ლევან მჭედლიძე: "ემპოლიში" ყველა გაოცებულია, ვინ არის ეს ექიმიო

AutoSharing Option
სადღეისოდ, საქართველოს ნომერ პირველ ფორვარდ ლევან მჭედლიძესთან სასაუბრო მართლაც ბლომად დაგროვდა. ეროვნულ გუნდში მიღებული ტრავმის შემდეგ ის ცოტა ხნის წინათ დაუბრუნდა "ემპოლის". ეგაა, მჭედლიძეს კლუბში არ ეძლევა იმდენი სათამაშო დრო, რამდენსაც ყველანი ვისურვებდით.

"ლელო" ლევანს იტალიაში დაუკავშირდა და არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, 25 წლის ფორვარდმა სიამოვნებით გამონახა ჩვენთან სალაპარაკო დრო.

ინტერვიუ ჩაიწერა პარასკევს, "ემპოლისა" და "ფროზინონეს" მატჩისწინა საღამოს...

- ლევან, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა გკითხოთ...
- ამ მხრივ, მდგომარეობა საკმაოდ კარგია. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა,
რომ აღარაფერი მაწუხებს და რომ ყველაფერი კარგადაა. უკვე 15 დღეა, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ.

წარმოიდგინეთ, საკმაოდ მსუბუქი ტრავმა დამიმძიმდა არასწორი მიდგომის გამო. მაჩქარებდნენ, რომ მალე დავბრუნებულიყავი. არ სჯეროდათ ექიმებს, როცა ვეუბნებოდი, ჯერ არ ვარ კარგად, ნუ მაჩქარებთ-მეთქი. ჯერ "რომასთან" მატჩამდე სამი დღით ადრე სცადეს, რომ დამეწყო გუნდთან ერთად ვარჯიში და სწორედ მაშინ გამირთულდა ირლანდიის ნაკრებთან მიღებული ტრავმა. მერე "ფიორენტინასთან" თამაშამდე მითხრეს, გინდა თუ არა, კარგად ხარო. არ ვეთანხმებოდი მაშინაც და ისევ გავიწყვიტე იგივე კუნთი...

საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში და საქართველოს ნაკრების ექიმთან, მერაბ ვარძუკაშვილთან მემკურნალა, ვის პროფესიონალიზმშიც ეჭვი არასოდეს შემპარვია. ზუსტად ოცი დღით ჩამოვედი. მან თავისი მეთოდებით მიმკურნალა. ვუთხარი, რომ ბოლომდე ვენდობოდი და რასაც მეტყოდა, ყველაფერს შევასრულებდი. ასეც მოხდა. ჩავედი "ემპოლიში" და ვხედავ, ყველა გაოცებულია. მეკითხებიან, ვინ არის ეს ექიმიო. ყველა მადლიერია, ძალიან უნდათ მისი გაცნობა...

მგონი, გამიგრძელდა, მაგრამ ამხელა პასუხი იმიტომ დამჭირდა, რომ მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო ადამიანს, ვინც ყველაფერი გააკეთა ჩემთვის.

- "ემპოლიში" მცირე სათამაშო დრო გეძლევათ. ამის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან ხომ არ გისაუბრიათ?
- შარშანდელი იანვრიდან თუ დავითვლით, 400 წუთი ვითამაშე და 5 გოლი გავიტანე. კლუბი ჩემით საკმაოდ კმაყოფილი იყო, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. როცა გახურებულ თამაშში შედიხარ, რთულია გოლის გატანა...

წინა სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ კლუბის დირექტორთან და პრეზიდენტთან მქონდა საუბარი. მათ მაშინ მითხრეს, რომ მომავალი, ანუ 2016 წელი, იქნებოდა ჩემი წელი და თითქმის ყველა შეხვედრაში მომიწევდა თამაში. სეზონი კარგად დაიწყო, კარგ ფორმაში ვიყავი... "მილანთან" შეხვედრის შემდეგ გამოვფრინდი თბილისში, ნაკრებში ვითამაშე შოტლანდიასა და ირლანდიასთან. სამწუხაროდ, მივიღე ტრავმა, რომელმაც ოთხთვე-ნახევარი გამაცდენინა... ამიტომ დღეს ვერ მექნება იმის პრეტენზია, რომ თამაში პირველი წუთიდანვე დავიწყო.

