სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
რომან ჭანტურია: შემდეგი წლიდან "ემპოლის" პირველ გუნდში მიხილავთ
AutoSharing Option
15:01 01-03-2016
რომან ჭანტურია პატარა ბიჭი იყო, როცა საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადაიყვანეს და "ბარსელონასთან" თანამშრომლობის პროექტში ჩართეს. იმ გუნდის რამდენიმე წევრი დღეს ქართულ ფეხბურთში იკვალავს გზას და ნელ-ნელა მოწინავე პოზიციებს იკავებს - ნიკა ჭანტურია, მათე ცინცაძე, გიორგი გაბაძე, დავით დარციმელია, დავით ჯიქია...

ჭანტურია "ემპოლიში" 2011 წელს მიიწვიეს. მას რეკომენდაცია "ვიტ ჯორჯიისა" და ბათუმის "დინამოს" ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა, აწ გარდაცვლილმა ჯანი კარნევალემ გაუწია. ის 17 წლის იყო, როცა "ემპოლის" დუბლშემადგენლობაში დააწინაურეს და ძირითად გუნდშიც ვარჯიშობდა, ადაპტაციაში კი ლევან მჭედლიძე ეხმარებოდა.

ჭანტურიას ევროკავშირის ქვეყნებში ქართველებისთვის არსებული მუდმივი პრობლემა 2 წლის წინ მოუგვარეს და ოფიციალურად, 2013 წლის ზაფხულში "ემპოლიში" ჩაირიცხა (იმ სეზონში გუნდი სერია A-ში აღზევდა). მჭედლიძისა და ირაკლი შეყილაძის შემდეგ რომან ჭანტურია ტოსკანელთა მესამე ქართველი ლეგიონერი გახდა...

მას შემდეგ ის კარიერის აწყობას სწორედ ამ კლუბის მაისურით ცდილობს. ჭანტურიას ხშირად უწევდა ვარჯიში ძირითად გუნდთან ერთად. მალე კი, შესაძლოა, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი ფორვარდი მხოლოდ ვარჯიშს აღარ დააჯერონ და მთავარ გუნდში ათამაშონ კიდეც. საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში, "ემპოლის" დუბლშემადგენლობაში თასსა და ჩემპიონატში ჩატარებულ 13 მატჩში, ჭანტურიას 16 გოლი დაუგროვდა. მათ შორის, რომანს გამორჩეული მატჩი ჰქონდა "ლაციოს" დუბლების წინააღმდეგ, რომელშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

როგორც ის "ლელოსთან" ინტერვიუში ამბობს, ძირითად შემადგენლობაში მისი გადასვლა სერიოზულად სწორედ ამ მატჩის შემდეგ განიხილება.

ჭანტურიას იტალიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- სეზონი კარგად დაიწყეთ, მაგრამ ბოლო დროს აღარ თამაშობთ...
- წლის დასაწყისში დავშავდი და მხოლოდ 10 დღეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიში სრული დატვირთვით განვაახლე. ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ და თავს უკვე კარგად ვგრძნობ. რაც მთავარია, "ემპოლის" პირველ გუნდთან ერთად ვარ, ოღონდ დროებით ისევ დუბლებში ვითამაშებ.

- უკვე 20 წლის ხართ და, ალბათ, უკვე დროა, უფრო მაღალ დონეზე ახვიდეთ, ვიდრე "ემპოლის" დუბლებია...
- მეც ამის იმედი მაქვს და ეტყობა - კლუბსაც. "ემპოლის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივება შემომთავაზა. დასაფიქრებელი არაფერია - კლუბიც მომწონს, აქაური ატმოსფეროც და, ცხადია, პერსპექტივაც. უბრალოდ, რაღაც დეტალებია შესათანხმებელი. საკითხს მენეჯერთან ერთად ვსწავლობ და, სავარაუდოდ, ხელშეკრულებას გავახანგრძლივებ.

- მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 16 გოლი გაიტანეთ. აქამდე ასეთი შედეგიანი არ იყავით...
- საქმე ისაა, რომ წინა წელს ტრავმებმა გამაწვალა - 8 თვე გამიცდა და ბუნებრივია, გატანას კი არა, თამაშსაც ვერ ვახერხებდი... რაც შეეხება თავის გამოჩენის მიზეზს, აქ ბევრი ფაქტორია - მონდომება, მიზანი, სტიმული...

კარგა ხანია, რაც იტალიასა და აქაურ ფეხბურთს შევეგუე. მადლობა ღმერთს, სეზონი ახლაც კარგად დაიწყო, თუ ამ ტრავმას არ ჩავთვლით. სისტემატური ვარჯიში და თამაში შედეგებზეც აისახება.

დიდი სტიმულია,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ ჩემი წარმატებით ქართველ გულშემატკივარს ვახარებ და იმედია, შემდეგი წლიდან კიდევ უფრო მეტს მოვახერხებ. ვგულისხმობ იმას, რომ მომავალი წლიდან დუბლებში აღარ ვიქნები!

- ანუ "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა რეალურია?
- რა თქმა უნდა!

- ...და ეს გადაწყვეტილი ამბავია?
- დიახ, ასეა. ახალი სეზონიდან მთავარ გუნდთან ერთად ვიქნები და სათამაშო დროც მომეცემა. ან მეორე ვარიანტია - იჯარით გამიშვებენ სერია B-ს ერთ-ერთ გუნდში, სადაც ერთი წლის განმავლობაში სრული სათამაშო პრაქტიკა მექნება - ასეთია ჩემსა და "ემპოლის" შორის მიღწეული სიტყვიერი შეთანხმება.

- გამოდის, რომ არ არის გამორიცხული, "ემპოლიში" ჭანტურია-მჭედლიძის დუეტი ვიხილოთ...
- დაველოდოთ ახალ სეზონს და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ვამჩნევ, დუბლების დონე აღარ მაკმაყოფილებს. ჩემი ასაკიც მოქმედებს და ვგრძნობ, აქ ვეღარ ვიზრდები. დიდი გუნდის კონკურენციის შეგრძნება ამიტომაც მინდა. მთავარ "ემპოლიში" გამოჩნდება, თუ როგორი ვარ ფიზიკურად, გამძლეობით თუ ჯანით.

არც ის მინდა, ახლავე გადავიდე და სათამაშო პრაქტიკა არ მქონდეს. ამიტომ სეზონის ბოლომდე დუბლებში ვითამაშებ. შემდეგი წლიდან კი პირველ გუნდში მიხილავთ.

- თქვით, რომ შესაძლოა, იჯარით სერია B-ს გუნდში წახვიდეთ. ეტყობა, კონკრეტული წინადადებაც გაქვთ...
- ჯერჯერობით, არავისთან მილაპარაკია. ყველაფერი ახალი სეზონის დაწყებამდე, მოსამზადებელ პერიოდში გადაწყდება.

- უკვე მეოთხე წელიწადი დაიწყო, რაც იტალიაში ხართ. რა შეგძინათ ამ პერიოდმა?
- ყველაფერი, რაც შეიძლება ფეხბურთელმა შეიძინოს. პროგრესს აშკარად ვგრძნობ - ფიზიკურად, ტაქტიკურად, გამძლეობით... თუმცა, ფიზიკურად სხვებზე სუსტი არც იტალიაში ჩამოსვლის დროს ვყოფილვარ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.