სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს

AutoSharing Option
როგორც ვწერდით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ გუნდი შეიცვალა - დნეპროპეტროვსკის "დნიპროდან" გადაბარგდა პოლტავის "ვორსკლაში", რომელიც მალე ევროპალიგაზე მოსინჯავს ძალას. კობახიძემ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

29 წლის კობახიძე საქართველოს ნაკრებისთვის ერთობ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ეგ არის, რომ მისი საკლუბო კარიერა დღემდე ვერ არის სტაბილური.

ლუცკის "ვოლინში" განათხოვრებულმა თავი კარგად რომ წარმოაჩინა, კვლავ "დნიპროში" უხმეს, მაგრამ კვლავ არ ჰქონდა საკმარისი სათამაშო პრაქტიკა. მერე ამას დაერთო კლუბში სიტუაციის არევა, რაც შეიძლება გუნდის დაშლის საფუძველი გახდეს...

კობახიძეს უკრაინაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

-
უპირველეს ყოვლისა, ის გვითხარით, რა ხდება "დნიპროში"?

- მე ვიტყოდი, გუნდში საგანგაშო მდგომარეობაა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ "დნიპრო" დაშლის ზღვარზეა. არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი და კარიერის გაგრძელება სხვაგან ამჯობინა. ეს სავსებით ბუნებრივია. თან ხელმძღვანელობაც ვერაფრით გვაიმედებდა, სახარბიელოს ვერაფერს გვეუბნებოდა. ამიტომაც წამოვედი. დაუფიქრებლად არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი. შექმნილ სიტუაციაში იქ დარჩენას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

- "ვორსკლას" გარდა, თუ იყო სხვა ვარიანტები?
- იყო, თუმცა ასეთ შემთხვევაში მოცდა მომიწევდა. თან, არცერთი ისეთი გუნდი არ იყო დაინტერესებული ჩემი გადაბირებით, რომელიც ევროპის ლიგაზე თამაშობს. ამ დროს კი "ვორსკლას" ჰქონდა ჩემთან კონტრაქტის გაფორმების დიდი სურვილი, შემომთავაზა ნორმალური პირობები და მეც დავთანხმდი. ეს იყო საუკეთესო გამოსავალი.

- მოგვიყევით თქვენს ახალ გუნდზე...
- "ვორსკლა" სტაბილური გუნდია. უკვე წლებია, უკრაინის ჩემპიონატის ხუთეულში ხვდება. ყოველ სეზონში თამაშობს ევროპის ლიგაზე. აქვს კარგი პირობები, ბაზა... ქალაქიც ძალიან კარგია... თავად გუნდსაც ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს.

"ვორსკლა", ძირითადად, ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ჰყავს ამბიციური, ახალგაზრდა მწვრთნელი... ეს იყო მთავარი მოტივი იმისა, რის გამოც ამ გუნდში თამაში ვარჩიე, თანაც, ხომ გითხარით, თავადაც დიდი სურვილი ჰქონდათ ჩემი გადაბირების.

Sportall.Ge

- ცალკე უნდა გკითხოთ "ვორსკლას" მთავარ მწვრთნელზე...
- ვასილი საჩკო ახალგაზრდა სპეციალისტია. ის ცოტა ხნის წინ თავად თამაშობდა ფეხბურთს და უკრაინის მასშტაბით საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელიც იყო. აქ არაერთი ისეთი ფეხბურთელი დამხვდა, ვისთან ერთადაც ადრე მითამაშია... მოკლედ, ადაპტაციის მხრივ არანაირი პრობლემა არ მექნება. დავამატოთ ამას ისიც, რომ "ვორსკლა" ძალიან შეკრული გუნდია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ეს ერთი ოჯახია...

- რა მიზანი ექნება გუნდს ევროთასებზე?
- რა თქმა უნდა, "ვორსკლა" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ისახავს მიზნად. ვეცდებით და ვნახოთ... მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია.

- ფინანსური თვალსაზრისით, რამდენად სტაბილური სიტუაციაა კლუბში?
- სადღეისოდ, ამ მხრივ იდეალურად სტაბილური სიტუაცია მხოლოდ ორ კლუბშია - კიევის "დინამოსა" და "შახტარში". რა თქმა უნდა, აქაც არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ პრეზიდენტს აქვს ხშირი კონტაქტი კლუბთან, საქმის კაცია და დარწმუნებული ვარ, სერიოზული პრობლემები არ იქნება.

- ვთქვათ, უკეთესი ვარიანტი გამოჩნდა. პოლტაველები ხელს ხომ არ შეგიშლიან?
- ამ ეტაპზე მხოლოდ "ვორსკლაზე" ვარ კონცენტრირებული. ჩემი მიზანია, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და ამავე დროს, საკუთარი თავი ბოლომდე წარმოვაჩინო. ასე მგონია, რომ თუ გამოჩნდება უკეთესი ვარიანტი, კლუბის ხელმძღვანელობა ხელს არ შემიშლის.

- "ვორსკლას" მწვრთნელს თუ ელაპარაკეთ?
- კი, ბევრჯერ ვესაუბრე და მან დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს. როცა გუნდს ვირჩევდი, ეს ფაქტორიც გავითვალისწინე.

- "ვორსკლაში" თქვენს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა?
- არის და ეს ჩემთვის ძალიან კარგია.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული