ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა კაჭარავა და გიორგი ილურიძე კვიპროსის "ეთნიკოსში" გააგრძელებენ

AutoSharing Option
22 წლის ნიკა კაჭარავა და 24 წლის გიორგი ილურიძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატის ბინადარ ახნას "ეთნიკოსში" გააგრძელებენ. მოგეხსენებათ, კაჭარავა ბოლო სეზონში "როსტოვში" იყო და სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ილურიძე კი რუსული "სკა ენერგიის" ღირსებას იცავდა.

სიტუაციაში გასარკვევად კაჭარავას ოჯახს დავუკავშირდით. მისმა მამამ, "ცხინვალის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გვითხრა:

"კვიპროსული კლუბის მხრიდან ინტერესი მართლაც არის. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ვითამაშე კვიპროსზე. გუნდის სამწვრთნელო შტაბში ჩემი მეგობრები არიან და ვუთხარი მათ, რომ კარგი იქნებოდა, თუ ნიკას ექნებოდა იქ სათამაშო პრაქტიკა. ჯერ წერტილი დასმული არ არის.
მოლაპარაკება არის ერთ-ერთ ესპანურ კლუბთან და მათგანაც ველით საბოლოო პასუხს", - გვითხრა კაჭარავამ.

როგორც შევიტყვეთ, ნიკას გადაბირებით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარი "ალკორკონი" იყო დაინტერესებული. ეგაა, "ალკორკონის" მთავარი მწვრთნელი "ლევანტეში" წავიდა სამუშაოდ და ახლა გასარკვევი ისაა, როგორ იმოქმედებს ეს ფაქტი სავარაუდო ტრანსფერზე.

ოდნავ მოგვიანებით, "ეთნიკოსის" ოფიციალურმა საიტმა ორივე ქართველის ტრანსფერი დაადასტურა. როგორც ჩანს, "ალკორკონის" ვარიანტი არ გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ამ კლუბში ბაჩანა არაბული ირიცხებოდა.

გასულ სეზონში "ეთნიკოსში" რევაზ ბარაბაძე, შოთა და ელგუჯა გრიგალაშვილები თამაშობდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"