სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ლეგიონის უქმეები: ვაკო ყაზაიშვილის მეშვიდე გასროლა [VIDEO]
AutoSharing Option
10:00 18-01-2016
ქართული ლეგიონის გეოგრაფია გაფართოვდა, მას ესპანეთი შეემატა. გუშინ სეგუნდა დივიზიონში ქართველი ფეხბურთელი ახლოს იყო დებიუტთან. უქმეების გმირი კი ჩვენთვის ვაკო ყაზაიშვილია - მან დიდებული გოლი გაიტანა.

ესპანეთი. სეგუნდა. გიორგი აბურჯანიას დებიუტი არ შედგა, თუმცა ჩვენებური "ხიმნასტიკის" შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე უკვე ვიხილეთ. კატალონიელებმა სტუმრად 3:1 მოუგეს ლიდერ "ალავესს". აბურჯანიას დარად, ჩისკოც სათადარიგო იყო. ყოფილი დინამოელი მე-80 წუთზე შევიდა მოედანზე.

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძეს აგვისტოს მერე არ უთამაშია. არ უთამაშია მას არც გუშინ "კიევოსთან" 1:1-ზე დასრულებულ შეხვედრაში, მაგრამ პროგრესი მაინც არის - ქართველი ფორვარდი "ემპოლის" სათადარიგოთა სკამზე ვიხილეთ და იმედია, "მილანთან" მატჩში ის უკვე მინდორზეც გამოვა.

"ემპოლის" სარეზერვო გუნდი 1:3 დამარცხდა "რომას" დუბლებთან. დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშა ჩემპიონატის ბომბარდირმა (12 გოლი) რომან ჭანტურიამ.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (90 წ.) "ტუტოკუოიო" სტუმრად 10-კაციან "რიმინის" დაუზავდა. ჩვენებურმა მეორე ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავა კვლავ შეუცვლელი იყო, მისი "რეიმსი" კი სტუმრად "გაზელეკ აიაჩოს" დაუზავდა - 2:2. ჩვენებური ორჯერ შორეული დისტანციიდან სახიფათოდ დაემუქრა მასპინძელთა კარს, თუმცა მეორე გაშვებული გოლის ეპიზოდში უკეთ თამაში მართებდა.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ჰოლანდიის ჩემპიონატი განახლდა და კვლავ გამოიჩინა თავი ვაკო ყაზაიშვილმა. "ვიტესი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "კამბურს" ესტუმრა და 2:0 მოუგო. ყაზაიშვილი აქტიური იყო, ხოლო მაშინ, როცა მოედანზე ის გურამ კაშიას უნდა შეეცვალა, ბურთი ოლინიკისგან მიიღო საჯარიმოში, სლალომით ორ მცველს გასცდა და გაიტანა. ეს ვაკოს მე-7 გოლია სეზონში, სულ კი 23-ე ჰოლანდიის ერედივიზიეში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისი. ჩემპიონშიფი. აკაკი გოგიამ "ბრენტფორდის" დუბლებში დუბლი შეასრულა, თუმცა პირველ გუნდში ისევ არ უთამაშია, "ბრენტფორდი" კი შინ 1:3 დამარცხდა "ბარნლისთან".

პორტუგალია. სეგუნდა. გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" "ავეშს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა. "ფეირენშემ" ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო და მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა.

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" "ბრაგას" სარეზერვო გუნდს 4:1 მოუგო. ებრალიძემ 90 წუთი ითამაშა. "ჟილ ვისენტე" 43 ქულით მესამე ადგილზეა. რადგან გათამაშებას "პორტუს" დუბლები ლიდერობს (რომელსაც ელიტაში გადასვლის უფლება არა აქვს), ეს ადგილი უმაღლეს დივიზიონში გასვლის გარანტიაა.

საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილის (57-ე წუთზე შევიდა) "ლევადიაკოსი" შინ "ირაკლისს" დაუზავდა - 1:1.

თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძის (განაცხადში არ იყო) "რიზე" შინ "გენჩლერბირლიგისთან" 2:3 დამარცხდა.

თორნიკე ოქრიაშვილს, წესით, დღეს უნდა ჰქონდეს დებიუტი "ესქიშეჰირში", მეტოქე თურქული გრანდი "ფენერბაჰჩეა".

კვიპროსი. ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისმა" სტუმრად 7:1 გაანადგურა "აია ნაპა". ირაკლი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა.

ახნასის "ეთნიკოსში" დებიუტი ჰქონდა რევაზ ბარაბაძეს. ის "ერმისთან" საგარეო გამარჯვებაში (2:1) გუნდის სასტარტოში იყო. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიიღო. მას ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, როცა თავური ოდნავ ააცილა მასპინძელთა კარს. "ეთნიკოსში" 63-ე წუთიდან შოთა გრიგალაშვილიც გამოჩნდა, რომლის დარტყმულს დაამატა თანაგუნდელმა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

თემურ ქეცბაიას აპოელ-მა 3:0 მოუგო "პარალიმნის" და 41 ქულით მესამეა. ქართველი მწვრთნელის გუნდი "ანორთოსისს" ქულით, ხოლო აეკ-ს 4 ქულით ჩამორჩება.

ლევან ხმალაძის "პაფოსი" დღეს მასპინძლობს "ნეა სალამინას".

ქართველები ამხანაგურ მატჩებში
მათე ვაწაძემ 90 წუთი ითამაშა "ორჰუსისა" და "ესბიერგის" დაპირისპირებაში, რომელიც ქართველი ფორვარდის გუნდმა 0:1 წააგო.

გიორგი პაპუნაშვილმა თურქულ შეკრებაზე კვლავ ითამაშა "ვერდერის" რიგებში. ბუნდესლიგის გუნდი "აუსტრიას" 2:2 დაუზავდა. ჩვენებური 79-ე წუთზე შეცვალეს. თამაშს ეროვნული ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე ესწრებოდა.

ტრავმირებული ლევან ყენიას გარეშე "სლავიამ" 2:0 დაამარცხა "ხრუდიმი".

ესტონურმა "ფლორამ" 10:1 გაანადგურა "სილამიაე". ზაქარია ბეგლარიშვილმა "ფლორას" რიგებში მეორე ტაიმი ჩაატარა.

ლადო დვალიშვილის "პოგონმა" 4:0 მოუგო "მევა რესკოს". დვალიშვილმა ერთი ტაიმი ითამაშა და გოლიც გაიტანა.

გიორგი ჭანტურიას "დუისბურგმა" თურქულ შეკრებაზე "კილთან" 0:1 წააგო. ქართველმა ფორვარდმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

ნიკა კაჭარავას არაოფიციალური დებიუტი შედგა "როსტოვში", რუსულმა კლუბმა ჩინურ "ჰენან ჯიანეს" 2:1 მოუგო. როგორც ოფიციალური საიტი წერს, ტანმაღალ ქართველს მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა ჩინური კლუბის მცველები. ჩვენებურმა პირველი ტაიმი ითამაშა.

აშშ-ში მყოფმა დონეცკის "შახტარმა" Florida Cup-ზე ბრაზილიური "ფლუმინენსეს" წინააღმდეგ ითამაშა. გიორგი არაბიძე 79-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, თავად მატჩი კი 1:1 დასრულდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.