15 დღეც არ გასულა, რაც სრული დატვირთვით დავიწყე ვარჯიში. კიდევ დაახლოებით ერთი თვე მჭირდება საიმისოდ, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევიდე. 35-ე წუთის შემდეგ მინდორზე სიარულს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ...

მოკლედ, ჩემი მიზანია, ახლო მომავალში აღვიდგინო სათამაშო ფორმა. ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ!

- თუ ასე გაგრძელდა, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ზაფხულში გუნდი შეიცვალოთ? ადრე იყო ვარიანტი გერმანიიდან. ეს კვლავ აქტუალურია?
- იყო ვარიანტები ზაფხულში, აგვისტოს ბოლომდე და იყო ახლაც. გერმანიისა და იტალიის რამდენიმე გუნდს ვგულისხმობ, მაგრამ დირექტორმა არც მაცალა ამაზე ფიქრი. ჟურნალისტმა ინტერვიუში ჰკითხა მას, იანვარში ვინმეს შეძენას ხომ არ აპირებთო და მან უთხრა - ჩვენი შენაძენი მჭედლიძეაო.

ჩემს მენეჯერს უთხრეს, რომ სეზონის ბოლომდე ეს თემა დახურულია.

- როგორ აფასებთ "ემპოლის" თამაშს მიმდინარე სეზონში?
- უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ამ ფეხბურთელებთან გატარებული თითოეული დღით. აქ არიან მოთამაშეები, რომლებსაც უყვართ ფეხბურთის თამაში და ამით თავადაც უდიდეს სიამოვნებას იღებენ. მთელ იტალიას უკვირს, თუ როგორ ახერხებს ზედიზედ ორი წელი "ემპოლი" ასეთი ფეხბურთის თამაშს. სეზონის დაწყების წინ, პროცენტულად გავარდნის ყველაზე მეტ შანსს ჩვენ გვაძლევდნენ. ახლა კი ამბობენ, რომ გუნდს შეუძლია ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრა.

ჩვენ დიდ სიამოვნებას ვიღებთ ყველა შეხვედრაში, შედეგი კი შრომასთან ერთად მოდის.

- ჩვენი ინტერვიუ რომ დაიბეჭდება, "იუვენტუსი"-"ნაპოლის" სუპერმატჩი ჩავლილი იქნება. მაინც რომელ გუნდს მიანიჭებთ უპირატესობას სკუდეტოსთვის ბრძოლაში?
- რამდენიმე დღის წინ ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი სწორედ "ნაპოლისთან" ვითამაშე. მიმაჩნია, რომ ეს გუნდი ყველაზე ძლიერია და ყველაზე ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობს. რა თქმა უნდა, "იუვენტუსი" ყველასთვის ფავორიტია,  ცუდად დაწყებული სეზონის მიუხედავად. ამბობდნენ, რომ ეს გუნდი მაინც შეძლებდა ჩემპიონობისათვის ბრძოლას და აგერ, ვხედავთ, რომ ასეც ხდება...

სიმართლე გითხრათ, მე უფრო "ნაპოლისკენ" ვიხრები, იმიტომ, რომ იქ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები თამაშობენ - ჰისაი, ვალდიფიორი და რაჯინი, პლუს,  მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი, რომელიც ჩემი ყოფილი მწვრთნელია. მგონი, საკმარისი მიზეზი მაქვს საიმისოდ, რომ "ნაპოლის" ვქომაგობდე.

