზე ვარ და მწვრთნელისგანაც ნდობას ვგრძნობ, ცუდად როგორ ვითამაშებ? "როსტოვშიც" ძალიან მედობოდა მიოდრაგ ბოჟოვიჩი, მკარნახობდა, რჩევებს მაძლევდა. დღეს ამას დმიტრი ალენიჩევი აკეთებს და ეს ძალიან მაგარია.

- ბოლოს და ბოლოს, როდის ითამაშებს საქართველოს ნაკრები რომელიმე დიდი ტურნირის ფინალურ სტადიაზე?
- დროა უკვე. აი, ახლა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევს ვიწყებთ. 5 სექტემბერს ავსტრიას ვეთამაშებით, შემდეგ ირლანდიას, უელსს...

- ჯანო ბეილის წინააღმდეგ - საინტერესოა.
- ძალიან. მაგრამ გაცილებით საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში იქნება, რომელიც სადმე სხვაგან კი არა, რუსეთში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
შენ გაიხარე წარმატებები, გვეამაყები კარგი კაცი ხარ
0
ჯანოს წარმატებული სტარტი თავდაყირა დააყენა უეფას ტურნირზე წაგებულმა (ჩაწყობილმა)მატჩმა...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული