ისეთი ვარიანტია, რაზეც ვოცნებობდი! - ვაკო გვილიას პორტუგალიაში იწვევენ

AutoSharing Option
ვაკო გვილია, რომელმაც ზაპოროჟიეს "მეტალურგი" ნოემბერში დატოვა, სავარაუდოდ, კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს. უკრაინის მოქალქეობის მქონე ქართველმა ეს "ლელოს" თავად გაუმხილა, როცა ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით.

როგორც შევიტყვეთ, 21 წლის გვილიას ბელორუსული ფეხბურთის ლიდერი ბორისოვოს ბატე იწვევდა, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონთა (5-გზის) და ევროპის ლიგების (2-გზის) სისტემატური მონაწილეა.

"დასამალი არაა, რომ ჩემით ბატე მართლაც დაინტერესდა. რუსული, უკრაინული და პოსტსაბჭოური გუნდების მხრიდან დაინტერესების გამო მადლიერი ვარ, მაგრამ ევროპაში თამაში მსურს.

ახლა კი შემოთავაზება პორტუგალიიდან მაქვს, საიდანაც ფეხბურთელები უფრო ძლიერ ლიგებში მიჰყავთ. ცხადია, ამ
ვარიანტით დავინტერესდი.

ეს არ არის სეგუნდა ლიგის (პირველი ლიგა) "დეპორტივო ავეში", რომელიც "ლელოსთან" ადრე ვახსენე. ჩვენი საუბრის შემდეგ პრიმეირა ლიგის (უმაღლესი) გუნდი გამოჩნდა. ეს რეალური წინადადებაა და ალბათ, 90 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ პორტუგალიაში ვითამაშებ. შესაძლოა, კონტრაქტი იანვრის დასაწყისში გავაფორმო.

ეს ისეთი ვარიანტია, რაზეც ვოცნებობდი - ამ ქვეყნის ლიგა ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულია და სატრამპლინოდ მშვენიერი ვარიანტია. თუმცა, ჯერ არ ვიჩქარებ იმის თქმას, რომ ტრანსფერი გამოვიდა", - ამბობს გვილია.

ახალგაზრდა ფეხბურთელი მალე არა მხოლოდ გუნდს, მოქალაქეობასაც შეიცვლის და უკრაინის ნაცვლად, საქართველოს პასპორტს მიიღებს:

"ფეხბურთის ფედერაცია ძალიან დამეხმარა. მათ ქვეყნის პრეზიდენტთან შეიტანეს მოთხოვნა ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ და, შესაძლოა, უახლოეს დღეებში ქართული პასპორტი ავიღო".

შარშან და წლეულს გვილია უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებებზე არაერთხელ მიიწვიეს და 4 ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. ის ზაპოროჟიეს "მეტალურგშიც" დაფასდა. სწორედ ამ გუნდიდან იცნობს გვილიას ქუთაისის "ტორპედოს" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი, რომელიც თბილისში, "საბურთალოსთან" მატჩის შემდეგ ამ ფეხბურთელზე გველაპარაკა.

"ზაპოროჟიეს "მეტალურგში" მთავარი სელექციონერი და მოთამაშეების შერჩევაზე პასუხისმგებელი ვიყავი. მერე 4 თვე მწვრთნელიც გახლდით. სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა გვილია, რომელიც უკრაინაში დიდი ხანია თამაშობს.

ზაპოროჟიეს "მეტალურგში" მასთან მუშაობა მიწევდა და თამამად ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი და მიზანმიმართული პიროვნებაა. ეს მოედანზეც ვლინდება: რაიმე განსაკუთრებული ტალანტი არ გააჩნია - არც ზესისწრაფე, არც ძლიერი დარტყმა და არც საუკეთესო დრიბლინგი. მისი ნიჭი სწორედ ამაში ვლინდება - ყველა თვისებას ისე თანაბრად და რაციონალურად იყენებდა, გაოცებული ვიყავი. რაც მთავარია, ვაკო მებრძოლი ფეხბურთელია.

სხვათა შორის, როცა ზაპოროჟიეს "მეტალურგი" დაიშალა და ფეხბურთელებმა ახალი გუნდების მოძებნა დაიწყეს, ქუთაისის "ტორპედოში" ჩამოსვლა შევთავაზე. ძალიან მინდოდა, რომ ნახევარდაცვა გამეძლიერებინა. მაგრამ არ დამიმალა, რომ საქართველოს ჩემპიონატი არ აინტერესებს. მინდა, ვაკოს წარმატებები ვუსურვო", - გვითხრა შტელინმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინაა და მორიგი "ტალიანტი"
ika-s
17:21 22-12-2015
0
ვინაა ეს?
0

სიახლეები პოპულარული