სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება - საბა კვირკველია "დორტმუნდსა" და "სევილიაზე"
AutoSharing Option
12:00 11-02-2016
БИЗНЕС ONLINE-მა ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების მცველ საბა კვირკველიასთან ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა, რომლის საინტერესო ნაწყვეტებსაც ქვემოთ გთავაზობთ.

რუსულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი
- როგორ მოხვდით რუსეთში 18 წლის ასაკში?
- "შახტართან" ერთად შეკრებაზე ვიყავი თურქეთში, სამი დღე ვივარჯიშე მათთან და მითხრეს, რომ არ ამიყვანდნენ. იმავე სასტუმროში "ზენიტი" იყო დაბანაკებული. იქაც გამსინჯეს, მოვეწონე და ნახევარწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. ასე მოვხვდი "ზენიტის" დუბლებში.

- რუსული ენა მალე შეისწავლეთ?
- თავიდან ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი რუსულად. თარჯიმნის აყვანას შემპირდნენ, მაგრამ უარი განვაცხადე, რადგან ასე ენას უფრო რთულად სწავლობ. თავიდან მიჭირდა, ხანდახან ისეთ რამეს ვამბობდი, რომ ირგვლივ ხარხარებდნენ. ბიჭები დამეხმარნენ, ახლა კი რუსულად თავისუფლად ვლაპარაკობ. მოგვიანებით, "ზენიტში" ლუჩანო სპალეტი მივიდა და ჩემთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. მაშინვე გამოჩნდა "რუბინის" ვარიანტი. მათ დუბლების თამაშზე შემამჩნიეს.

- საქართველოში დაბრუნების ვარიანტს არ განიხილავდით?
- საქართველოში არც უმაღლეს ლიგაში მითამაშია და არც - პირველში. ერთ უბრალო გუნდში ვთამაშობდი და იქ დაბრუნებას არ ვაპირებდი.

- "რუბინში" მაშინვე ვერ შეძელით დამკვიდრება, რატომ?
- 6 თვე დუბლებში ვიყავი, მერე ცოტა გამიმართლა - ტრავმები მიიღეს ნავასმა და ბოკეტიმ. "ურალთან" თამაშში ყურბან ბერდიევმა შანსი მომცა. ნულზე ვითამაშეთ და მერე პენალტებში მოვიგეთ. შემდეგ იყო თამაშები "კრილიასთან" და ჩემპიონთა ლიგაზე კიევის "დინამოს" წინააღმდეგ.

- დუბლებიდან უცბად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდით, როგორი შეგრძნება იყო?
- ვიცოდი, რომ ასეთი შანსი შეიძლება, მეტი არც მომცემოდა. ის თამაში რომ ჩამეგდო, იქნებ მართლა საქართველოში დაბრუნება დამჭირვებოდა.

- ბერდიევი ახლა "როსტოვშია". გაიმეორებს იმ წარმატებას ახალ გუნდში?
- არ ვიცი, ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

- რა იფიქრეთ, როცა "ნეფტეხიმიკში" იჯარით გაგიშვეს?
- თავიდან ეს იყო ნამდვილი კოშმარი ჩემთვის. წარმოიდგინეთ, რუსული პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მერე პირველ ლიგაში უნდა მეთამაშა. თუმცა კარგი კოლექტივი დამხვდა, იქ იყვნენ კავკასიელი ბიჭები. დავიდ ძახოვი ახლა "ამკარშია", ის ჩემთვის ძმასავითაა.

ლივერპულამდე 6 საათი წასაგებად არ გვიფრენია
- ევროპალიგის კენჭისრის შემდეგ "რუბინის" შანსებს სერიოზულად არ განიხილავდნენ, მაგრამ 6 ტურის მერე სულ სხვაგვარად იყო საქმე...
- შანსი ნებისმიერ ჯგუფში არსებობს, ჩვენც გვქონდა. "რუბინი" ერთი და იგივე შემადგენლობით იბრძოდა ორ ფრონტზე და უბრალოდ, არ ეყო ძალები. "ბორდოსთან" მატჩში მივხვდი, რომ ძალა არ მყოფნიდა და აღარც რესურსი იყო აღსადგენად.

- გაიხსენეთ მატჩი "ენფილდზე", რა მოხდა?
- ყოველთვის ვოცნებობდი, "ენფილდზე" მეთამაშა. თავიდან არ მიყვარდა "ლივერპული", მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ცნობილი ფინალის შემდეგ "ლივერპულის" თამაშებს რეგულარულად ვუყურებდი. გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ წინ არაფერი გამოგვივიდოდა, ხელი მაინც შეგვეშალა მათთვის. საბედნიეროდ, მარკომ გაიტანა. რიჟიკოვმა ფანტასტიკურად ითამაშა.

- წარმოგედგინათ, რომ კლოპის სადებიუტო მატჩში მათ ქულებს აართმევდით?
- თქვენ ფიქრობთ, რომ 6 საათი წასაგებად მივფრინავდით? ყველაფრის მიღწევა შეიძლება და ჩვენ ეს შევძელით.

საქართველოში ვარსკვლავი არა ვარ
- წინა წელს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. საქართველოში, ალბათ, ყველგან გცნობენ...
- არა, საქართველოში მე არ ვარ ვარსკვლავი. ქუჩაში თავისუფლად გავდივარ. რა თქმა უნდა, ზოგი მცნობს, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა.

- წერდნენ, რომ თქვენით "სევილია" და დორტმუნდის "ბორუსია" დაინტერესდნენ. ეს მართალია?
- იცით, ყოველთვის არის რაღაც მიზეზი - კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, მაგრამ პირადად არავისთან არ მქონია მოლაპარაკება. სატრანსფერო ამბებს მე ასე ვუდგები: "რუბინი" ჩემი მეორე სახლია საქართველოს მერე. ამ კლუბმა ყველაფერი მოგვცა მეც და ჩემს ოჯახსაც. "რუბინისთვის" ყველაფერს გავიღებ. არ მიყვარს იმაზე ლაპარაკი, რაც არ მომხდარა. ახლა მე აქ ვარ, გუნდთან ერთად. თუკი ვინმეს აქვს ინტერესი, დაგველაპარაკოს.

- სეზონის დასაწყისში გამოჩნდა, რომ თქვენ მძიმედ გადაიტანეთ ნავასის წასვლა გუნდიდან...
- დიახ ასეა. როცა ნავასთან ერთად ვთამაშობდი, ის გუნდის ლიდერი იყო. მისი წასვლიდან 3-4 თამაშის განმავლობაში მართლაც გამიჭირდა. თუმცა კამბოლოვთან ერთადაც არანაკლებ გამომდის თამაში. რუსლანი თავით მაგრად თამაშობს, "ლივერპულთან" ვაჩვენეთ, რომ კარგად შეგვიძლია თამაში.

- მამუკა კობახიძეს "რუბინში" ხელი მოეცარა. გაქვთ მასთან კონტაქტი?
- რა თქმა უნდა, მამუკა ჩემი ქალიშვილის ნათლიაა. ის ახლა "მორდოვიასთან" ერთად შეკრებაზე იმყოფება. მამუკა კარგი მცველია, მაგრამ ცენტრში დამკვიდრება გაუჭირდა, უფრო ფლანგზე უყვარს თამაში.

- სეზონის მეორე ნახევარში "რუბინს" წინსვლა შეუძლია?
- ჩვენგან უკეთეს თამაშს ელოდეთ, არც ევროთასების საგზურის მოპოვებას გამოვრიცხავ. გაიხსენეთ შარშანდელი სეზონი, მე-8 ადგილზე ვიყავით და ბოლოს ხუთეულში შევედით. მთავარია, ტრავმებმა არ გაგვაწამოს.

საბა
- რატომ გეძახიან საბას და არა სოლომონს?
- ეს ჩემი ნათლობის სახელია. ყველა ასე მეძახის.

- საქართველოდან ყაზანში რა მიგაქვთ ხოლმე?
- ყველაზე ხშირად ღვინო ბიჭებისთვის, საჩუქრები. ისე, ყაზანში ისედაც ყველაფერია. იქ კარგი ქართული რესტორნებიცაა.

- რაც ყაზანში ცხოვრობთ, ქალაქი ძალიან შეიცვალა?
- დიახ. ის ერთი ჩვეულებრივი ქალაქი იყო, მაგრამ უნივერსიადამ ყველაფერი შეცვალა. ახლა ყაზანი დონით მხოლოდ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს ჩამორჩება.

- ყინულის ჰოკეის თამაშებზე გხედავთ ხოლმე, მოგწონთ?
- თავიდან უბრალოდ მივყვებოდი მეგობრებს. მერე მომეწონა, თუმცა ხშირად უინტერესო თამაშებიცაა, გოლები არ გადის ხოლმე და მოსაწყენია. ვერანაირი ჰოკეი, კალათბურთი ან სხვა ვერ შეცვლის ფეხბურთს. როცა ვიქტორ სანიკიძე "უნიკსში" თამაშობდა, მის საგულშემატკივროდ დავდიოდა, მაგრამ იქაც სულ სხვა აუდიტორია და ატმოსფეროა. ფეხბურთს ყველაფერი ჩამორჩება.

სხვათა შორის, თავის დროზე საქართველოში დამიწუნეს და მითხრეს, რომ ან წიგნი წამეკითხა, ან კალათბურთზე შევსულიყავი. მაშინ 14 წლის ვიყავი.

ინგლისში ან იტალიაში
- რომელ მოწინავე ჩემპიონატში ისურვებდით თამაშს?
- ინგლისსა და იტალიაში. მომწონს "იუვენტუსი". პრემიერლიგაში "იუნაიტედს" გამოვარჩევ, თუმცა ახლა ეს გუნდი მოსაწყენად თამაშობს.

- ერთი კარგი მცველი დაამშვენებდათ...
- არადა, ფერგიუსონის დროს "იუნაიტედს" ყველაფერი რიგზე ჰქონდა.

- თქვენი საფეხბურთო კერპი არის...
- პაულო მალდინი, ნამდვილი კაპიტანი, მოედანზე და მის გარეთაც. მოქმედ მცველთაგან მომწონს სერხიო რამოსი, ფინალში "ატლეტიკოსთან" იხსნა "რეალი".

- ბოლოს "ოქროს ბურთი" მცველს 10 წლის წინათ მისცეს. როგორ ფიქრობთ, ეს სამართლიანია?
- რა თქმა უნდა, სამართლიანია. რაც შეეხება ფაბიო კანავაროს, მაშინ ის იტალიის ნაკრების მამოძრავებელი ძალა იყო. მაგრამ ნახევარმცველები და ფორვარდები უფრო ძვირად ფასობენ, რადგან შეუძლიათ ერთი შანსი გოლად აქციონ. ისინი გმირები ხდებიან. მცველის შემთხვევაში კი, საკმარისია, ერთი შეცდომა და ყველაფერი წყალშია ჩაყრილი, შენ შეიძლება ანტიგმირი გახდე.

- როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
- ოჯახთან ერთად. შეკრებებზე ცოტა სხვაგვარადაა. ახლა ორ შეკრებას შორის ოთხი დღე მექნება და ცოტას დავისვენებ, ახლობლებთან ერთად ცოტას ვიმოგზაურებთ კიდეც.

- შვილის დაბადებამ თქვენი ცხოვრება დიდად შეცვალა?
- თავიდან ვერც კი ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ახლა ჩემი გოგონა უკვე ერთი წლის ხდება. შინ მისულს მისი ერთი დანახვაც მყოფნის, რომ ყველანაირი ცუდი განწყობა დავივიწყო.
jony
21:52 11-02-2016
საბა/სოლომონს წარმატებას ვუსურვებ! ქართული ფეხბურთის შელახული პრესტიჟი უნდა აღადგინო ევროპაში
dato
17:51 11-02-2016
Martali xar, martla mouxdeboda arsenals, mertesakeris girseuli shemcvleli iqneboda.