ჯაბა კანკავა: არ მომწონდა ჩვენი თამაში მაშინაც კი, როცა ვიგებდით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა თბილისშია. ის სეზონის პირველ ნახევარში თითქმის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო ფრანგული "რეიმსისთვის", რომელსაც ახლა საფრანგეთის 20-გუნდიან ლიგა 1-ში მე-17 ადგილი უჭირავს.

კანკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და გულია. მის გარჯაზე დიდადაა დამოკიდებული ეროვნული გუნდის წარმატება.

რა თქმა უნდა, კანკავასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით...

- ჯაბა, როგორ შეაფასებთ სეზონის პირველ ნახევარს პირადად თქვენთვის და "რეიმსისათვის"?
- მთლიანობაში თუ ავიღებთ, საკლუბო თვალსაზრისით, ვერ ვიქნები კმაყოფილი და ეს, ისევ და ისევ, "რეიმსის" სატურნირო პოზიციის გამო. პირადად ჩემთვის,
სეზონის პირველი ნახევარი ახალ ჩემპიონატთან, ახალ გუნდთან ადაპტაციის პერიოდი იყო, რომელმაც კარგად ჩაიარა. სისტემატურად ვიყავი გუნდის ძირითადში...

- "რეიმსმა" ძალიან კარგად დაიწყო საფრანგეთის ჩემპიონატი. რა გახდა ამის შემდეგ გუნდის ჩავარდნის მიზეზი? ტრავმები ხომ არა?
- ძირითად მიზეზად მე მაინც ტრავმებს დავასახელებდი. რა თქმა უნდა, ძნელია, როცა ფეხბურთელები გაკლდებიან. კარგად დავიწყეთ და მერე ამას ჩავარდნა მოჰყვა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც იმ ჩავარდნის პერიოდში "რეიმსის" თამაშის ხარისხი ცუდი იყო. წავაგეთ რამდენიმე ისეთი მატჩი, რომელშიც არ ვიმსახურებდით მარცხს. ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. სეზონის პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები მეორე ნაწილში უნდა გამოვასწოროთ.

- როგორი გუნდია "რეიმსი"? როგორია მისი "შიდა სამზარეულო"?
- ძალიან მეგობრული გუნდია, კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ურთიერთობები გუნდის შიგნით შესანიშნავია.

- როგორი სპეციალისტია "რეიმსის" დამრიგებელი ოლივიე გეგანი? როგორ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას?
- ის მებრძოლი ადამიანია. ყოველთვის ბრძოლის ჟინითაა დამუხტული. ჩვენი გუნდიც ყოველთვის ასეთ ფეხბურთს თამაშობს.

- შეიძლება ითქვას, რომ "რეიმსთან" ადაპტაცია ბოლომდე გაიარეთ?
- კი, თავს კარგად ვგრძნობ. გეგანზე მკითხეთ და მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. ყველანაირად გვერდში მიდგას. ფრანგულ ენას კარგად რომ ვისწავლი, მერე კიდევ უფრო თავისუფლად ვიქნები.

- საინტერესოა საფრანგეთის ლიგა 1-ის თქვენეული შეფასება. როგორ პირველობას ელოდით და რა დაგხვდათ?
- საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან საინტერესო, მაღალი დონის შეჯიბრებაა. უაღრესად არაპროგნოზირებადი პირველობაა. ვერ იტყვი, ვინ ვის მოუგებს და ვინ ვისთან წააგებს. შეიძლება, რომელიმე გუნდმა 40 ქულა მოაგროვოს და მაინც გავარდეს.

- "პარი სენ ჟერმენი" და დანარჩენები - ალბათ, სწორედ ასე შეგვიძლია დავყოთ ფრანგული პირველობა. თქვენ უკვე ითამაშეთ პარიზელი ვარსკვლავების წინააღმდეგ. როგორ დაახასიათებდით მათ?
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბევრი ვარსკვლავის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ "სენ ჟერმენთან" მატჩს მაინც ახლდა განსაკუთრებული შეგრძნება. პარიზული კლუბი სხვა სამყაროა, ის ცალკეა და ცალკე არიან სხვა გუნდები.

- ამას წინათ, თქვენზე თბილი წერილი დაიბეჭდა ფრანგულ პრესაში. წერდნენ, კანკავა ისე გულიანად თამაშობს, მის მიერ მიღებულ ყვითელ ბარათებს გამართლებას ვუძებნითო...
- თავი არასოდეს დამიზოგავს მინდორზე. ეგ არის, იყო მატჩები, რომლებიც ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოვტოვე.

- საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მოვლენებით დატვირთული იყო 2015 წელი. როგორ აფასებთ მას?
- მთავარი, ალბათ, ის იყო, რომ საქართველოს ნაკრების სათავეში ახალი მთავარი მწვრთნელი მოვიდა. მოვიდა ახალი ხედვითა და იდეებით. გვქონდა კარგი თამაშები და გვქონდა ჩავარდნაც. დაიწყება ახალი სეზონი და ახალი შემართებით შევუდგებით საქმეს. უმნიშვნელოვანესი ტურნირი გველის - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.

- ჯაბა, რა მოხდა ესტონეთსა და ალბანეთთან შეხვედრებში?
- იცით, საქართველოს ნაკრებს როცა ეხება საქმე, ყველა მატჩი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მაინც არის სხვაობა ამხანაგურ და ოფიციალურ მატჩებს შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ესტონეთთან შეხვედრა ავიღოთ - დარწმუნებული ვარ, ოფიციალური მატჩის დროს გუნდი ასე არ მოდუნდებოდა პირველი გაშვებული გოლის შემდეგ... ალბანეთთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ წავიყვანეთ ანგარიში და ორი ბურთით დავწინაურდით, მაგრამ...

გულწრფელად გეტყვით, არ მომწონდა ჩვენი თამაში მაშინაც კი, როცა ვიგებდით.

- საინტერესოა, სანაკრებო მატჩებისთვის განსაკუთრებულად თუ ემზადებით ხოლმე? ფაქტია, რომ სამ-ოთხ დღეში ეროვნული გუნდის მწვრთნელი ვერ მოამზადებს ფეხბურთელს...
- განსაკუთრებული მომზადება არ მჭირდება, რადგან როცა სანაკრებო თამაშები ახლოვდება, თავისით ჩნდება განსაკუთრებული მოტივაცია. ეროვნული გუნდი ყველა ფეხბურთელისთვის მართლაც განსაკუთრებული ადგილია. ასე ვარ მეც.

- ჩვენ ცოტა ხნის წინათ ვეთამაშეთ ალბანეთის ნაკრებს. თუ იმ გუნდმა შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რატომ არ უნდა მოვახერხოთ ეს ჩვენც?
- რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ალბანეთის ნაკრებს რაც შეეხება, ჩვენ რომ ვეთამაშეთ თბილისში, ის გუნდი აღარ იყო ტირანაში. მთლიანად შეცვლილი შემადგენლობა ჰყავს. ახალი მწვრთნელია, ახალი ფეხბურთელები...

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად კარგად ვითამაშოთ. ხომ ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია კარგად თამაში, თუნდაც შოტლანდიასა და გერმანიასთან შეხვედრები ავიღოთ. აი, ეს პროცესი უნდა გადავზარდოთ სტაბილურობაში.

- რას იტყვით ჩვენს შესარჩევ ჯგუფზე?
- ძალიან თანაბარი, დაბალანსებული ჯგუფია. რა თქმა უნდა, კარგია, რომ აქ არ არის ტოპნაკრები, მაგრამ ყველა გუნდს აქვს ამბიცია. საქართველოს ნაკრები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წარმატებით ითამაშოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯაბა ნამდვილი კაპიტანია.
bebeto
17:48 27-12-2015
0
ეგ მეც მახსოვს,სამი "საუკეთესო ფეხბურთელი" უნდა დაესახელებინა კანკავას როგორც ნაკრების კაპიტანს, მაგ სეზონზე მესის და რონალდოს 50-მდე გოლი ქონდათ გატანილი და კანკავამ არცერთი არ დაასახელა,1.რუნი 2.ინიესტა და 3.აღარ მახსოვს!
GIO-s
13:28 27-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული