პოლიგლოტი გოლიათი ქართველის დაუჯერებელი ისტორია - ვინ არის ზურაბ ცისკარიძე

AutoSharing Option
29 წლის ზურაბ ცისკარიძე კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ტეპლიცეში" აგრძელებს. ცისკარიძეს საქართველოს მოქალაქეობა აქვს და დიდი შანსია, ძალიან მალე საქართველოს ნაკრებისთვის საინტერესო ფეხბურთელი გახდეს...

ტანმაღალი უნივერსალი (შეუძლია თამაში როგორც მცველად, ისე ნახევარმცველად) შორეული დარტყმების დიდებულად შესრულების გარდა, ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული წარსულითაც გამოირჩევა.

სხვადასხვა დროს ის თამაშობდა ბრაზილიაში, პოლონეთში, ამერიკაში, რუსეთში, შვედეთში, ტაილანდში...

რუსულ პრესაში ცისკარიძის შესახებ ძალიან საინტერესო მასალები მოვიძიეთ და ამას ჩვენი გაზეთის მკითხველსაც გავაცნობთ...

ხუთი ერთზე...
- ბოლოს და ბოლოს, რამდენი ენა იცით?
- მამას
მხოლოდ რუსულად ველაპარაკები. სულ 7 ენა ვიცი. როცა საქართველოდან წავედი, ვცხოვრობდი ქართველ დედასთან და რუს მამინაცვალთან ერთად. 1991 წელს პოლონეთში ჩავედით და იქ 10 წელი ვიცხოვრეთ. მამინაცვალს არაფერი ესმოდა. ის გვიკრძალავდა ქართულ ენაზე საუბარს და დროთა განმავლობაში მშობლიური ენა დამავიწყდა კიდეც. რომელ ქვეყანაშიც ვთამაშობდი, იქაურ ენას ვსწავლობდი. ვიცი ინგლისური, რუსული, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული და პოლონური.

- ფეხბურთით ვინ დაგაავადათ?
- თავდაპირველად "აგრიკოლას" საფეხბურთო აკადემიაში ვსწავლობდი. მერე ჩავირიცხე ვარშავის "ლეგიაში". მამაჩემი პოპულარული ანსამბლის, "ივერიას" წევრი იყო. ის თბილისის "დინამოს" ლეგენდარულ ფეხბურთელებთან მეგობრობდა. ჩემი მშობლები ხელოვნების სფეროს წარმოადგენენ. ფეხბურთის სიყვარული სწორედ მათგან მაქვს.

5 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან წავედი და 14 წლამდე პოლონეთში ვიზრდებოდი. დაახლოებით 7-8 წლის ასაკში ვუთხარი საკუთარ თავს, რომ ფეხბურთელი გავხდებოდი. თავისი როლი ითამაშა იმ გარემოებამაც, რომ ვიზრდებოდი პოლონეთში, საფეხბურთო ქვეყანაში. ირგვლივ ყველა ბურთს აგორებდა... სკოლაში ბიჭებს საყვარელი გუნდები გვყავდა. მთელი თავისუფალი დრო ბურთის დევნაში მეხარჯებოდა.

- როგორ ფიქრობთ, თქვენში ტალანტი მეტია თუ შრომისმოყვარეობა?
- მგონი, სტანისლავსკიმ თქვა: ტალანტი - ეს არის მუშაობის სურვილი და შრომისმოყვარეობა. მარცხენა ფეხი და ტექნიკა სულ გამორჩეული მქონდა. ეგაა, 12-14 წლისაზ ძალიან გამხდარი ვიყავი. არც სიმაღლით გამოვირჩეოდი. 17-18 წლისამ დავიწყე მუშაობა "ფიზიკაზე". მინდოდა, ფეხბურთი სერიოზულ დონეზე მეთამაშა.

ძალიან დამეხმარა სომეხი მწვრთნელი გრეკ პეტროსიანი. ნიჭი და შრომისმოყვარეობა - მესისა და რონალდოს მაგალითზე ეს ყველაფერი კარგად ჩანს. მესი, როგორც მარადონა, თვითნაბადი ტალანტია. რაც შეეხება რონალდოს, მან ყველა მოძრაობა შეისწავლა.

- მომღერალ მამას არ უნდოდა, რომ მისი გზა გაგეგრძელებინათ?
- ვცადეთ, როცა შტატებში ჩავედით. მაშინ გარდატეხის ასაკში ვიყავი. თავისებური ხმა აქვს ადამიანს ამ დროს.

- პოლონეთში როგორ გაიარა თქვენმა ბავშვობამ? საქართველოში კი დაიბადეთ, მაგრამ მაინც საბჭოთა პერიოდში გაიარა თქვენი ბავშვობის ერთმა ნაწილმა...
- არ იყო იოლი. პოლონელებს და რუსებს თავისებური ურთიერთობა აქვთ. 90-იანი წლების დასაწყისში ქართველებს პოლონელები რუსებად თვლიდნენ. ახლა ასე აღარ არის. მაშინ სკოლაში ერთადერთი უცხოელი ვიყავი, ხშირად მიწევდა ჩხუბი. შეიძლება ითქვას, ნაღდი ჯოჯოხეთი გამოვიარე. მერე ჩემი უმცროსი ძმა მიდიოდა სკოლაში და მას ხმას აღარავინ სცემდა. ეს ჩემი "დამსახურება" იყო. ხშირად მიჩხუბია ერთს ხუთის პირისპირ.

მაფიის წინააღმდეგ
- მერე თქვენ ამერიკაში გადახვედით მამასთან და უცებ ბრაზილიაში აღმოჩნდით. როგორ მოხდა ეს?
- გავიცანი ბიჭი, ვინც ადრე ბრაზილიაში თამაშობდა. მან შემომთავაზა, წავსულიყავი იქ ახალგაზრდულ გუნდში სათამაშოდ. 17 წლის ვიყავი, თავდასხმაში ვთამაშობდი. შტატებში შემეძლო, უნივერსიტეტში უფასოდ მესწავლა და ფეხბურთიც მეთამაშა, მაგრამ მინდოდა, ძალა პროფესიულ დონეზე მომესინჯა.

ორ ახალგაზრდულ გუნდში ვითამაშე ბრაზილიაში. ერთ-ერთ მათგანში იყო კანუ, რომელიც ყველას გვახსოვს "ტერეკიდან". შვედეთში თამაშის დროს რუსულ პრემიერლიგას ვუყურებდი და უცებ... კანუ ვიცანი.

- ბრაზილიაში როგორ მიგიღეს?
- ბრაზილიელები დიდებული ხალხია. ყველა იღიმის. უზომოდ მორწმუნეები არიან, ერთმანეთს ეხმარებიან. ბევრი მეგობარი გავიჩინე. იქ არავინ იცოდა ინგლისური, ამიტომ პორტუგალიური ენის შესწავლა მომიხდა.

- ბრაზილიის შემდეგ თქვენ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმეთ ფრანგულ "სეტთან"...
- ბრაზილიიდან წასვლის შემდეგ დავბრუნდი შტატებში. მივედი MLS-ის შესანიშნავ გუნდში - "კანზას სიტიში". კონტრაქტს ვაფორმებდი, როცა მამასთან მივიდა აგენტი და უთხრა, რომ იყო ევროპაში წასვლის შანსი. თანაც დაარწმუნა, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი.

ახლა ვფიქრობ, რომ ჯობდა "კანზასში" დარჩენა. ძალიან ძლიერი გუნდი იყო. ამერიკის ნაკრების არაერთი ფეხბურთელი თამაშობდა იქ, ყველას ვუყვარდი. კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი.

წავედი საფრანგეთში, რანგით მესამე ლიგის კლუბ "სეტში". ჩემდა გასაკვირად, იქ ძალიან კარგი დონე დამხვდა. სისწრაფე, ტექნიკა, აგრესიულობა - ყველაფერი იყო... აფრიკელები მობილურობას მატებენ ფრანგულ ფეხბურთს. ალჟირელები, მაროკოელები და ტუნისელები ტექნიკით გამოირჩევიან. სეტი პატარა ქალაქია და იქ მაინცდამაინც არ უყვართ უცხოელები. ერთადერთი რამ შემომრჩა იმ დროიდან - ფრანგული ენა ვისწავლე.

- რამდენი გამოიმუშავეთ პირველი კონტრაქტით?
- სასაცილო თანხა. სათქმელად არც ღირს. დღეს ბევრი ახალგაზრდა წუწუნებს ხელფასზე. ბევრმა არ იცის, სხვას რა აქვს, რით ცხოვრობს...

მე არაერთხელ ვყოფილვარ სხვადასხვა სიტუაციაში. კორსიკაში ვთამაშობდი, ეს განსაკუთრებული რამ იყო. ერთ-ერთი მატჩის შესვენებისას ჩვენს გასახდელში სამი ბიჭი შემოვიდა. მე და ჩემს ორ თანაგუნდელს გვითხრეს - თუ თამაშს არ შეწყვეტთ, მუხლში მიიღებთ ტყვიასო. ისინი მაფიის წარმომადგენლები იყვნენ და ჩვენს მოწინააღმდეგე კლუბს ქომაგობდნენ, რომელიც მაშინ გავარდნის ზღვარზე იყო.

ჩვენ გადავწყვიტეთ, თამაში გაგვეგრძელებინა. მაშინ ისინი მსაჯებისკენ წავიდნენ და მათ წაუყენეს მოთხოვნები. მსაჯებს შეეშინდათ და თამაში "გააფუჭეს". ჩვენ 2:0-ს ვიგებდით. იმ წუთიდან დაიწყო პენალტები, გაძევებები... კორსიკისთვის ეს ნორმალურია.

