ლეგიონის უქმეები: აბურჯანიას შანსი, სხირტლაძის დუბლი, გოროზიას გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ამ უქმეებზე სულ რამდენიმე ქართველმა ითამაშა, მონაგარს მწირი არ ეთქმის...

სეგუნდა დივიზიონის ბოლოსწინა ტურში გიორგი აბურჯანია და კომპანია "ლუგოს" ესტუმრნენ. ჩვენებურმა ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო "ხიმნასტიკმა" 3:0 იმარჯვა.

კატალონიური კლუბი 70 ქულით მესამე ადგილზეა და პლეი ოფის საგზური გარანტირებული აქვს, ხოლო, თუ ბოლო ტურში "ლეგანესს" ფეხი დაუცდება, თავად კი უკვე პრიმერაში აღზევებულ "ალავესს" შინ მოუგებს, ელიტის საგზურს ბოლო ტურშივე შესწვდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
21 წლის გიორგი გოროზიას "სტაბეკს", ნორვეგიის ჩემპიონატში შარშანდელი წარმატების გათვალისწინებით, საშინელი სტარტი
გამოუვიდა. გუშინ "სტაბეკმა" სულ რაღაც მესამე შეხვედრა მოიგო სეზონში - სტუმრად 5:0 გაანადგურა აუტსაიდერი "სტარტი", თუმცა ბოლოსწინა ადგილზე რჩება.

"სტაბეკის" ქართველმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ამ მატჩში ბენეფისი მოიწყო - გოლიც გაიტანა და ორი საგოლე პასიც გააკეთა. მან ამ სეზონში მეორედ გაიტანა.

* * *
ვფიქრობთ, უკანასკნელად მოვიხსენიებთ "ორჰუსს" მათე ვაწაძის გუნდად - ბოლო ტურში ის ჩემპიონ "კოპენჰაგენთან" დამარცხდა (1:2) სტუმრად და ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა. მათე კლუბში კი ირიცხება, მაგრამ გუნდთან ერთად აღარ არის.

სამაგიეროდ, მომდევნო სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს დავით სხირტლაძის "სილკებორგი", რომელმაც ბოლო ტურში "ვეილე" დაარბია - 5:0.

ხუთიდან ორი გოლი 23 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა. ჩვენებური ზამთარში გადავიდა "სილკებორგში", თუმცა 6 გოლის გატანა შეძლო (ეს მისი მეორე დუბლია სეზონში).

* * *
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში კახა ცხადაძის "ქაირათმა" 3:2 დაამარცხა ("ქაირათმა" ბოლო ორი გოლი 86-ე და 90-ე წუთებზე გაიტანა) "აკზაჟიკი" და 23 ქულით მესამე ადგილზეა.

გოგიტა გოგუას "ირტიშმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ატირაუს". ტრავმირებული ქართველის გუნდი 30 ქულით მეორეა.

* * *
ავსტრიის დასავლეთ რეგიონალლიგაში 23 წლის ლუკა ძიძიგურმა ამ სეზონში მე-12 გოლი გაიტანა "კიცბიუელის" რიგებში. ქართველის გუნდმა 2:1 მოუგო "ბრეგენცს" და ბოლო ტურის წინ 32 ქულით მე-14 ადგილზეა.

მე-15 ადგილზე გასული გუნდი ვარდება. ამ პოზიციაზე ახლა სწორედ "ბრეგენცია". ასე რომ, ლუკამ მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩში გაიტანა. ჩემპიონატი 1-ელ ივნისს დასრულდება.

* * *
საფრანგეთის ნასიონალ ლიგაში გადარჩენის თეორიულ შანსს ინარჩუნებს ამირან სანაიას "ლერბიე", რომელმაც ბოლოსწინა ტურში 3:0 მოუგო მარსელის "კონსოლატს". სანაია განაცხადში არ ყოფილა.

* * *
პოლონეთის I დივიზიონში დავით მაკარაძის (სათადარიგო) "სუვალკი" სტუმრად "პლოცკს" დაუზავდა (0:0) და მე-12 ადგილზეა. ამ ჩემპიონატში კიდევ ერთი ტური რჩება.

* * *
ფინეთში იუკონენლიგის მორიგი ტური გაიმართა - ირაკლი სირბილაძის (90 წუთი) კპვ-მ სტუმრად 0:3 დათმო "იუვასკიულიასთან", თუმცა პირველი ადგილი შეინარჩუნა.

გიორგი ოსიტაშვილის (განაცხადში არ იყო) კტპ კი შინ "იაროსთან" დამარცხდა - 1:2.

* * *
უზბეკეთში გიორგი კვესიეშვილის (90 წუთი) "ყიზილყუმი" შინ "მეტალურგს" დაუზავდა - 1:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული