სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
საქართველოდან წასული ცნობილი ფეხბურთელები უცხო ქვეყნის სამსახურში
AutoSharing Option
17:27 07-01-2016
საქართველოდან ბევრი ადამიანი წასულა, ვისაც უცხო ქვეყნის სახელით უთამაშია და ტიტულებიც მოუპოვებია. დღეს რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ...

ნაჩქარევი გადაწყვეტილება
1940 წლის 19 ივლისს ბათუმში დაბადებულმა ანზორ კავაზაშვილმა კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო (1957-59), მაგრამ სამი წლის განმავლობაში სულ 5 შეხვედრა ჩაატარა და რუსეთში წავიდა.

ბევრისთვის მისი რუსეთში გადაბარგების ისტორია უცნობია - მას გვარის გადაკეთებას სთხოვდნენ. ასე გახდა ბათუმელი ბერძენი ანზორ კავაზიდი - კავაზაშვილი. მაგრამ "დინამოს" ძირითადში თამაში რომ არ აღირსეს, მოსკოვში გადაბარგდა.

ითამაშა ლენინგრადის "ზენიტში", საიდანაც ჯერ მოსკოვის "ტორპედოში" გადავიდა (1960-68), მერე კი მოსკოვის "სპარტაკში" (1969-71) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში ლევ იაშინი ჩაანაცვლა. ტიტულებიც საკმაოდ დააგროვა: იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1965, 1969) და თასის მფლობელი (1968, 1971), 2-ჯერ დაასახელეს წლის საბჭოთა მეკარედ (1965, 1967). საბჭოეთში ასეთი აღიარება საქართველოში დაბადებულ არც ერთ მეკარეს არ ღირსებია.

კავაზაშვილმა საბჭოთა კავშირის ნაკრებში 29 მატჩი ჩაატარა, მონაწილეობდა 1966 და 1970 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებში და პირველივე ცდაზე კოლექცია მუნდიალის ბრინჯაოს მედლით გაამდიდრა.

საქართველოში მხოლოდ 1972 წელს, ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი წელი გაჩერდა და ისევ რუსეთს მიაშურა, თუმცა ამ დროისთვის ნაკრების წევრი აღარ იყო.

კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა კოსტრომის "სპარტაკს", ჩადისა და გვინეის ეროვნულ ნაკრებებსა და რუსეთის 19-წლამდელთა გუნდს.

თავად ამბობს, რომ რუსეთში წასვლა ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო:

"1959 წლის დასაწყისში სერგო კოტრიკაძე დაშავდა. მწვრთნელებმა ნდობა გამომიცხადეს და "დინამოს" კარის დაცვა მე მომანდეს. არ მინერვიულია, თავიდანვე კარგად და საიმედოდ ავთამაშდი და როდესაც სერგო მომჯობინდა, ძირითადში მაინც მე მაყენებდნენ. სამწუხაროდ, მალე ავად გავხდი, კოტრიკაძე კი კვლავ მაღალ დონეზე ათამაშდა.

ტრავმის მორჩენის შემდეგ მეც ფორმაში ჩავდექი და ვთვლიდი, რომ მე და სერგოს მონაცვლეობით უნდა გვეთამაშა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და არ მესმოდა, რომ ძირითადი მეკარე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იცვლება. ეს მწვრთნელებმა კარგად იცოდნენ, მე კი მხოლოდ პირველნომრობა მსურდა და თბილისიდან ავიბარგე.

ათწლეულების გადასახედიდან ამ ნაბიჯს მცდარად მივიჩნევ. ახალგაზრდა ვიყავი, ძარღვებში სისხლი მიდუღდა და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღე".

თუმცა ბათუმელებთან კავშირს დღემდე არ წყვეტს. კავაზაშვილის განუყრელი მეგობარი იყო ბათუმის "დინამოში" მისი ყოფილი თანაგუნდელი ბუჭა ნადარეიშვილი, რომელიც ანზორის მოსკოვურ სახლში გარდაიცვალა.

მეც ქართული სკოლიდან ვარო!..
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთელი ჰყავს - გელა კეტაშვილი. მაგრამ 1956 წელს, მელბურნის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ოქრო რომ მოიგო, იმ გუნდის წევრი აფხაზეთში გაზრდილი და სოხუმის "დინამოში" ფეხადგმული ნიკიტა სიმონიანი გახლდათ.

სომხურ ცნობარებში მითითებულია, რომ ნიკიტა სიმონიანია მათი ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი. არადა, ისტორიულ სამშობლოსთან მას მხოლოდ ის შეხება ჰქონდა, რომ "არარატის" წინააღმდეგ თამაშობდა, მერე კი სომხეთში მართლაც იმუშავა და ორგზის სწორედ "არარატის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ. ანუ სომხებს მის ფეხბურთელად აღზრდასა და ჩამოყალიბებაში არანაირი წვლილი არ შეუტანიათ.

სხვათა შორის, სომხურ "ვიკიპედიაში" მითითებულია, რომ სიმონიანი არმავირში დაიბადა, მაგრამ ნიკიტას სოხუმურ ცხოვრებაზე გაკვრითაც არაფერია ნათქვამი.

არადა, თავად ყოველთვის აღიარებდა, რომ ქართული ფეხბურთის აღზრდილია. სიომა ბარქაია იხსენებდა:

"90-იან წლებში ბრაზილიელები მოსკოვში ჩავიდნენ და რუსებმა 1965 წლის მატჩის მონაწილე ქართველებიც დაგვპატიჟეს. ვალენტინ ივანოვმა სადღეგრძელო ითხოვა და აი, რა თქვა - ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ძმებს, უკრაინელებს, რუსებს, ბელორუსებს, სომხებს და საბჭოთა ფეხბურთის მარგალიტის, ქართული ფეხბურთის სადღეგრძელო წარმოვთქვაო...

ამ სუფრაზე იყო ნიკიტა სიმონიანი, რომელიც სულ ამბობდა, რომ მოსკოვის "სპარტაკის" აღზრდილი იყო. არადა, სოხუმელი იყო და თამაშიც იქ დაიწყო... და უცებ, სადღეგრძელოს დროს წამოხტა და დაიძახა - მეც ქართული ფეხბურთის აღზრდილი ვარო".

ნიკიტა სიმონიანის პირველი მწვრთნელი სოხუმელი შოთა ლომინაძე იყო. სოხუმში 16-წლიანი ცხოვრების შემდეგ მოსკოვში გადავიდა და მოსკოვის "კრილია სოვეტოვში" ჩაირიცხა, მერე - მოსკოვის "სპარტაკში".

1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეც გახლდათ. საკავშირო ნაკრებში ჩატარებულ 20 მატჩში 10 გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის 4-გზის ჩემპიონი და 2-გზის თასის მფლობელია. საკავშირო ჩემპიონატების 285 მატჩში 142 გოლი მიითვალა და გრიგორი ფედოტოვის სახელობის "ასიანთა" კლუბშიც მოხვდა. 3-ჯერ იყო საბჭოთა კავშირის პირველობების საუკეთესო ბომბარდირი (1949, 1950, 1953), ხოლო "სპარტაკის" ისტორიაში ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელია.

სიმონიანი წვრთნიდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს, მოსკოვის "სპარტაკს", ერევნის "არარატს", ოდესის "ჩერნომორეცს". 1973 წელს "არარატს" საკავშირო ჩემპიონობა და თასი მოაპოვებინა. 2009-10 და 2015 წლებში იყო რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამჟამად კი - პირველი ვიცე-პრეზიდენტია.

რუსული წყაროები მის შესახებ წერენ, რომ არის საბჭოთა ფეხბურთელი, საქართველოს კი მხოლოდ ნეგატიური კუთხით ახსენებენ.

მოსკოვის "კრილია სოვეტოვში" პირველი თამაში მინსკის "დინამოს" წინააღმდეგ ჰქონდა. უამინდობის გამო რუსული გუნდები აფხაზეთში ხშირად თამაშობდნენ. იქ ჩასულმა ნიკიტამ შეიტყო, რომ მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა, მამამისი კი - დააპატიმრეს. ნიკიტას ვერსიის მიხედვით, ეს საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო, ნიჭიერი თავდამსხმელი თბილისის "დინამოში" რომ გადაებირებინათ.

"მაგრამ პროვოკაციამ არ იმოქმედა და სიმონიანი "კრილია სოვეტოვში" დარჩა, სადაც სამი წელი ითამაშა", - ვკითხულობთ რუსულ წყაროებში.

სინამდვილეში, ქართული წყაროებიდან და ვეტერანი ფეხბურთელებისგან ცნობილია, რომ სიმონიანს თბილისის "დინამოში" არავინ იწვევდა. ხოლო 1946 წელს საქართველოს როგორი "დამოუკიდებელი" ხელისუფლებაც ჰყავდა და იყო თუ არა მოქმედებებში ხელფეხგახსნილი (მათ შორის, ვინმეს დაკავებისას), ამაზე ლაპარაკიც სასაცილოა.

დაუჯერებლად ჟღერს, რომ ფეხბურთელს მაშინდელ A კლასში (უმაღლესი ლიგა) მყოფი თბილისის "დინამოში" იწვევდნენ და მან პირველი ლიგის უსახელო გუნდში დარჩენა ამჯობინა, სადაც ბევრად უარესი პირობები ჰქონდა.

მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელობისას (1977-79), სიმონიანი ქართველებისადმი კეთილგანწყობილი იყო და როგორც დინამოელები იხსენებენ, მის დროს წითელი ფორმა ყველაზე მეტმა ქართველმა მოირგო...

პირველი ქართველი, რომელმაც...
მამლუქების ისტორიიდან ერთ-ერთი ყველაზე უცნობი მოსკოვის "სპარტაკის" კიდევ ერთი ქართველი გახლდათ - ჯემალ სილაგაძე, პირველი ქართველი, რომელმაც ევროთასებზე გოლი გაიტანა.

1948 წლის 23 აპრილს, სოჭში დაბადებულმა სილაგაძემ მოსკოველთა ფორმა 1968-71 და 1973 წლებში მოირგო. მას "სპარტაკში" მარცხენა ფლანგის თავდამსხმელად ათამაშებდნენ.

1971 წელს, უეფას თასზე გუნდმა მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის "კოშიცე" 2:0 დაამარცხა. კარში ანზორ კავაზაშვილი იდგა, სილაგაძე თავდასხმაში თამაშობდა და 24-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. მოსკოველებმა გასვლაზე 1:2 წააგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, თუმცა 1/16-ფინალში მოსკოველებმა პორტუგალიური "სეტუბალის" ბარიერი ვერ დაძლიეს (0:0, 0:4) - კავაზაშვილი და სილაგაძე ამჯერადაც ძირითადში იყვნენ.

მოსკოვის "სპარტაკში" ჯემალ სილაგაძე გახდა სსრკ ჩემპიონი (1969), თასის მფლობელი (1971), ვერცხლისპრიზიორი (1968), ბრინჯაოსპრიზიორი (1970).

ჯემალ სილაგაძემ საქართველოში მხოლოდ 1972 წელს ერთხელ ითამაშა. ქუთაისის "ტორპედოში" ის კავაზაშვილთან ერთად ჩამოვიდა და 30 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მაგრამ კვლავ "სპარტაკში" დაბრუნდა. გულშემატკივართა დიდი სიმპათია დაიმსახურა ტექნიკური, აზრიანი თამაშით, მოედნის ხედვითა და ზუსტი გადაცემებით.

კარიერის დასრულების შემდეგ, ერთი ხანობა, მსაჯობდა. მერე მოსკოვის მწვრთნელთა უმაღლესი სკოლა დაასრულა და მწვრთნელის რანგში ბედი სმოლენსკის "ისკრას" დაუკავშირა.

ქართველებიდან მხოლოდ სლავა მეტრეველთან მეგობრობდა. რეზო ძოძუაშვილის თქმით, სოჭში გაზრდილი სილაგაძე არ ქართველობდა, ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია, მაგრამ არასოდეს დაგვლაპარაკებიაო...

იტალიელებს მისი გაშვება არ სურდათ...
"მამლუქებში" გამორჩეული ადგილი მაინც რევაზ ჭოხონელიძეს უკავია. ის არის მაგალითი, თუ როგორ შექმნა ადამიანმა საკუთარი კარიერა. ჭოხონელიძე ყოფილი საბჭოეთიდან პირველი გახლდათ, რომელიც ევროპულ ფეხბურთში დამკვიდრდა.

საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების მცველი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ზედიზედ ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი 18-წლამდელებს შორის, "დინამოს" საკუთარი სურვილით შეელია. ის საქართველოში გატარებულ პერიოდს ტკივილით იხსენებდა - თბილისის "დინამოში" სულ დაჯგუფებები იყო და ამას გავერიდეო.

მან სანკტ-პეტერბურგში დიდხანს იცხოვრა და იქ სახლი დღემდე აქვს. წერს იტალიურად, კითხულობს რუსულად და ფრანგულად, თავს კი იტალიელად მიიჩნევს.

1976 წლის სეზონი ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშა, კარიერის დასრულებას აპირებდა, როდესაც პეტერბურგის "დინამოში" მიიწვიეს, სადაც შემდეგ კაპიტანი გახდა. მერე ცნობილმა სპეციალისტმა იური მოროზოვმა "ზენიტში" გადასვლა შესთავაზა, მაგრამ "დინამოს" დატოვება არ ისურვა.

კარიერის დასრულების შემდეგ მოსკოვის მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში წელიწად-ნახევარი სწავლობდა. მან სტაჟირება იტალიაში მოითხოვა და საკუთარი სახსრებით წავიდა, საოცნებო კოვერჩანოში მოხვდა და იქ დარჩა.

როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება ისე შეიცვალა, როგორც "მისაბმელი მანქანიდან იაგუარამდე". ცხოვრება თავიდან დაიწყო, მაგრამ აიწყო: მეგობრებმა "ინტერის" ხელმძღვანელობა გააცნეს, რომლებმაც სამწლიანი კონტრაქტი და პოსტსაბჭოეთში სელექციონერობა შესთავაზეს. მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებას აგვიანებდნენ. მალე გაისმა ზარი და "მილანის" გენერალურმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ მიიწვია, კლუბის მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი აღმოსავლეთევროპელებით დაინტერესდა და ამ მიმართულების სელექციონერი სჭირდებაო.

დღემდე მის დიდ წარმატებად "მილანში" ანდრეი შევჩენკოსა და კახა კალაძის გადაყვანა ითვლება. ქართველს ბერლუსკონი თვალდახუჭული ენდობოდა და "როსონერის" შეუცვლელ ფიგურად იქცა. მაგრამ "მილანში" 13-წლიანი მუშაობის შემდეგ კიევის "დინამოში" გადავიდა და გენერალური დირექტორი გახდა. არადა, იტალიელებს მისი გაშვება არ სურდათ...

კომკავშირიდან გარიცხეს...
ცხადია, კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება. მაგალითად, რუსეთის ნაკრებისა და ცსკა-ს შემტევი ნახევარმცველი ალან ძაგოევის. ეს ოსი ბიჭუნა გურჯაანში ცხოვრობდა, მაგრამ პატარა გახლდათ, მისი ოჯახი რუსეთში რომ გადასახლდა. ისტორიამ შემოინახა ფოტო, რომელზეც წერია - ალან ზურაბის ძე ძაგოშვილი.

გურამ აჯოევი საქართველოშია დაბადებული და "ნორჩ დინამოელში" ბორის სიჭინავასთან იზრდებოდა. გამოდიოდა რუსთავის "მეტალურგში", ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოში".

სახელი მოსკოვის "დინამოში", "სპარტაკსა" და ხარკოვის "მეტალისტში" გამოსვლით გაითქვა, უთამაშია იერუსალიმის "ბეითარის", უნგრული "დიოშდიორისა" და რამენსკოეს "სატურნის" ფორმითაც. 1988 წელს "მეტალისტთან" ერთად საბჭოთა კავშირის თასი მოიგო და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მუშაობდა რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს საფეხბურთო სკოლის მწვრთნელად, 2013-15 წლებში - მოსკოვის "დინამოს" სპორტულ დირექტორად.

რევაზ გაგუას აღზრდილმა ანდრო ნინიადისმა (კიურჯიევი) კარიერა ბათუმის "დინამოში" დაიწყო, 1992 წელს საბერძნეთში გააგრძელა და პირეოსის "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელი გახდა. საბერძნეთის ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა, მათ შორის, 1999 წელს თბილისში საქართველოს წინააღმდეგ და გადამწყვეტი საგოლე გადაცემაც გააკეთა - ბერძნებმა ბოლო წუთებზე 2:1 მოიგეს. კარიერის დასრულების შემდეგ "ოლიმპიაკოსის" მენეჯერი გახდა, შემდეგ - გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველის, სერგეი შვეცოვის მშობლები ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასახლდნენ. 1976-77 წლებში მშობლიური ქალაქის გუნდში თამაშობდა. რუსეთში 1978 წელს წავიდა და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსა" (1978-80) და მოსკოვის "სპარტაკში" (1981-84) ითამაშა. დროებით საქართველოში დაბრუნებულმა სამი გუნდის ფორმა მოირგო: "ტორპედოს" (1985), ლანჩხუთის "გურიასა" (1986) და სამტრედიის "ლოკომოტივის" (1987).

საინტერესოა, რომ "ზენიტიდან" "სპარტაკში" გადასვლისთვის შვეცოვი კომკავშირიდან გარიცხეს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი არ გადასცეს და საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება ჩამოართვეს.

საბჭოეთის ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა - 1980 წელს არგენტინის წინააღმდეგ. იყო 1982 წლის მუნდიალზე გასამგზავრებელი მოთამაშეების გაფართოებულ სიაში.

ყველაზე "ქართული" 90-იანი წლების შეპეტოვკის "ტემპი" გახლდათ, მისი პრეზიდენტი კი - ჯუმბერ ნიშნიანიძე. მან მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი მიიწვია, რომლის ხელმძღვანელობითაც თამაშობდნენ: გიორგი ჩიხრაძე, მერაბ თევზაძე, ალეკო რეხვიაშვილი, კახა ალადაშვილი (რუსთაველი), იური გაბისკირია, დავით ჩალაძე, თამაზ პერტია, მამუკა ჯუღელი, ძმები ტარიელ და ავთანდილ კაპანაძეები.

ყაზახეთში მოღვაწეობს გრიგოლ ლორია, რომელიც ერთი ხანობა ყარაგანდის "შახტიორის" პრეზიდენტი გახლდათ.

უკრაინაში წარმატებით საქმიანობენ ქართველი მენეჯერები, მიშა მეტრეველი და ლევან გულორდავა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
kog1952
10:42 02-02-2016
ბაჩიაშვილი ძლიერი ფეხბურთელი იყო, და კიდევ იკვნენ ასიტაშვილები
ბესიკ დუღაშვილი
05:50 02-02-2016
ზურა წერეთელი?
დინამოდან სპარტაკში წავიდა დე მერე ფახთაქორის ტრაგედიის გამო ტაშკენტში გადავიდა სათამაშოდ..
ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო!...