განსაკუთრებული
- 2009 წელს თქვენ "მაიამიში" მიხვედით. როგორი იყო ფეხბურთი მაშინ ამერიკაში? ხალხი ხვდებოდა, როდის იყო ოფსაიდი, ტაში როდის უნდა დაეკრათ და ასე შემდეგ?
- MLS მაშინაც განვითარებული იყო. თამაშისგან ყველა სიამოვნებას იღებდა.

- "მაიამის" ფეხბურთელები თავს ვარსკვლავებად გრძნობდნენ?
- ლათინოსები, ძირითადად კუბელები, ბეისბოლს ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენი კლუბის შესახებ ბევრმა არც კი იცოდა. აი, ახლა ბექჰემი თუ "ააშენებს" ახალ გუნდს მაიამიში, ეს სხვა ამბავი იქნება...

- როდის იყიდეთ პირველი მანქანა?
- ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, ამერიკაში. მამას შევუამხანაგდი და "ტოიოტა კამრი" ვიყიდეთ. ძველი იყო, არ მომეწონა. მერე "ჯიპი" ვიყიდე. ახლა "ლინკოლნ ავიატორი" მყავს. ძველია, მაგრამ მიძლებს.

- მაიამი ტატუებითაა განთქმული. თქვენ რამდენი ტატუ გაქვთ?
- არც ერთი. თავის დროზე, ბევრი ვიფიქრე ამაზე. დღეს თითქმის ყველას აქვს ტატუ. თუ ტატუ არ გაქვს, გამოდის, რომ განსაკუთრებული ხარ. ბევრი ისეა შეღებილი... ყველაფერი ცირკს ემსგავსება.

- ამერიკაში ვის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში ყველაზე მეტად?
- მე უფრო რუსეთს გავიხსენებ. მოსკოვის "დინამოს" დიდებული თავდასხმა ჰყავდა - ვორონინი, კურანი...

ასე მოვხვდი რუსეთში
- როგორ მოხვდით რუსეთში?
- ერთი მეგობარი მყავდა ვანკუვერში თამაშის დროს. ის ყველასთვის ნაცნობ დენის ლახტერს იცნობდა. გავგზავნეთ ჩემი პროფილი. "ამკარი" მაშინ ავსტრიაში იყო შეკრებაზე და იქ გავფრინდი. მოვაწერე ხელი სამწლიან კონტრაქტს. ყველაფერი კარგად იყო. მერე რაშიდ რახიმოვი გააგდეს და მოვიდა მიოდრაგ ბოჟოვიჩი. ჩერნოგორიელმა სულ თავისი ხალხი მოიყვანა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკებიდან, მე კი რეზერვში აღმოვჩნდი.

- ამბობენ, რომ ბოჟოვიჩი კარგი ფსიქოლოგია...
- ვცადე დალაპარაკება. მინდოდა, აეხსნა, რატომ ვარ სკამზე. მითხრა, რომ შანსს მომცემდა, მაგრამ ბოლოს მითხრა, რომ იმათ მისცემდა შანსს, ვისაც კარგად იცნობდა.

ცხელი, ქართული სისხლი...
- რატომ წახვედით სათამაშოდ შვედეთის პირველ ლიგაში?
- რუსეთიდან რომ წავედი, დავბრუნდი შტატებში. ველოდი წინადადებას "მაინციდან". მერე ამ გუნდმა გერმანელთან გააფორმა კონტრაქტი...

სხვათა შორის, პირველივე შეხვედრაში გამაგდეს მოედნიდან ზედმეტი ლაპარაკისთვის. შვედეთში კარგი სეზონი მქონდა. შორეული გოლი გავიტანე, ჩემი გოგონა გავიცანი...

- რა იყო ყველაზე არაჩვეულებრივი შვედეთში?
- "ჰამარბის" გასვლაზე 1:0 მოვუგეთ. სტადიონზე დიდებული ატმოსფერო იყო. მოვიგეთ 1:0, მაგრამ ქომაგებმა ჯოჯოხეთი მოაწყვეს. კარგა ხნის განმავლობაში გასახდელიდან ვერ გავედით.

- ვუყურებ თქვენს კარიერას და არ შემიძლია, არ გკითხოთ - მოგზაურობა გიყვართ?
- ბავშვობიდან ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. ისე გამოდის, რომ სულ უკმაყოფილო ვიყავი იმ ადგილით, სადაც მოცემულ მომენტში ვიმყოფებოდი. სულ ვეკითხებოდი საკუთარ თავს - "ვთქვათ, გავრისკე, რა იქნება მერე?"

- თქვენში ქართული სტერეოტიპი ბევრია?
- რა თქმა უნდა, ჩემში დუღს ცხელი ქართული სისხლი. ვცდილობ, ემოციები ვმართო. ვცდილობ, ტვინით ვიცხოვრო და არა მხოლოდ გულის კარნახით. ჩხუბი არ მიყვარს. პოლონეთში სხვა ვითარება იყო. ვთამაშობ ხისტად და არა უხეშად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიეცეს უნდა შანსი ნაკრებში თამაშის
tengabi
10:27 21-02-2016
0
მაგარი მასტია
შაკო
10:09 21-02-2016
0

სიახლეები პოპულარული