გიორგი არაბიძე: "იუვენტუსის" ტრანსფერი რომ ჩამეშალა, გულდაწყვეტილი დავრჩი

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში "კოკა-კოლას" გენერალური მენეჯერი თემურ ჭყონიამ ქართულ ფეხბურთზე ილაპარაკა.

"სანამ ახალი ყიფიანები, გუცაევები, ჩივაძეები, ხურცილავები, მესხები და მეტრეველები არ დაიბადებიან, მგონი, არაფერიც არ გვეშველება" - თქვა ბიზნესმენმა და იქვე იხუმრა - სამწუხაროდ, დიდი ტალანტები არ იბადებიან, მე მგონი, არასწორი სექსის ბრალიაო...

სერიოზულად კი, არა მხოლოდ მე, ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ამ პატარა ქვეყნაში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ბავშვი იბადება. საქართველოში ჩამოსული "აიაქსის", "ბაიერნისა" და "ინტერის" სელექციონერები ამბობდნენ,
რომ ამდენი ტალანტი ბევრ ქვეყანაში არ უნახავთ.

თუმცა, იმაშიც შევთანხმდეთ, რომ ან ნიჭიერებს ვერ ვზრდით და მათი მსოფლიო სარბიელზე გაყვანაც გვიჭირს. მეორე უბედურება ისაა, რომ ამ ნიჭიერებს ყველა გზით ვებრძვით. თან, ეს ჩვენი ტალანტებიც უნიკალური ხალხია - ან სიზარმაცის ჭიას ვერ უმკლავდებიან, ან რეჟიმის დაცვა უჭირთ და შრომა ეზარებათ. მოკლედ, პრობლემებს თავად იქმნიან...

თვითნაბადი ტალანტი
მაგალითად, გიორგი არაბიძის პიროვნება სულ კამათს იწვევს. გონებიდან არ ამომდის ამ ბიჭის თამაშით მიღებული პირველი შთაბეჭდილება. 2009 წელს, 35-ე სკოლაში დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ბიჭი მოედანზე მეფესავით იყო - რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. მისმა "ლოკომოტივმა" 10:0 მოიგო, თავად გიორგიმ 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

არ დამავიწყდება, გაოცებულები უყურებდნენ პატარ ბიჭს ვოვა გუცაევი, საშა ჩივაძე, მერაბ ჟორდანია, ლევან ყიფიანი, სხვა სპეციალისტები...

მერე, არაბიძე უკვე დიდების "ლოკომოტივში" გამოჩნდა და იქაც დგამდა მოედანზე პატარა სპექტაკლებს. დონეცკის "შახტარში" გადასულმა უკრაინელები გააოცა, როცა იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში შვედურ "მალმიოსთან" გასაოცარი თამაში ჩაატარა, უკრაინელმა კომენტატორებმა კი "ქართველი მესი" უწოდეს.

მაგრამ ასაკობრივ ნაკრებში ჩამოსული არაბიძე ინდივიდუალიზმით ზედმეტად ერთობოდა, ზოგჯერ გუნდი ავიწყდებოდა და ფინტები და "მატაობა" ისე იტაცებდა, თითქოს, მარტო მოედანზე კი არა, მთელ სამყაროში მარტო იყო. შესაძლოა, მას ბავშვობა გაუგრძელდა, სადაც ის მართლა შეუდარებელი იყო...

ამაზე ნაკრების მწვრთნელები ბრაზობდნენ. მათი პოზიციაც გასაგებია - რაც უნდა ნიჭიერი იყოს ფეხბურთელი, გუნდური ფეხბურთი მოეთხოვება. მაგრამ, მეორე მხრივ, არავინ უარყოფს, რომ არაბიძეა ის ფეხბურთელი, "მკვდარ" თამაშს რომ აცოცხლებს და არაფრიდან მომენტს ქმნის. ის ისეთი არაორდინარული ფეხბურთელია, კლუბსა და ნაკრებს რომ სჭირდება. ასეთ არაორდინარულების ნაკლებობის შედეგია, საქართველო ფიფას რეიტინგში 137-ე ადგილზე რომაა...

მაგრამ, თუ ის დაიხვეწება, შეუდარებელი იქნება დიდობაშიც და გაგვახსენებს ყიფიანსაც და ქინქლაძესაც. პოტენციალი ნამდვილად აქვს. მაგრამ მანამდე დიდი გზაა გასავლელი და იმედია, ამ გზას ღირსეულად გაივლის.

უარი დინამოს
- ვანელი ვარ, მაგრამ ოჯახი თბილისში გადმოვიდა და ბავშვობიდან მეც დედაქალაქში ვიზრდებოდი, - გვიყვება არაბიძე, - 6 წლის ვიყავი, თამაშიც "ავაზაზე" რომ დავიწყე. მაგრამ იქ მხოლოდ 2 თვე ვიარე, მერე კი თბილისის "ლოკომოტივში" ვთამაშობდი...

ამ გუნდში 10 წელი გავატარე. იყო პატარა პაუზაც: 4 წლის შემდეგ თბილისის "დინამოს" აკადემიაში მიმიწვიეს. მაგრამ ექვს თვეში გუნდი დავტოვე. ხანგრძლივი კონტრაქტი შემომთავაზეს, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის და ისევ "ლოკომოტივში" დავბრუნდი...

ჩემს გვერდით ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო და ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. დავით ყიფიანის თასი მოვიგეთ, მერე - "ბენდელა" და ბათუმის ტურნირი. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს ვიგებდით, მაგრამ უმრავლესობაში გამარჯვებულები ვხდებოდით.

ყველაზე მეტად მაინც ყიფიანის თასის მოგებამ გამახარა. ფინალში ძალიან მაგარ გუნდს შევხვდით, მაგრამ მაინც დიდი ანგარიშით მოვუგეთ. თანაც პრიზები ისეთმა ხალხმა გადმოგვცა, ბედნიერი ვიყავი...

ლოკომოტივი, თოფურია და ცეცაძე
- თბილისის "ლოკომოტივში" ბევრ კარგ მწვრთნელთან მიმუშავია. თავიდან ლაშა გაფრინდაშვილი და მიშა კობალაძე მავარჯიშებდნენ, მერე - გიორგი ჩიტაური. მათგან და საერთოდ, გუნდიდან თბილი მოგონებები დამრჩა. მენდობოდნენ და მეც თავისუფლად ვთამაშობდი. მათ მომცეს ის, რაც დამწყებ ფეხბურთელს სჭირდება. რაც მთავარია, არ მზღუდავდნენ და ფინტებზე არ მსჯიდნენ.

საერთოდ, ასეთი ადამიანი ვარ - თუ შემზღუდეს, ვერ ვითამაშებ და დისკომფორტს ვგრძნობ. ზოგადად, ფეხბურთელს თავისუფლება სჭირდება, სხვაგვარად, თავის საუკეთესო თვისებებს ვერ გამოავლენს. არადა, ჩვენთან ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების ჩარჩოში მოქცევა სურთ, რაც ქართული ფეხბურთის სენად იქცა.

ძალიან კარგად მახსენდება გია ცეცაძე. ის "ლოკომოტივში" ცოტა ხნით მუშაობდა, მაგრამ მაინც დამამახსოვრდა. მას კარგად ესმის მოთამაშის, მეგობრობს და მათი "გახსნის" გამორჩეული ნიჭი აქვს.

"ლოკომოტივზე" ვლაპარაკობ და აუცილებლად უნდა ვახსენო ლექსო თოფურიაც. ამ კაცმა ჩემს კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. მისგან ყოველთვის თანადგომას ვგრძნობდი. ჩემთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა როგორც პრეზიდენტს, ის ყოველთვის მეგობარივით მექცეოდა და ამითაა გამორჩეული - მან ადამიანებთან ადამიანური ურთოიერთობა იცის...

Sportall.Ge

ყველაფრით ნატურალური
- რეჟიმის დაცვის პრობლემა არასოდეს მქონია. ვარჯიში, სახლი, დასვენება - ასეთია ჩემი ცხოვრება. თუმცა სახლში რომ მოვდიოდი, მერე ისევ ეზოში ჩავდიოდი და იქაც ვთამაშობდი. ფეხბურთი მიყვარს და თამაშის შანსს ხელიდან არ ვუშვებდი.

საერთოდ, საგანგებოდ არასოდეს არაფერში მივარჯიშია. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი: ჯანიც მქონდა და სისწრაფეშიც პრობლემა არ შემქნია. რომ გითხრათ, ამაზე საგანგებოდ ვვარჯიშობდი-მეთქი, ტყუილი იქნება.

სპეციალური ვარჯიშები მხოლოდ "შახტარში" დავიწყე, მარჯვენა ფეხით დარტყმას "ვამუღამებ". მაგრამ არა იმიტომ, რომ სუსტად ვურტყამ, უბრალოდ, სიზუსტეზე მუშაობა მჭირდება.

ამიტომაც ჩამეშალა იუვენტუსი...
- ბავშვობიდან ისე ხდებოდა, რომ ევროპული კლუბები ინტერესდებოდნენ და ბევრი კარგი მიწვევაც მქონია. მაგალითად, თავის დროზე, "მალაგაში" ვვარჯიშობდი და ჩემი აყვანა სურდათ. იყო ავსტრიული "ზალცბურგის" ვარიანტი, დანიაში კი "ორჰუსი" მიწვევდა. 2014 წელს თვით "იუვენტუსიც" დაინტერესდა. მოლაპარაკება მიდიოდა, მაგრამ იმ მომენტისთვის ჯერ არ ვიყავი 18 წლის, თან, საქართველო ევროკავშირის წევრი რომ არ არის, იურიდიული პრობლემა ვერ მოგვარდა და კლუბში ვერ ჩავირიცხე. ასე მოხდა სხვა კლუბების შემთხვევაშიც.

ერთადერთი, სადაც ეს ბარიერი არ შექმნია, დონეცკის "შახტარი" იყო და სულაც არ ვნანობ, იქ რომ გადავედი. პირიქით, ძალიანაც მიხარია და მეამაყება, რადგან ევროპაში მიღებული და ანგარიშგასაწევი გუნდია.

საერთოდ, ჩვენს ფეხბურთელებს ვიზის გამო პრობლემა ხშირად ექმნებათ და ამიტომ, ბევრი ნიჭიერი მოთამაშე საქართველოდან წასვლას ვერ ახერხებს. არადა, კარგი იქნება, ეს საკითხი რომ მოგვარდეს. "შახტარში" თამაშით ბედნიერი კი ვარ, მაგრამ "იუვენტუსის" ტრანსფერი რომ ჩამეშალა, რა თქმა უნდა, ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი.

ნდობა
- მიხარია, გულშემატკივარი ჩემ მიმართ კარგად რომ არის განწყობილი - ფეხბურთს ამისთვის თამაშობენ, რომ ხალხმა ტაში დაუკრას. მაგრამ "ქართველი მესი" რომ მიწოდეს, ეს ძალიან გადაჭარბებული შეფასებაა.

"შახტარში" პირველი სეზონი ჩავატარე და ვგრძნობდი, რომ ჯერ ძირითადი შემადგენლობისთვის მზად არ ვიყავი. ევროპული ფეხბურთის დონეზე სათამაშოდ ბევრი შრომა და სათამაშო პრაქტიკა მჭირდება. შეკრებაზე და ოფიციალურ ტურნირებზე ჩატარებული ყველა მატჩი ძალიან სასარგებლოა და თამაშის გაუმჯობესებაში მეხმარება.

მირჩა ლუჩესკუს მოვწონდი, მენდობოდა და შანსს მაძლევდა - ის ძალიან დიდი მწვრთნელია. მასთან ფეხბურთელად ვყალიბდებოდი და ვგრძნობდი, პროფესიონალად ვიზრდებოდი. იმედია, ახალ მთავარ მწვრთნელსაც ასეთი დამოკიდებულება ექნება.

მაგრამ 17-18 წლის ასაკში "შახტარის" მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უდიდესი პასუხისმგებლობაც არის - იქ შემთხვევით ხალხს არ იწვევენ. მე კი ყველაფერში მოსამატებელი მაქვს. მაგრამ ძირითად გუნდში თავის დასამკვიდრებლად ყველაფერს გავაკეთებ.

მთავარი იცით, რა არის? "შახტარში" თავს ფეხბურთელად ვგრძნობ. ნიჭი თუ გაქვს, ყველანაირად გიწყობენ ხელს და ცდილობენ, დიდი ფეხბურთი ითამაშო. ეს არის ნამდვილი პროფესიონალიზმი. ახლა მხოლოდ ერთი ფიქრი მაქვს: იმედები გავუმართლო ჩემს გუნდსაც და ქართველ გულშემატკივარსაც, რადგან მათგან უდიდეს სითბოს და მხარდაჭერას ვგრძნობ.

Sportall.Ge

შევჩუკთან მოგებული გრეჰეთბოლი
- ხომ გითხარით, ბავშვობიდან სულ ბურთს დავსდევდი და წარმოუდგენელი იყო, დღე გასულიყო და არ მეთამაშა. გუნდის ოფიციალური შეხვედრა იქნებოდა თუ ეზოში, ბურთთან შეხება ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო.

"მაზიანები"? არა, ბავშვობაში არასოდეს მითამაშია. დიდობაში კი, მაგრამ ფულზე - არასოდეს! მეგობრულად სახინკლეზე ან რაღაც მსგავსზე კი ვერთობოდით...

გასართობად გრეჰეთბოლსაც ვთამაშობთ. ეს ძალიან მიყვარს. რომ იცოდეთ, ტექნიკის გაუმჯობესებას ხელს ძალიან მაგრად უწყობს. თბილისშიც ვთამაშობდი და "შახტარშიც" ასეა.

ამის საშუალება ვარჯიშების პერიოდში იშვიათად მაქვს. მაგრამ შეკრებებზე უფრო ხშირად ვერთობით ხოლმე: ერთი-ერთზე, ორი-ორზე, ზოგჯერ სამი-სამზეც. ბევრი ცნობილი ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია. მაგალითად, ვიაჩესლავ შევჩუკს, რომელიც უკრაინის ნაკრებისა და "შახტარის" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, ვეთამაშე და მოვუგე კიდეც...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები
დინამო
11:18 20-06-2016
0
ძალიან მინდა, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიო!!! შენ ამას ნამდვილად შეძლებ!!! პირველად შენ თამაშს მოედანზე მორშჩინოში ვუყურე და როგორც ამაყმა ქართველმა ისე დავტოვე ტრიბუნა. მწვრთნელიდან დაწყებული, შახტარის ხელმძღვანელობით გაგრძელებული( მეორე ტაიმში მათთან ერთად ვიყავი ზედა ტრიბუნაზე) და მაყურებლით დამთავრებული, ყველას არაბიძე ეკერა პირზე. აბა შენ იცი გიო, ბევრი იშრომე და გაგვახარე შენი წარმატებებით!!!!!
დათო
16:35 19-06-2016
0

სიახლეები პოპულარული