- პირადად ჩემი აზრია, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოფერიანდა...
- მართალი ხართ. შარშან და წელს დონემ მოიმატა. მეტი ხალხი დადის სტადიონებზე. ჩემზე კარგად იცით, ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ძალიან რთულად სათამაშო ჩემპიონატია. ზოგიერთი ამბობს, ნელა მოძრაობენ ფეხბურთელები, არ არის კარგი საყურებელიო. არადა, ვისაც ფეხბურთი ესმის, დამეთანხმება, რომ თვით აუტსაიდერებიც ძალიან მაგრად არიან მომზადებულები ტაქტიკურად. გიკეტავენ ზონას და თამაში რთულდება...

- ლევან, როგორ ფიქრობთ, ვინ არის გამორჩეული იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში - იგუაინი, პოგბა, დიბალა თუ ვინმე სხვა?
- ჩემი აზრით, თქვენ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის სამი საუკეთესო ფეხბურთელი ჩამოთვალეთ, მაგრამ იგუაინი განსაკუთრებით მაგარ ფორმაშია. რამდენი თამაშიც ითამაშა, იმდენი გოლი გაიტანა. ერთადერთი, ტონი იყო, ვინც 31 გოლი შეაგდო და ეს რეკორდია, როგორც მახსოვს. ჩემი აზრით, იგუაინი ამ სეზონში ტონიზე მეტს გაიტანს.

- რას იტყვით საქართველოს ნაკრების აწმყოზე? ეროვნულ გუნდში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე? ჩვენი გუნდი დღეს უმწვრთნელოდაა. თქვენი აზრით, როგორი მწვრთნელი გვჭირდება დღეს და აქვე კიდევ ერთი კითხვა - ქართველი თუ უცხოელი?
- სამწუხაროა, რაც მოხდა. ჩანდა, რომ ყველაფერი დალაგებული იყო და საბრძოლო განწყობა გვქონდა მომავალი შესარჩევის წინ. მთელი გულით ველოდებოდით, როდის მოვიდოდა პირველი მატჩი, იმიტომ, რომ რწმენა დაგვიბრუნდა ამდენი კარგი თამაშის შემდეგ...

იმედი მაქვს, მალე გადაწყდება ყველაფერი. მჯერა, ლევან კობიაშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ, რომ ჩვენზე მეტი უნახავს და იცის, რა იქნება უკეთესი...

რაც შეეხება იმას, ქართველი აჯობებს თუ უცხოელი, ეს არ ვიცი, ჩვენი გასარჩევი არ არის, ჩვენი საქმე თამაშია. იმედია, ნაკრებში ყველაფერი კარგად იქნება და იგივე სიტუაცია დაგვხვდება, როგორიც ბოლო პერიოდში იყო.

- შევაფასოთ საქართველოს ნაკრების შესარჩევი ჯგუფი...
- პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ძალიან რთული ჯგუფია. ბევრს ჰგონია, რომ რადგან გრანდი არ არის, უფრო ადვილია გასვლა. პირიქით, ბევრი საკმაოდ ძლიერი გუნდია. ეს ერთი მხარეა და მეორე კი ის არის, რომ ჩემი აზრით, დაუმარცხებელი არც ერთი მათგანი არ არის. მთავარია, მომავალ შესარჩევ ციკლს ბოლომდე მომზადებულები შევხვდეთ. თითოეულ ჩვენგანში უნდა იყოს რწმენა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

- დაბოლოს, როდის გაიტანს ლევან მჭედლიძე?
- როცა მომეცემა საკმარისი დრო, აუცილებლად გავიტან. მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო პროგრესისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევან ღმერთმა დაგლოცოს, მიხარია, რომ გამოჯანმრთველდი და განსაკუთრებით მიხარია შენი მჯელობა საქმისადმი, ფეხბურთისადმი, სადაც უკვე თითქმის ნამდვილი პროფესიონალის დამოკიდებულება აღითქმება.
gizog
12:31 16-02-2016
0
წარმატებებს გიცურვებტ იმდენი ცუდი გვესმის ემიგრანტებს ამისტანა წერილის სჰემდეგ გახარებული ვარტ






















raiakuna
18:57 15-02-2016
0

სიახლეები პოპულარული